11 X 11
სპორტული პორტალი

„არშემდგარი მაფიოზის” ისტორია: ფეხბურთი, ჭამა, ქალები, ჩხუბი და სხვა [VIDEO]

0 5, 676

ანტონიო კასანო, რომელსაც ორიოდე თვის წინ 38 წელი შეუსრულდა, იტალიური და მსოფლიო ფეხბურთის ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი, მაგრამ უცნაური და სკანდალური ფეხბურთელი გახლდათ. მას შეეძლო უმკაცრესი და ავტორიტარული მწვრთნელის ფაბიო კაპელოსათვის მძ..ერი პირში ეწოდებინა, იმდენი ეჭამა, რომ საჭირო წონაზე მთელი10 კილოგრამით მეტი ყოფილიყო და მაინც კარგად ეთამაშა, დამთვრალიყო, მოეწია, ყოველ ღამე რამდენიმე ქალი გამოეცვალა… ამიტომ 30 წლის ასაკში გულის დაავადება განუვითარდა და მხოლოდ რთული ქირურგიული ჩარევის შედეგად გადარჩა.

კასანო სამხრეთ იტალიაში, ქ. ბარიში, მეტად ღარიბ ოჯახში დაიბადა, ამავე სახელის მქონე კლუბში დაიწყო პროფესიული კარიერა და 19 წლისა, თინეიჯერისათვის სარეკორდო თანხად, 28.5 მილიონ ევროდ „რომაში“ გადავიდა.

 

2001 და 2003 წლებში სერია A-საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად აღიარეს და იმ პერიოდიდანვე ყველასთვის აშკარა გახდა, როგორც საკუთარ თავს ეძახდა, „შეუმდგარი მაფიოზის“ მყრალი ხასიათი. თვით ფაბიო კაპელოსაც კი, თუ შენიშვნას მისცემდა, ორ შაურად დედ-მამის სულს ამოუტრიალებდა და წარმოიდგინეთ, სხვებს რაღას უზამდა? განსაკუთრებით მსაჯებს ემტერებოდა და არც ისინი აკლებდნენ ყვითელ-წითელი ბარათებს.

„რომაში“ კაპელოს შემცვლელმა ლუიჯი დელ ნერიმ კასანო თავიდან მოიცილა, მეორე გუნდში უკრა თავი, მაგრამ მალევე მოხსნეს და ახალმა თავკაცმა ბრუნო კონტიმ „შეიწყალა, ხოლო როდესაც ჯალობლუს ლუჩანო სპალეტი ჩაუყენეს სათავეში, კასანო მთლად თავის ნებაზე ირჯებოდა. იგი იმდენად კარგად თამაშობდა, რომ ლამის ყველაფერზე თვალს უხუჭავდნენ. ანტონიო თვით „რომის იმპერატორად“ წოდებულ ფრანჩესკო ტოტისაც კი ფეხებზე იკიდებდა, რამდენიმეჯერ იჩხუბეს კიდეც და ბოლოს „მგლების“ შეფებმა მისი თავიდან მოცილება გადაწყვიტეს და სულ რაღაც 5 მილიონად „რეალს“ შესთავაზეს.

მადრიდში მთლად აიშვა, ჭამა და სექსის გარდა აღარაფერი ახსოვდა, არც ვარჯიშით იკლავდა თავს, თუმცა რიგ მატჩებში ისე ითამაშებდა, რომ ყველას იმედი ეძლეოდა, ალბათ „მოჭკვიანდება“ და მერე რაღა გვიჭირსო. ეს მოლოდინი კიდევ უფრო რეალური ეჩვენათ, როდესაც 2006 წელს სამეფო გუნდს სათავეში ფაბიო კაპელო ჩაუყენეს. ეს ყველას გაუხარდა, მაგრამ ანტონიოს კი გულს შემოეყარა და მწვრთნელის აბუჩად აგდებაც კი დაიწყო. სამწვრთნელო მეთოდებს უწუნებდა, უცოდინარს ეძახდა, აგინებდა… ერთხელაც დონ ფაბიომ ვარჯიშზე დაგვიანებისათვის უკანასკნელი გაფრთხილება მისცა და მეორე დღეს, როდესაც გუნდი „ვალდებებასის“ საწვრთნელ მოედანზე სავარჯიშოდ მოემზადა, ბაზაზე მანქანით კასანო შევარდა, გეზი პირდაპირ მოედნის ცენტრში მდგარი მთავარი მწვრთნელისაკენ აიღო, თითქოს უნდა დაეჯახოსო, მაგრამ ზედ ფეხებთან დაუმუხრუჭა, მანქანიდან გადმოხტა და კაპელოს დაეღრიჯა – ხომ ხედავთ სენიორ, არ დავაგვიანეო. იმ სეზონში ანტონიომ 29 მატჩში მიიღო მონაწილეობა, სულ 3 გოლი გაიტანა და „სამპდორიაში“ გაუშვეს, თუმცა ესპანეთის ჩემპიონის ტიტული კი ერგო.

კასანო მიხვდა, რომ შეიძლება ფუფუნებით ცხოვრების საშუალება მოსპობოდა და თავიდან გენუაში კარგად იქცეოდა, შედეგიანადაც თამაშობდა, მაგრამ დიდხანს ვეღარ გაუძლო თვითშეზღუდვას და კლუბის პრეზიდენტს რიკარდო გარონეს ლამის წიხლებით შესდგა. ამის გამო შეიძლება სამუდამო დისკვალიფიკაციით დაესაჯათ, მაგრამ იტალიის სპორტულმა არბიტრაჟმა გულმოწყალება გამოიჩინა და მხოლოდ ფინანსური ჯარიმა აკმარეს.

კასანო „ინტერში“ გადავიდა და მართლაც ნორმალურად იქცეოდა, მოიგო იტალიის ჩემპიონობა, ქვეყნის სუპერთასი (40 მატჩში 8 გოლი გაიტანა და 16 საგოლე პასი გააკეთა), მაგრამ მერე აურია. ეჩხუბა ზლატან იბრაჰიმოვიჩს და ანდრეა სტრამაჩიონის. იბრასაც კი არაფერი დაუთმო, მაგ შენს ტაეკვანდოს თუ კარატეს უკან შეგთხრი და ისე დაგჟეჟავ  პატრონმაც ვეღარ გიცნოსო.

 

 

სწორედ მილანში ყოფნისას იჩინა თავი ვერაგმა დაავადებამ და ამის შემდეგ მისი კარიერა მკვეთრად დაღმა დაეშვა.

შემდეგ იყო „პარმა“, ისევ „სამპდორია“, ბოლოს „ვერონა“ და არ უნდოდა, მაგრამ ბუცების ლურსმანზე დაკიდება მოუხდა.

 

 

რაც შეეხება ნაკრებს, 2003 წელს წარმატებული დებიუტის შემდეგ, მონაწილეობა მიიღო ევრო 2004-ში, მაგრამ 2006 წლის მუნდიალის წინ სკუადრა აძურადან მოკვეთეს. მართალია, ევრო 2008-სთვის კი დააბრუნეს, მაგრამ თავი ვერაფრით გამოიჩინა და ვერც 2012 წლის ევროპის პირველობაზე ივარგა. ნაკრებში კასანომ 39 მატჩის ჩატარება მაინც მოასწრო და 10 გოლის გატანა მოახერხა.

კარიერის დასრულების შემდეგ ანტონიო სხვადასხვა შოუებში მონაწილეობდა, საფეხბურთო ექსპერტობაც შეითავსა, იძლეოდა მეტად მხიარულ ინტერვიუებს. ერთი სიტყვით, თავი არავის დაავიწყებინა და ბოლოს უფრო სერიოზულ საქმეს მოეკიდა, სპორტული დირექტორის კურსებზე ჩაირიცხა და მალე შეიძლება, რომელიმე კლუბის ფუნქციონერადაც მოგვევლინოს.

მიუხედავად თავისი მექალთანეობისა, ანტონიო აგერ უკვე 10 წელიწადია ყოფილ წყალბურთელ კაროლინა მარსიალისზეა დაქორწინებული, ორ ვაჟს ზრდიან და რამდენადაც საოცარი არ უნდა იყოს, სრულ ოჯახურ იდილიაში ცხოვრობენ.

 

ქვემოთ შემოგთავაზებთ ანტონიო კასანოს რამდენიმე გამონათქვამს, რომლებიც გაგახალისებთ და გარკვეულად მის პიროვნებასაც დაგანახებთ.

 

  • ფეხბურთში მე ბოლო ოცი წლის ყველაზე დიდი ტალანტი ვარ, მაგრამ ეს ტალანტი იმაში დავხარჯე, რომ ეს ტალანტი დამეღუპა.
  • ცუდი ადამიანი ნამდვილად არ ვარ. უბრალოდ, ზარმაცი გახლავარ და ესაა ჩემი ერთადერთი ნაკლი.
  • ფეხბურთი რომ არა, ალბათ, ბევრი ჩემი ბარელი თანატოლის მსგავსად, ცუდ გზას დავადგებოდი, ბანდიტი და მძარცველი გავხდებოდი, მაფიის წევრიც შევიქნებოდი.
  • სამჯერ ვთქვი უარი „იუვენტუსში“ გადასვლაზე , რადგან იქ ფეხბურთელებს ჯარისკაცებად თვლიან, წესდების მიხედვით უნდა იცხოვრონ, მწყობრში იარონ და ბრძანებებს უსიტყვოდ დაემორჩილონ. ეს გუნდი ჩემთვის არ არსებობს, მე თავისუფალი კაცი ვიყავი, ვარ და ვიქნები.
  • ყოველთვის ბევრი სექსი მჭირდებოდა. თავის შეკავება არ შემეძლო. მაშინაც კი, როდესაც ტრიგორიის ბაზაზე ვყავდით ჩაკეტილნი, მაინ ვახერხებდი იქ გოგოების შეყვანას, რადგან უკანა ჭიშკრის გასაღები მქონდა. გოგოები გასახდელებში ან მასაჟისტის ოთახებში შემყავდა. რატომღაც მგონია კლუბის ხელმძღვანელობამ ეს ამბავი იცოდა, მაგრამ განგებ ხუჭავდნენ თვალს.
  • ერთი ჩემი მეგობარი სასტუმროში მუშაობდა და როდესაც დამჭირდებოდა, „ხატა“ გარანტირებული მქონდა. მივიდოდით, სექსს მოვრჩებოდით, ჩემი მეგობარი ნამცხვრებს მომიტანდა და მივასკდებოდი. იმ გოგოს კი მეგობარს ვუთმობდი და ყველანი კმაყოფილნი ვრჩებოდით.
  • თუ გოგო მოგეწონება, არ მოერიდო, მიდი და შენი სურვილი გაუმხილე. დაგთანხმდება, ხომ კარგი და თუ არა, ქალები დაილია?
  • ძალიან მიყვარდა იუტო ნაგატომოსთან საუბარი. რაც არ უნდა გეთქვა, მაინც არაფერი ესმოდა, იაპონურის გარდა არც ერთი ენა არ იცოდა და რამდენ ხანსაც არ უნდა გელაპარაკა, მშვიდად იდგა და კეთილად გიღიმოდა.
  • კრიშტიანო რონალდო ნამდვილად უდიდესი ფეხბურთელია, მაგრამ რამდენი გოლიც არ უნდა გაიტანოს და რამდენი ტიტულიც არ უნდა მოიგოს, ლეო მესიზე დიდი ვერაფრით გახდება.
  • დევიდ ბექჰემი ნამდვილი როკ-ვარსკვლავი იყო. ყველა ცნობილ ადამიანს იცნობდა, მასაც ყველა იცნობდა, მისთვის ყველა კარი ღია იყო და ამ დროს მაინც საოცრად მორიდებულ ბიჭად რჩებოდა.
  • აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, 2006 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე იმიტომ არ წამიყვანა, რომ მარჩელო ლიპის ერთმა ფეხბურთელმა ჩემზე ცუდი რაღაცეები უთხრა.
  • ყველაზე მეტად პაოლო მალდინის წინააღმდეგ მიჭირდა თამაში.
  • პეპ გვარდიოლა, რომელსაც „რომაში“ დავუმეგობრდი, დიდებული ფეხბურთელი იყო და უდიდესი მწვრთნელი გახდა. ის ერთადერთია, ვისაც ყოველგვარი ზეწოლის გარეშე შეუძლია ფეხბურთელებს თავისი ადგილი მიუჩინოს და ამას მხოლოდ ქარიზმის საშუალებით აღწევს.
  • როდესაც რომელიმე კლუბის სპორტული დირექტორი გავხდები, აუცილებლად მარსელო ბიელსას მივიწვევ, ის მწვრთნელი-რევოლუციონერია, თან რკინისებური ხასიათი აქვს. მასთან მუშაობა დიდებული რამ იქნება.
  • საფეხბურთო კარიერა იმავე პრინციპით უნდა დაასრულო, როგორც ქალთან ასრულებ ურთიერთობას. თუ აღარ აღაგზნებს, წადი, გაიარე. თუ ფეხბურთის თამაში აღარ გსიამოვნებს, ბუცები ლურსმანზე ჩამოკიდე.
  • ყოველთვის მიყვარდა ჭამა, საშინელი ღორმუცელა ვარ და ვფიქრობდი თამაშისათვის თავის დანებების შემდეგ საშინლად გავსუქდებოდი, მაგრამ რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ჯერჯერობით ადამიანურ ფორმას ვინარჩუნებ.
სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო