11 X 11
სპორტული პორტალი

პროსტი ჰემილტონს აქებს

0 16

მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონი და ახლა “რენოს” დირექტორი ალენ პროსტი თვლის, რომ მსოფლიოს ახლანდელ ჩემპიონს ლუის ჰემილტონს აქვს შანსი მიხაელ შუმახერის რეკორდი გაიმეოროს ან სულაც გააუმჯობესოს. ამის თქმის საფუძველს ლეგენდარულ ფრანგს არა მარტო ჰემილტონის დიდი ნიჭი აძლევს, არამედ ისიც, რომ ინგლისელ მრბოლს “მერსედესში” ყველანაირი პირობა აქვს შექმნილი წარმოუდგენელი წარმატებების მისაღწევად. “ყველას ეგონა, რომ ფორმულა 1-ის ახლანდელი წესები შეუძლებელს გახდიდა ვინმეს შუმახერის მსგავსად ჩემპიონობა შვიდჯერ მოეპოვებინა, მაგრამ არ გამოვრიცხავ, მსგავსი ჰემილტონმა შეძლოს, რადგან გუნდში ყველანაირად კარგი პირობებია შექმნილი, ტექნიკური და ფსიქოლოგიური თვალსაზრისითაც. “მერსედესს ჰყავს კარგი მეორე პილოტი, რომელიც პირველს ძალიან ეხმარება და ეს მეტად სტაბილურ მდგომარეობას ქმნის. ჰემილტონს 13 წლის ასაკიდან ვიცნობ, როდესაც მან “მაკლარენთან” კონტრაქტს ხელი მოაწერა და მაშინვე მჯეროდა, რომ ის მწვერვალებს დაიპყრობდა. ბევრს ლუისი აირტონ სენას აგონებს. შეიძლება ასეცაა, მაგრამ პირადად მიმაჩნია, რომ ასეთი შედარებები უადგილოა. ხშირად მიფიქრია, შევძლებდი თუ არა ჩემპიონობას ხუან ფანხიოს დროს და იმ დასკვნამდე მივდივარ, რომ ეს უადგილოა, თუნდაც იმიტომ, რომ დიდმა არგენტინელმა ფორმულა 1-ში გამოსვლა 38 წლის ასაკში დაიწყო. ახლა წარმოგიდგენიათ ვინმე, თუნდაც ჰემილტონი, ამ ხნისა მიუჯდეს ფორმულა 1-ის ბოლიდის საჭეს? დროსთან ერთად ყველაფერი იცვლება. ფაქტი კი ისაა, რომ ლუისი დღეს კარგ გუნდშია და დიდი მრბოლია”, – დაასკვნა პროსტმა.

სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო