11 X 11
სპორტული პორტალი

რატომ არ არის ფრანგულ ფეხბურთში 1 დერბიც კი?! მიზეზი ჰიტლერის გერმანიაშია

0 693

ფეხბურთის ყველა თაობის გულშემატკივარი შუა ღამით, ღრმა ძილისას რომ გამოაფხიზლო და წამყვანი ევროპული ქვეყნების დერბების შესახებ ჰკითხო, თითოეული ქვეყნიდან 2-3 დუელს მაინც გაიხსენებს, თუმცა მათ შორის ფრანგული ბრძოლა არ იქნება. რატომ? ამის მიზეზი მეოცე საუკუნის და შესაძლოა, კაცობრიობის ისტორიაში ერთერთი ყველაზე საშინელი მოვლენის საცეცებია.

“1 ქალაქი – 1 გუნდი” – საფრანგეთის ლიგა 1-ში დიდი ხანია მატჩები ამ ლოზუნგის ქვეშ ტარდება. უდიდესი ისტორიის მქონე ქვეყანაში, ხშირად დერბის ერთი და იგივე რეგიონის გუნდების დაპირისპირებას უწოდებენ. მაგალითად, “ლე დერბი”, რომელის მონაწილეებიც “სენტ ეტიენი” და “ლიონი” არიან, ქალაქები კი ერთმანეთისაგან 60 კილომეტრით მოშორებით მდებარეობენ.

1989/1990 წლის სეზონი პარიზის “რასინგმა” საკმაოდ ცუდად ჩაატარა. ქვეყნის თასის ფინალში გასვლის მიუხედავად, ეროვნულ ჩემპიონატის ცხრილში ბოლოს წინა ადგილი დაიკავა. ფინანსური პრობლემების გამო “რასინგი” მესამე დივიზიონში გავარდა და იქიდან არც არასდროს დაბრუნებულა.

ერთი შეხედვით განსაკუთრებული არაფერია, ერთი რიგითი კლუბი ქვეყნის უმაღლესი ლიგიდან გავარდა. თუმცა ეს ფეხბურთისთვის უფრო მეტია, ვიდრე ერთი კლუბის მეორეთი ჩანაცვლება. ამ ფაქტმა დააყენა შემდეგი რეალობა: უკვე 30 წელია ლიგა 1-ში ტრადიციული გაგების არცერთი დერბი არ ყოფილა: საფრანგეთის უმაღლეს საფეხბურთო დივიზიონში ერთი და იმავე ქალაქის ორი გუნდი ერთმანეთს აღარ შეხვედრია.

ლიგა 1-ის ბოლო პარიზულ დერბიში “რასინგმა” პსჟ 2:1 დაამარცხა

1940 წელს საფრანგეთის სახელმწიფოს დაცემამდეც კი ქვეყანაში სპორტული ცხოვრება გაყინულ მდგომარეობაში იყო. 1939/40 წლების სეზონის ქვეყნის თასი იმ წელს ჩატარებული ყველაზე მაღალი დონის საფეხბურთო შეჯიბრი გახლდათ.

აღსანიშნავია, რომ ტურნირმა არსებობა არ შეწყვიტა და შარლ სიმონის სახელი მიენიჭა – 1915 წელს დაღუპული ადამიანის საპატივცემულოდ, რომელიც საფრანგეთის სპორტული ფედერაციის ხელმძღვანელი იყო. შეჯიბრების ფინალი 5 მაისს გაიმართა. უფრო ნათლად რომ დავინახოთ კონტექსტი, უნდა ვთქვათ, რომ 10 მაისს ნაცისტები უკვე ბელგიასა და ნიდერლანდებს იპყრობდნენ, რამდენიმე დღეში კი საფრანგეთამდეც მიაღწიეს.

მესამე რესპუბლიკამ გერმანელთა არმიას მხოლოდ 2 კვირის განმავლობაში გაუწია წინააღმდეგობა. მაისის ბოლოს ნაცისტებმა მოკავშირეთა სამხედრო შენაერთები გაანადგურეს, ბრიტანელებმა სასწრაფო ევაკუაცია გამოაცხადეს და საკუთარი ნაწილები სამშობლოში გადასხეს. ივნისში ვერმახტი უკვე პარიზში იყო და ზავიც დაიდო. ხელშეკრულების მიხედვით ჩრდილოეთი გერმანიის მიერ იქნა ოკუპირებული, აღმოსავლეთი რაიხს შეუერთდა, ხოლო სამხრეთში საფრანგეთის სახელმწიფო ჩამოყალიბდა, რომელსაც ისტორიკოსები “ვიშის რეჟიმს” უწოდებენ, რომლის დასახელებაც ქალაქ ვიშიდან მოდის.

1940 წლის 22 ივნისი, კომპიენის ზავი

მესამე რესპუბლიკის დასამარების შემდეგ ახალი საფეხბურთო ჩემპიონატი შეიქმნა: ჩრდილოეთსა და სამხრეთში ორი სხვადასხვა ტურნირი იმართებოდა, რომელსაც, ახლა, ოფიციალურ შეჯიბრებად არავინ თვლის. ერთადერთი შეჯიბრი, რომელიც ქვეყნის ყველა მხარეს აერთიანებდა, საფრანგეთის თასი გახლდათ – ის კვლავ შარლ სიმონის სახელს ატარებდა.

1940/41 წლების სეზონის თასის გათამაშებაში 236 ფრანგულმა კლუბმა მიიღო მონაწილეობა – ეს 1920-იანი წლების დასაწყისში არსებულ ოდენობაზე ცოტა იყო. ტურნირი გეოგრაფიული პრინციპით იმართებოდა: სამხრეთის უძლიერესი გუნდი ჩრდილოეთის უძლიერესს კოლექტივს ხვდებოდა. რამდენიმე წლის განავლობაში ქვეყნის საფეხბურთო პულსი შარლ სიმონის თასით იზომებოდა.

პეტენის ლიდერობით შექმნილი მთავრობის სპორტული კომისარი ჩოგბურთელი ჟან ბოროტრა გახდა, რომელსაც მეტსახელად “მუშკეტერს” ეძახდნენ. ერთეულთა თანრიგში “მუშკეტერმა” დიდი სლემის 4 გათამაშება მოიგო და ამას წყვითა შორის 8 სლემიც მიაყოლა. ჩოგბურთიდან თავისუფალ დროს ჟანი სორბორნის უნივერსიტეტში სამართალს სწავლობდა, ნავთისათვის საჭირო აღჭურვილოდ ვაჭრობდა, შემდეგ კი პარტიაშიც შეჰყო ცხვირი.

ომის წინ ბაროტრა კონსერვატორად პოზიციონერობდა და სოციალისტურ პარტიას შეუერთდა, რომლის დევიზიც გახლდათ – “კომუნიზმისა და ფაშიზმის გარეშე”. ომის დაწყების შემდეგ ჟანი არმიაში გაიხმეს, თუმცა დიჟონის ბლიცკრიგის დროს ტყვედ ჩავარდა. საფრანგეთის კაპიტულაციამდე ჩოგბურთელმა გაქცევა მოახერხა, 1940 წლის ბოლოს კი ვიშის რეჟიმთან დაიწყო თანამშრომლობა. ავტორიტეტმა და ცნობადობამ ჟანს ხელი შეუწყო ნახევარქვეყანაში არც თუ ისე ცუდი თანამდებობა მოეპოვებინა.

ჟან ბოროტრა დაკავებამდე, ანუ 1942 წლამდე უმაღლესი სპორტული კომისრის პოსტს იკავებდა

ცხადია, უმაღლესი სპორტული კომისარი თვითმყოფადი საჯარო მოხელე არ გახლდათ და ის მხოლოდ ვიშის რეჟიმის მმართველთა გამცილებელი იყო. მიუხედავად ამისა, სულ რამდენიმე თვე გახდა საჭირო და მის ხელში ქვეყნის ფეხბურთი რადიკალურად შეიცვალა.

ბოროტრას დროს გადაიხედა წესები: ახლა შეხვედრები მხოლოდ 80 წუთს გრძელდებოდა. 1940 წლის ბოლოს კი ყველა სპორტული კლუბი ავტომატურად სამოყვარულო გახდა. ვიშის რეჟიმს ერის სიჯანსაღის ზრდა სურდა და მიაჩნდათ, რომ სპორტში ყველა უნდა ყოფილიყო ჩართული და არა მხოლოდ ისინი, ვისაც ხელფასს უხდიდნენ. მოგვიანებით, ჟანის მემკვიდრე, ყოფილი მორაგბე ჟოზეფ პასკო იტყვის, რომ პროფესიონალი ფეხბურთელები არიან “უსაქმურები, რომლებიც მთელ დროს კაფეებსა და ცეკვაში ატარებენ”.

1940 წელს კლუბების მიმართ მოთხოვნები გამკაცრდა. ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ჟიულ რიმეს პროტესტის მიუხედავად საფრანგეთის თასის გათამაშებააზე გუნდების შემადგენლობაში პროფესიონალთა ლიმიტი დაწესდა – მოედანზე სულ მცირე 4 მოყვარული უნდა ყოფილიყო.

სამწუხაროდ, ერთ დროს მსოფლიო თასის 1/4-ფინალისტი გუნდისაგან არაფერი დარჩა. 1942 წლის მარტში საფრანგეთის ნაკრებმა ორი ამხანაგური მატჩი გამართა: ერთი სახლში, შვეიცარიის წინააღმდეგ, ხოლო მეორე გასვლაზე, ესპანეთში. სევილიაში საფრანგეთის ნაკრების ომამდელი შემადგენლობის მხოლოდ 4 წევრი გაემგზავრა. არ გაგიკვირდებათ, თუ გეტყვით, რომ “მამლებმა” ორივე შეხვედრა წააგეს.

ახლა კი მთავარ ცვლილებას მივადექით, რომელიც პოლიტიკურ და იდეოლოგიურ შინაარს ატარებდა. პროფესიონალური ლიგის გაუქმებასთან ერთად ქალაქებში არსებული გუნდების გაერთიანებაც დაიწყეს.

პორტის მეხანძრეების კლუბთან გაერთიანების შემდეგ “ბორდომ” საფრანგეთის თასი მოიგო

ვიშის რეჟიმმა შემდეგი რამ გათვალა: საზოგადოებაში აგრესიის დონის დაწევაა საჭიროა და ფეხბურთი ისეთი ძალა უნდა იყოს, რომელიც ერს გააერთიანებს, ამიტომ გულშემატკივართა შორის არსებული ნებისმიერი კონფლიქტი მიუღებელი და საზიანოა. რეფორმა არა მხოლოდ სამხრეთ საფრანგეთს შეეხო, არამედ გერმანელების მიერ ოკუპირებულ ტერიტორეიებსაც კი. დაძაბულობის შემცირებით ნაცისტური გერმანიაც იყო დაინტერესებული.

რაღაც ამის მსგავსი 1920-იანი წლების იტალიაშიც ხდებოდა. იქ, მუსოლინის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ გუნდები სხვა კლუბების ხარჯზე გაძლიერდნენ. ყველაზე ნათელი მაგალითი “რომა” გახლავთ, რომელიც 3 კლუბის ბაზაზე შეიქმნა. ასეთმა საფეხბურთო მოწყობამ შექმნა მთავარი რომაული დერბი: ითვლება, რომ “ლაციო” გაერთიანების ამ პროცესს არ შეუერთდა და წინააღმდეგობაც აქიდან დაიწყო.

საფრანგეთში ერის მჭიდროდ შეკავშირების სურვილი ეკონომიკური პრობლემების გამო ეჭვქეშ დადგა. კლუბებს პროფესიონალური სტატუსი ჩამოერთვათ და მათი ნაციონალიზაცია მოხდა. ცხადია, ამ შემთხვევაში მათი დაფინანსებაც საჭირო იყო, ბიუჯეტის ოპტიმიზაციისათვის კი კლუბების “მასობრივი შემცირებები” დაიწყო.

არსებობა შეწყვეტილ გუნდებს შორის იყო ლილის “ფევი”. ომამდე კლუბმა საფრანგეთის ჩემპიონატში ვერცხლის მედლები მოიპოვა, 1941 წელს კი თასის ფინალშიც გავიდა. “ფევის” პრინციპული მეტოქე კი ადგილობრივი “ოლიმპიკი” იყო, საერთო ჯამში კი ამ ორი გუნდის გაერთიანებით მივიღეთ ერთი კლუბი, სახელად “ლილი”, რომელიც ახლაც წამყვანი პოზიციებისთვის იბრძვის.

ომამდე ლილის დერბი ფრანგული ფეხბურთის ერთერთი უმნიშვნელოვანესი მოვლენა იყო

მსგავსი რამ მოხდა “სოშოსა” და “ვალენტინეს” შემთხვევაშიც. სტაჟიანი მეტოქეების ნანგრევებზე 1942 წელს ახალი გუნდი შექმნეს. “სოშო” კომპანია “პეჟოს” მიერ იყო ჩამოყალიბებული, რომელიც 1920-იან წლებში უფრო ძველი და სახელოვანი “ვალენტინეს” ალტერნატივის შექმნას ცდილობდა. გუნდებს შორის ისეთი დონის დაპირისპირება იყო, რომ გაერთიანებული გუნდი ომის დასრულებისთანავე დაიშალა.

“ბორდოს” ლოგო დიდი ხნის განმავლობაში ინახავდა აკვიტანიის ორი გუნდის სიმბოლოებს. კლუბის სტრუქტურაში შეიჭრა “პორტი”, რომელშიც მეხანძრეთა შორის მოყვარული ფეხბურთელები თამაშობდნენ. ამ გაერთიანების საპატივცემულოდ “ბორდოს” ლოგოზე ღუზაც კი იყო დატანებული. თუმცა, კლუბის სიმბოლოებზე საზღვაო ატრიბუტები 70-იან წლებში გაქრა.

“ბორდოს” ძველი და ახალი ლოგო

საინტერესოა ის, რომ მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგაც კი ტენდენცია შენარჩუნდა, მიუხედავად იმისა, რომ ერის გაერთიანების იდეა მოკვდა. წინა პლანზე კლუბების სიცოცხლისუნარიანობა წამოვდა, სწორედ ამიტომ, მაგალითად 1945 წელს ქალაქ რუბეს 3 გუნდი გააერთიანეს: “ექსელსიორი”, “რუბე” და “ტურკუენი”.

1948 წელს ორი სეზონით პარიზული კლუბები: “რედ სტარი” და “სტად ფრანსე” გაერთიანდნენ. 1950 წელს გრენობლში გამორჩნდა ახალი გუნდი, სახელად “ნორკაპი”, რომელმაც ორი კლუბი: “ნორდესტი” და “კაპუში” შეითვისა. პსჟ-ს ისტორიაც კი ასეთია, მართალია ის ცოტა მოგვიანებით მოხდა, მაგრამ მაინც: 1970 წელს “პარიზი” და “სენ ჟერმენი” გაერთიანდნენ.

კლუბთა შერწყმამ ფრანგულ ფეხბურთს დიდი ესთეტიკა და ხიბლი დააკარგვინა: მას შემდეგ საფრანგეთის ლიგებში დერბი თითქმის აღარ გვხვდება. შესაძლოა, ეს ერთერთი მიზეზიც გახლავთ, რატომაც ლიგა 1 არც ისე სანახაობრივ ჩემპიონატად ითვლება.

ნათარგმნია Sports-იდან

სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო