11 X 11
სპორტული პორტალი

სისწრაფეზე აწყობილი ევროპა

გერმანია - ესპანეთის გამოხმაურება...

0
იყო დრო, როდესაც საფეხბურთო გემოვნებას შედარებით ნელი და ინტელექტუალური ფეხბურთელები განსაზღვრავდნენ. მოთამაშე, 10 ნომრით, მოედანზე იდგა და მისგან დიდ აფეთქებას ველოდით. ახლა ასე აღარაა, ის წამი დაიკარგა, რასაც გენიალურ პასამდე გრძნობდი. თანამედროვე ფეხბურთში სხვა მოთხოვნებია, ეს გერმანია ესპანეთის თამაშმაც დაადასტურა. ლიოვი რომ დიდი ტაქტიკოსია, ამას ახსნა არ სჭირდება. მან კლასი ამ თამაშშიც გამოამჟღავნა. ბევრისთვის მოულოდნელად, ცენტრალურ დაცვაში მან სამი ფეხბურთელი ათამაშა: ემრე ჩანი, რუდიგერი და ზულე. გათვლა გასაგებია, მარტო დარჩენილი როდრიგოსთვის სივრცეები მაქსიმალურად უნდა შეეზღუდათ. ცენტრალურ ნახევარდაცვას არაფერი ესწავლება, იქ ტონი კროოსი და ილქაი გიუნდოგანი მოქმედებდნენ, შეტევა კი რეაქტიული იყო: ტიმო ვერნერი, იულიან დრაქსლერი და ლეროი სანე. აღსანიშნავია, რომ იოგიმ ჩემპიონთა ლიგის მომგებ ბაიერნის ფეხბურთელებს, ზულეს გარდა, დასვენების საშუალება მისცა. ესპანეთის ნაკრები თითქმის ოპტიმალური შემადგენლობით თამაშობდა. ძირითად შემადგენლობაში ფერნან ტორესი ვიხილეთ, რომელმაც ფურია როხას ფორმა პირველად მოირგო. ასევე, დებიუტი ანსუ ფატისაც ჰქონდა, რომელიც ცვლილებაზე მეორე ტაიმში შევიდა. პირველ ტაიმში ცოტა მომენტი შეიქმნა, მათ შორის ყველაზე რეალური კი როდრიგოსი იყო: ემრე ჩანის ცუდი პასის შემდეგ, ესპანელი თავდამსხმელი ტრაპთან პირისპირ დარჩა, მოატყუა, უნდა გაეტანა კიდეც, მაგრამ დარტყმა დააყოვნა და… რაც შეეხება გერმანიის მომენტს, მარჯვენა მხრიდან, ცაციათი, შორეულ კუთხეში, ლეროი სანემ დაარტყა, რომელიც, ულამაზეს ნახტომში, დავიდ დე ხეამ მოიგერია. ისეთი სეივი იყო, გოლსაც რომ ჯობს. მეორე ტაიმი ახალი დაწყებული იყო, როცა გერმანელებმა ფლანგზე ბურთი დიდებულად გაითამაშეს, საჯარიმოში ვერნერი მონახეს, რომელმაც ცივსისხლიანად ითამაშა და გაიტანა, ტიმო ისეთი იყო, როგორც ბუნდესმანშაფტის ფორვარდი უნდა თამაშობდეს. გოლის შემდეგ, გუნდები გადაეწყვნენ, ესპანეთმა ბურთი დაიჭირა, გერმანია შანსებს კონტრშეტევებზე დაელოდა. მომენტები ორივე გუნდს ჰქონდა, ანსუ ფატიმ თამაშგარედან 2 გოლიც გაიტანა… კულმინაცია შეხვედრის ბოლო წუთებზე ვიხილეთ, ფურია როხა შტურმზე გადავიდა, რამაც შედეგი ბოლო წამებზე გამოიღო, როდრიგოს პასით გაიამ გაიტანა. სეზონის სტარტზე, როდრიგო ლიდსში კი გადავიდა, თუმცა ვალენსიელია. გაია ახლაც ღამურაა. ნაღდი მესტალიური გოლი გამოვიდა. მატჩის მნიშვნელობაზე გაბრაზებული ილქაი გიუნდოგანის სახეც მეტყველებს, რომელიც მსაჯს, ორსატოს, მიუვარდა და გოლის გაუქმება თამაშგარეს მოტივით მოსთხოვა. 1:1 – ერთა ლიგა დაიწყო. გიგანტებმა დაიწყეს…  
სხვა სიახლეები
გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო