11 X 11
სპორტული პორტალი

რუსთა ვაება მათ დინამოსა ზედა

0 10

 პირდაპირ შოკში ჩააგდო ევროპა ლიგაზე თბილისის „ლოკომოტივის“ მიერ მოსკოვის „დინამოს“ დამარცხებამ და  სათვალავი არ აქვს, რბილად რომ ვთქვათ, რუსების აღშფოთებულ კომენტარებს. ნიშანდობლივია, რომ თბილისელთა გამარჯვებას თითქმის არავინ მიიჩნევს შემთხვევითობად და არც დაუმსახურებელს უწოდებს მას, თუმცა საქებარი სიტყვაც არავის დასცდენია. გაგაცნობთ რამდენიმე საფეხბურთო სპეციალისტისა და ცნობილი გულშემატკივართა კომენტარარებს.

ლევ ლეშენკო (რუს-საბჭოთა მომღერალი): 60 წელია „დინამოს“ ვგულშემატკივრობ და ასეთი სირცხვილი არასოდეს გვიჭამია. წავაგეთ მოხუცების გუნდთან, თანაც მოყვარულებთან, რომლებიც შეიძლება დილას სადმე რაიმესაც ყიდდნენ (sic!) . ამიერიდან სტადიონზე მიმსვლელი აღარ ვარ.

დენის კოლოდინი (მოსკოვის „დინამოსა“ და რუსეთის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი): „დინამოს“ ვაფრთხილებდი, რომ იოლი თამაში არ ექნებოდათ და შანსები თანაბარი იყო. ამ მატჩმა აჩვენა თუ რა დაბალ დონეზეა რუსეთის ჩემპიონატი, სადაც მხოლოდ „ზენიტია“ ევროპული დონის გუნდი.

იოვან ტანასევიჩი (მოსკოვის „დინამოს“ ყოფილი ფეხბურთელი): ვერ ვიტყვი, რომჩვენებმა არ იბრძოლეს. ცუდად ნამდვილად არ უთამაშიათ, მაგრამ ხელსაყრელი მომენტები ვერ გამოიყენეს და თუ რატომ, ამას გარკვევა უნდა. თითოეულ ფეხბურთელთან ძალიან მკაცრად არის სალაპარაკო.

სერგეი კირიაკოვი (რუსეთის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი): სირცხვილი, ესაა ყველაზე რბილი სიტყვა, რაც თავსი მომდის. მე პატივს ვცემ ქართულ ფეხბურთს, მაგრამ ეს დამარცხება აუტანელია. მინდა მაგარ-მაგარი სიტყვებიტ შევამკო „დინამო“, მაგრამ ზრდილობა არ მაძლევს ამის უფლებას.

სერგეი გუბერნიევი (სპორტული კომენტატორი): მე საპატიო „დინამოელი“ ვარ. ვატარებ მოწმობას, რომელზეც ფელიქს ძერჟინსკის (საჭოთა პოლიტიკური პოლიციის, ე.წ. ჩეკას შემქმნელი, სისხლიანი ჯალათი-რედ.) პროფილია გამოკვეთილი და ცხოვრების სტიმულს ამ კაცის სურათის დანახვა მმატებს. ირონიის გარეშე ვამბობ, ყოველმა „დინამოელმა“ ახლა ძერჟინსკის უნდა ჩახედოს თვალებში.

იგორ ლებედევი (რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს წევრი): ბევრი არგუმენტი შეიძლება მოვიყვანოთ მომხდარის გასამართლებლად, დაწყებული პოლიტიკური სიტუაციიდან, მოედნის ხარისხით დამთავრებული. ღმერთმა არ ქნას თბილისის „ლოკომოტივი“ ჯგუფურ ეტაპზე გავიდეს და ასეთ მოედანზე ათამაშონ სტუმარი გუნდები (ამან არ იცის თუ არ უნდა იცოდეს, რომ თბილისში ნორმალური საფეხბურთო მოედნებიც არის -რედ.). ნეტავ უეფა რას უყურებს. ამ წაგებამ კიდევ ერთხელ გამოაჩინა, რომ პრობლემები თავად ჩვენს ფეხბურთშია და რომ თევზი თავიდან ყროლდება.

ალექსანდრ მოსტოვოი (რუსეთის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი): საშინლად გაწბილებული და შეურაცხყოფილი ვარ. მომხდარის დაჯერებაც არ მინდა. გუნდმა 60 მილიონი დახარჯა და თბილისი „ლოკომოტივთან“ აგებს. ვინ იცის ამ გუნდის არსებობა? ვინმეს რომ უთხრა თბილისელებთან წააგესო, „დინამოზე“ იფიქრებენ, ცნობილი გუნდია და იმიტომ. მაინტერესებს „ლოკომოტივის“ სტატისტიკა, ვნახო ვინ თამაშობს ამ გუნდში. ისინი დღეს გმირები არიან. მოსკოვის „დინამო“ კი ერთიანი საშინელებაა. კირილ ნოვიკოვს უჯობს ახლავე გადადგეს.

მგონი საკმარისია რუსთა რეაქციის საჩვენებლად. აი, რიგით გულშემატკივართა რეაქციაც ზუსტად ასეთია, ოღონდ ნამეტურ სკაბრეზულად გადმოცემული, რომელიც საჯაროდ არ შეიძლება დაწერილ იქნას.

 

 

 

სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო