11 X 11
სპორტული პორტალი

გაიცანით ნამდვილი ბებერი ლომი – ის 43 წლისაა და ლიგა 1-ის ერთერთი ლიდერის შეუცვლელი წევრია

0 3, 742

როგორი რთულია, როდესაც რაღაცის გაკეთება გსურს, ამით ცოცხლობ, გული გულობს, მაგრამ ასაკს თავისი მიაქვს, თანაც ისე, არაფერს რომ გეკითხება? ფეხბურთს ასეთი მამაცი გულები ჰყავს, არაფერს ეპუებიან და იბრძვიან. ქარის წისქვილებთან ბრძოლა ან წვიმაში ყვავილების მორწყვაა დასაფასებელი და ამ ხალხის პატივისცემა როგორ არ გვქონდეს? ექიმებმაც ამ ჟამთასვლას ჯერ ვერ უწამლეს.

აგერ, ზლატან იბრაჰიმოვიჩი 3 ოქტომბერს 39 წლის გახდება და მილანთან ხელი ახალ კონტრაქტს მოაწერა. ეგებ, ახალგაზრდა რომ იყოს, ძველი დიდებისგან დარჩენილ ნარჩენებში თამაში არც ეკადრა, ბოლოს და ბოლოს, სერია ბ-ში იუვენტუსსაც არ ჩაჰყვა, მაგრამ ჩემპიონთა ლიგის ზონისთვის ბრძოლა ამ ასაკშიც შეუძლია. ეგებ, მას რომ ვკითხოთ, შეიძლება მიზნად ჩემპიონთა თასიც აქვს დასახული.

სერია ა-ში ის ერთადერთი “მოხუცი” არ არის, ჯიჯი ბუფონი იუვენტუსის სათადარიგო მეკარე გახდა, მაგრამ ფეხბურთიდან მაინც არ მიდის. რეზერვისტობას უნდა დასჯერდეს, 42 წლისაა, აგერ, ასტორის წინააღმდეგ ფეხბურთი უთამაშია და მის დაკრძალვაზეცაა ნამყოფი, მაგრამ აქტიურ სპორტში რომ არის, ეს უკვე დასაფასებელია.

მათ შესახებ ყველამ იცის, მაგრამ ვიტორინო ილტონი თუ გაგიგიათ? მონპელიეს ცენტრალური მცველი. ასაკი? – 43 წლის… უბრალოდ კი არ ირიცხება, ძირითადშიც დგას. ეგ კი არა, წინა ტურში, ლიონთან შეხვედრაში, 81-ე წუთზე, უხეშობის გამო მოედნიდან მიაბრძანეს.

საფრანგეთის დივიზიონში, ბოლო 64 წელია, მასზე ხნიერ ფეხბურთელს არ უთამაშია. აღსანიშნავია, რომ მარსელში თამაშისა და ცხოვრების დროს თავს 5 მძარცველი დაესხა. საწოლზე დააბეს, აწამეს, მაგრამ მაინც ფეზე დადგა. ბრაზილიაში უნდოდა დაბრუნება, მაგრამ სტრესი ოჯახთან ერთად გადაიტანა და არაფერს დანებდა.

რამდენიმე საინტერესო ფაქტიც მის შესახებ:

* ლიგა 1-ის ბოლო 8 სეზონში 229 მატჩი ჩაატარა, სათადარიგოთა შორის მხოლოდ 7-ჯერ მოხვდა და 7-ჯერ შეცვალეს.

* ის ყველაზე მხცოვანია, ვინც ტოპ 5 ჩემპიონატში თამაშობს.

* 10 წლით უფროსია, ვიდრე ლაიფციგის მთავარი მწვრთნელი, იულიან ნაგელსმანი.

* კარიერა მაშინ დაიწყო, როდესაც მარადონას (ახლა 60 წლისაა) ჯერ კიდევ დასრულებული არ ჰქონდა.

* რაულმა, დეკომ და ჯანლუკა ძამბროტამ გახსოვთ კარიერა როდის დაასრულეს? მათზე 1 წლით დიდია…

* მბაპეს, ჰოლანის, გრინვუდის და ლაუტარო მარტინესის მამების ტოლია…

ილტონსა და მონპელიეს კონტრაქტი კიდევ 1 წლით აკავშირებთ. გააგრძელებენ ერთად ყოფნას? ჯერ უცნობია, თუმცა ახლა, 43 წლის ასაკში ის შუა ცეცხლში ტრიალებს. მონპელიეს საქმე ისე ცუდადაც არ აქვს, ერთი ახალგაზრდა ცენტრალური მცველის ყიდვე რომ ვერ შეძლოს. თუმცა, რა საჭიროა?!

ჩვენ ისღა დაგვრჩენია, ჯანმრთელობა ვუსურვოთ. ტრავმების გარეშე, იმედია ფეხბურთის თამაშს კიდევ 1-2 წელი მაინც შეძლებს.

აი, ძმაო, ფეხბურთელიც ასეთი უნდა../

 

სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო