11 X 11
სპორტული პორტალი

ჩემდათავად ბელორუსის ნაკრებში მთამაშებლისაო…

0

 

 

მოსკოვის ცსკა-ს ბელორუსმა ნახევარმცველმა ილია შკურინმა მკაცრად გაილაშქრა მისი ქვეყნის პრეზიდენტის ალექსანდრ ლუკაშენკოს წინააღმდეგ, ვისაც საპრეზიდენტო არჩევნების გაყალბება და ამის შემდეგ დაწყებული მასობრივი საპროტესტო გამოსვლებისას მშვიდობიანი მოქალაქეების დარბევა, რამდენიმეს მკვლელობა და ათასობით ადამიანის დაპატიმრება ბრალდება.

„ბატკად“ წოდებული ლუკაშენკო 26 წელიწადია ბელორუსის სათავეში და თავისი პოლიტიკური მოწინააღმდეგების მიმართ უმკაცრესი რეპრესიებით და რუსეთის დახმარებით ინარჩუნებდა პოსტს. თუმცა, ბოლოს კრემლმა გარკვეული მოსაზრებებით მას „წყალი შეუყენა“, უფრო დამყოლი პიროვნებით მოუნდომა ჩანაცვლება, მაგრამ „ბატკამ“ ისევ დაუჩოქა მასავით მარადიულ რუსეთის ლიდერ ვლადიმერ პუტინს და ჯერჯერობით მორყეულ ტახტს ინარჩუნებს.

როგორ განვითარდება მოვლენები კი მივადევნებთ თვალს, მაგრამ ილია შკურინს მივუბრუნდეთ, ვინაც ლუკაშენკოს რეჟიმისადმი პროტესტის ნიშნად ეროვნულ ნაკრებში თამაშზე უარი განაცხადა, ხოლო ბელორუსის ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობას ლაჩრები უწოდა, რადგან ქვეყანაში გამოსვლების დაწყებისთანავე, მათ ეროვნული  ჩემპიონატის მატჩების გამართვა შეაჩერეს.

ილია ძალიან აქტიურობს სოციალურ ქსელებში და მისი პოსტების უმეტესობა ლოზუნგით „ჟივე ბელარუს!“-ით სრულდება. ორი კვირის წინ სწორედ ამ შეძახილისათვის, რომელიც ცსკა-სა და „ტამბოვის“  ნამატჩევს (მოსკოველებმა 2:1 მოიგეს და გამარჯვების გოლი შკურინმა გაიტანა) მოსკოვის პოლიციამ სტადიონზე 15 გულშემატკივარი დააკავა და მათ შეიძლება საფეხბურთო მატჩებზე დასწრება აეკრძალოთ. ამ ფაქტით აღშფოთებულმა ილიამ რუს სამართალდამცავებს რიტორიკული კითხვით მიმართა თუ როდის აქეთ გახდა დანაშაულებრივი შეძახილი „იცოცხლე ბელარუსო!“

შკურინის პოზიციის შესახებ აზრი ლიგა ევროპის შესარჩევის ნახევარფინალში საქართველოს ნაკრების მეტოქის, ბელორუსის ნაკრების მთავარ მწვრთნელს მიხაელ მარხელს ჰკითხეს და რასაკვირველია მანაც ორჭოფული პასუხი გასცა. აქაოდა შკურინი ზრდასრული ადამიანია, თავისი შეგნებული არჩევანი გააკეთა და მის გადარწმუნებას არ შევეცდებით, მაგრამ სპორტი და პოლიტიკა ერთმანეთში არ უნდა ავურიოთო.

თავის მხრივ ილია ბატონი, კახელი მიხოსა და ჩილეს კომპარტიის ლიდერის ლუის კორვალანის შესახებ ძველთაძველი ანეკდოტისა არ იყოს, თავისაზე დგას და გაიძახის, სანამ ალექსანდრ ლუკაშენკო პრეზიდენტის პოსტზე იქნება, ჩემდათავად ნაკრებში მთამაშებლისაო…

 

 

სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო