11 X 11
სპორტული პორტალი

ბაიერნმა სუპერთასიც მოიგო

0

ბუდაპეშტში, „ფერენც პუშკაშზე“ უეფას სუპერთასზე ერთმანეთს ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული მიუნხენის „ბაიერნი“ ევროპა ლიგის ლამის მუდმივ მომგებ „სევილიას“ შეეტოქა. ყველაფრის გათვალისწინებით ფავორიტად გერმანელები ითვლებოდნენ, მაგრამ ესპანელები იმუქრებოდნენ, მაგათ არაფერს დავუთმობთო და მართლაც ასე მოხდა.

თამაში ორმხრივი იერიშებით დაიწყო და მალე პირველი გოლიც გავიდა. დავიდ ალაბა საკუთარ საჯარიმოში უხეშად გაისარჯა, რაკიტიჩს უბიძგა, თავად ყვითელი ბარათითა  და „ბაიერნი“ მასთან ერთად პენალტით დაისაჯა, რომელიც ლუკას ოკამპოსმა გაიტანა. მიუნხენელები ანგარიშის გასათანაბრებლად დაიძრნენ, ბევრიც უტიეს და საწადელს 34-ე წუთზე მიაღწიეს, როდესაც ლეონ გორეცკამ ულამაზესი კომბინაციის შემდეგ ზუსტად დაარტყა და ბონო უძლური აღმოჩნდა. ტაიმიც ასე დასრულდა.

მეორე ნახევარში ტერიტორიული უპირატესობა „ბაიერნს“ ეპყრა, თუმცა „სევილიას“ კონტშეტევები არანაკლებ საშიშნი იყვნენ. აღსანიშნავია, რომ ორივე გუნდის მეკარე საიმედოდ იდგნენ. ასე თვალსასეირო თამაშში დასრულდა კიდეც ძირითადი დრო და ოვერტაიმში გადავიდა.

მოედანზე დიდი არაფერი შეცვლილა იქამდე, ვიდრე ბონომ 104-ე წუთზე ერთადერთი შეცდომა არ დაუშვა. „სევილიას“ მეკარემ ბურთი უხერხულად, წინ მოიგერია და „ბაიერნიდან“ უკვე გადასულმა ხავი მარტინესმა თავურით თავისიანები დააწინაურა.

“სევილია” კი შეეცადა გათანაბრებას, მაგრამ არაფერი გამოუვიდა. 120-ე წუთზე სულაც მესამე გოლი უნდა გაეშვა, მაგრამ რობერტ ლევანდოვსკიმ ისეთი ხელსაყრელი მომენტი ვერ გამოიყენა, რომ თავადაც სიცილი აუტყდა.

ასე და ამრიგად “რეკორდმაისტერმა” დამსახურებულად გაიმარჯვა და სუპერთასიც დაისაკუთრა.

სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო