11 X 11
სპორტული პორტალი

ბუნდესმანშაფტის ყველა დროის ხუთეული – მოედანზე ტანკია…

0
გერმანიის ნაკრები ევროპაში ყველაზე ტიტულოვანია, თუმცა, როდესაც ინდივიდუალისტებს იხსენებენ, პირველი ამ ნაციის შვილები არ ახსენდებათ. ნებისმიერი ავტორიტეტული გამოკითხვით, ბეკენბაუერი ყველა დროის ტოპ 10 ფეხბურთელშია, თუმცა, ვიცით, რომ მცველებს გულშემატკივრებისგან ნაკლები დაფასება აქვთ. გადავხედოთ გერმანიის საუკეთესო ხუთეულს ფრანც ანტონ ბეკენბაუერი კაიზერი ფრანცს იმიტომ არ შეარქვეს რომ დიადი ფეხბურთელი იყო, ეს ამბავი ფოტოს უკავშირდება: 1968 წელს, ბაიერნი სათამაშოდ ვენაში ჩავიდა, როცა ბეკენბაუერმა ფოტო ავსტრიის იმპერატორის – ფრანც ჯოზეფ პირველის ბიუსტთან გადაიღო. მედიას მეტი რა უნდოდა? მაშინვე აიტაცა და მას ფეხბურთის კაიზერი შეარქვა. ბეკენბაუერი მაშინ ისეთი დიდი არ იყო, შემდეგ რომ გახდა. ადამიანს წინასწარ შერქმეული სახელი ასე გაემართლებინოს, შესაძლოა მსოფლიოში ანალოგი არ ჰქონდეს. მისი დახასიათება მაინც გვიწევს? ერთერთი ყველაზე ტექნიკური მცველი, რომელსაც გუნდზე/ნაკრებზე უდიდესი გავლენა ჰქონდა. მიუნხენის ბაიერნი დღეს ამხელა გრანდი რომ არის, მისი დამსახურებაა. ფრანცის გოლები და ტიტულები აღფრთოვანებას იწვევს – მოიგო ყველაფერი, რისი მოგებაც შეეძლო. იტალიასთან შეხვედრა გემახსოვრებათ, საუკუნის მატჩადაა მიჩნეული, სადაც მოტეხილი ხელით ითამაშა. 1974 წელს, მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში, თავად კრუიფის ნიდერლანდები დაამარცხა. ის ერთადერთი მცველია, ვისაც ოქროს ბურთი ორჯერ აქვს მოგებული. გერთჰარდ “გერდ” მიულერი გერმანელი ერი მას ნაციის ბომბდამშენს უწოდებს. ზედგამოჭრილი მეტსახელია. ნაკრებში იმაზე მეტი გოლი გაიტანა, ვიდრე შეხვედრა ჩაატარა – 62 თამაშში 68 გოლი. ბაიერნში თამაშზე მეტი გოლი არ აქვს, მაგრამ მისი შედეგიანობა აქაც განსაცვიფრებელია – 427 შეხვედრა და 365-ჯერ აღებული მეტოქის კარი. გერმანიის ნაკრების ლეგენდარული მეკარე, ზეპ მაიერი იხსენებს, რომ სიცილისგან კინაღამ ცუდად გახდა, როდესაც პირველად მიულერი დაინახა. გერდი არც ისე მაღალი, მრგვალი აღნაგობის ფეხბურთელი იყო. ზეპმა სიცილი მიულერის თამაშში ნახვიდან 15 წუთში შეწყვიტა. მიულერს ოქროს ბურთი, რა თქმა უნდა, მოგებული აქვს. კარლ-ჰაინც რუმენიგე ყველა დროის ერთერთი უდიდესი ფორვარდი. როცა საფრანგეთი გერმანიას ორი ბურთის უპირატესობით უგებს, შამპანურის გახსნას არ ჩქარობენ, რადგან კალე ახსოვთ. 1982 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში, დამატებით დროში, საფრანგეთი გერმანიას სწორედ ამდენი ბურთით აღემატებოდა, როდესაც მოედანზე სიცხიანი რუმენიგე გამოჩნდა. ძირითადი დრო 3:3 მორჩა, პენალტების სერიაში კი დასავლეთ გერმანიამ მოიგო. კალემ დიდებული გოლი გაიტანა. მსოფლიო ჩემპიონატის გარდა, მან ყველა ტიტული მოიგო. აქაც ახლოს იყო, ვახსენეთ, ფინალი ითამაშა. ოქროს ბურთი მოგებული ორჯერ აქვს.   ლოთარ მათეუსი   2006 წელს, მარადონამ თქვა, რომ მათეუსი ყველაზე რთული ოპონენტია, ვის წინააღმდეგაც უთამაშია. მან ფეხბურთის თამაში ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო, როდესაც კრუიფი, ბესტი და ბობი მური თამაშობდნენ, ხოლო მაშინ დაამთავრა, როდესაც მოედანზე ანრი, ფიგუ და ზიდანი გამოჩნდნენ. ამ ხანგრძლივი კარიერის განმავლობაში, მაინცდამაინც ერთი თამაშის გახსენება თუ მოგვიწევს, ეს 1990 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალია. მათეუსი მარადონას ყველგან დასდევდა და არგენტინელმა ღმერთმა ბევრი ვერაფერი რომ ვერ გაახერხა, სწორედ ლოთარის დამსახურებაა. ის გუნდის ნამდვილი ლიდერი იყო. ჩემპიონთა ლიგის გარდა, ყველა მნიშვნელოვანი ტიტული მოიგო, რაც კი ითამაშა. სწორედ ლიდერული და მებრძოლი ხასიათის გამო, მას კონფლიქტი კიდევ ერთ ასეთ ფეხბურთელთან – შტეფან ეფენბერგთან ჰქონდა. გაბრაზებულმა ეფემ, თავის წიგნში მათეუსს თავი მიუძღვნა “რა იცის მათეუსმა ფეხბურთის შესახებ?” – ფურცელი ცარიელია… ლოთარმა ლიბეროს პოზიცია ფაქტობრივად ახლიდან გამოიგონა და ოქროს ბურთიც მოიგო… მანუელ ნოიერი კალე რუმენიგემ თქვა: “ვითამაშე ზეპ მაიერთან ერთად, ვნახე კანის თამაში, ორივე ექსტრა კლასის მეკარეა, თუმცა მანუელ ნოიერი სხვა პლანეტიდანაა“. რატომ არის ნოიერი გამორჩეული? იმის გარდა, რომ კარის ხაზზე ბრწყინვალედ თამაშობს, გამოსვლებზე მაგარია, გუნდის უდავო ლიდერი და ქარიზმატული პიროვნებაა, მოიგო მსოფლიო ჩემპიონატი და ჩემპიონთა ლიგა (2-ჯერ), კლუბის და ნაკრების კაპიტანია, მან თანამედროვე მეკარის სტანდარტი შექმნა და მემკვიდრეების მთელი არმია გამოუჩნდა. ბევრი მეკარე ვიცით, ფეხით მშვენივრად რომ თამაშობდნენ, მაგრამ მანუმ Sweeper-Keeper-ის პოზიცია შექმნა, ფაქტობრივად, ლიბერო გახდა, რომელიც ფეხით ისევე თამაშობს, როგორც ცენტრალური მცველები. ეს გულშემატკივარის შთაბეჭდილება არ არის, ციფრები ამტკიცებს. ეს, განსაკუთრებით კარგად, 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე გამოჩნდა, სადაც, ალჟირის ნაკრების წინააღმდეგ, მანუმ ამ სტილით გერმანია აშკარა საგოლე მომენტებისგან იხსნა. სავარაუდოდ, ის მსოფლიოს საუკეთესო მეკარე მეხუთედაც გახდება (ბრწყინვალე თამაშის ფონზე, ტრებლი მოიგო), რითაც კიდევ ერთ ლეგენდარულ მეკარეს, იკერ კასილასს გაუთანაბრდება. ეს რეკორდია. განსხვავება კი ის არის, რომ ნოიერი თამაშს აგრძელებს, 34 წლისაა და მსოფლიოში დღესაც ნომერ პირველია…  
სხვა სიახლეები
გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო