11 X 11
სპორტული პორტალი

ჩილავერტი – ცოფიანი ბულდოგი და მისგან დაკბენილები

0 983

მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში პარაგვაელ მეკარე ხოსე ლუის ჩილავერტს განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. ის პირველი კარის დარაჯი გახლდათ, რომელიც არც მეტოქეთა კარის დალაშქვრაზე ამბობდა უარს და ამ მხრივ მართლაც გამორჩეულია.

მას კარიერაში 62 გოლი აქვს გატანილი პენალტებით და ჯარიმებით და ამ მხრივ პირველი გახლდათ, ვიდრე მისმა ბრაზილიელმა კოლეგამ როჟერიო სენიმ არ გადაასწრო.

ჩილავერტს ეკუთვნის ჯერაც მოუხსნელი რეკორდი – მეკარის მიერ შესრულებული ჰეთ-ტრიკი. არგენტინის ჩემპიონატის ოესტე-ველესის 6:1-ზე მოგებულ მატჩში სამი გოლი პენალტებიდან გაიტანა.

მუდამ სამართლიანი, მაგრამ შარიანი, „ბულდოგად“ წოდებული ჩილავერტი დარწმუნებულია, რომ „ველესის“ ამ შეურაცხყოფისთვის დასაჯეს. გაუხსენეს ორი წლის წინანდელ მატჩში მომხდარი მასობრივი ჩხუბი, რომლის მოთავეობა მას დაბრალდა, 13-თვიანი დისკვალიფიკაცია არ აკმარეს და დამატებით სამთვიანი პატიმრობა მიუსაჯეს. საქმეში ფიფა ჩაერია და არგენტინის ფეხბურთის ფედერაცია აიძულა ჩილავერტი „შეეწყალებინა“.

ცოტა ხნის შემდეგ ჩილავერტს ქუჩაში რამდენიმე დანით შეიარაღებული პირი დაესხა თავს და მუტრუკმა მეკარემ ყველა შიშველი ხელებით დაიფრინა. ამის შემდეგ ფრთხილად იყო და მანქანაში, როგორც თავად ამბობს, იარაღად მხოლოდ ბეისბოლის კეტი ედო. მან ყველაფერი არგენტინელ საფეხბურთო ჩინოვნიკებს დააბრალა, რომლებიც ვერ იტანენ, რომ მათ ქვეყანაში საუკეთესო პარაგვაელია, რადგან მათ და ბევრ სხვასაც მიაჩნია, რომ პარაგვაელებმა არგენტინაში მხოლოდ შავი სამუშაოები უნდა შეასრულონ.

ჩილავერტი არას დაგიდევდათ იმას, რომ მეკარეებს საერთოდ არ ახასიათებთ თავიანთ კოლეგებზე ძვირის თქმა ან კრიტიკა, მაგრამ „ბულდოგი“ ამას არ ერიდებოდა.

„არასოდეს შემადაროთ იგიტას ან კამპოსს. მე, მათ მსგავსად არასოდეს ვაყენებ ჩემს გუნდს რისკის ქვეშ. მართალია, ხანდახან მათაც გააქვთ ხოლმე ლამაზი გოლები, მაგრამ ეს ჯუჯები ჩემთან რას მოვლენ. ამას ჩემი სტატისტიკაც მოწმობს“.

„ხერმან ბურგოსი არარაობაა. ამას ისიც ამტკიცებს, თუ როგორი გოლი გავუტანე ჯარიმიდან, როდესაც მის კარამდე 40 მეტრი მაინც იყო. ამის შემდეგ ის არგენტინის ნაკრებში აღარ გამოუძახებიათ და ახლა რამდენიც უნდა „სქელტრაკა“ მეძახოს“.

„ამბობენ, რომ თუ გუნდი მაგარია, საშუალო დონის მეკარითაც იოლას გავა. ხომ იყო 1982 წელს ბრაზილიის ნაკრები მართლაც ლეგენდარული გუნდი? ჰოდა, გაიხსენეთ ვინ იდგა მის კარში? საწყალი ვალდირ პერესი, რომელიც ყველა დარტყმულს, თვით უსუსტესსაც კი უშვებდა და ამან რაც დამართა იმ დიდებულ გუნდს, ყველამ იცის“.

„ბრაზილიის ნაკრებთან მატჩის წინ, მათ მწვრთნელს ფელიპე სკოლარის თავისი ფეხბურთელებისათვის უთქვამს, რომ რაც შეიძლება ხშირად დაერტყათ, რადგან პარაგვაელებს კარში 400 კილოგრამიანი „მძ..რის კასრი“ უდგათო. სკოლარის შევუთვალე, რომ დაბერდა, თვალებში ვეღარ იხედება და სინამდვილეში იმ 90 კილოგრამიანი კასრიდან (ჩილავერტი 90 კგ იყო) ერთ-ორ კილოგრამს შენ გიწილადებ-მეთქი“.

2002 წლის მუნდიალის ბრაზილიასთან შესარჩევი ტურნირის მატჩის დროს ჩილავერტმა რობერტო კარლოსს შეაფურთხა, რისთვისაც სამმატჩიანი დისკვალიფიკაცია მისცეს, მაგრამ ეს არასოდეს უნანია და განაცხადა: „ამ ბრაზილიელმა ქონდრისკაცმა „უვიცი ინდიელი“ მომაძახა, რითაც არა მარტო მე, არამედ მთელი ჩემი ქვეყანა შეურაცხყო და მაგას შევარჩენდი? ამიტომაც მიიღო ის, რაც ეკუთვნოდა და ბედის მადლობელი იყოს, რომ თანაგუნდელებმა გამაკავეს, თორემ ნაკუწებად ვაქცევდი“.

„ არ ვიცი დღეს რა იქნებოდა ჩემი სატრანსფერო ფასი, მაგრამ ორი ათეული წლის წინათ ჩემში „ლივერპული“ 28.5 მილიონ დოლარს იხდიდა, მაგრამ „ველესმა“ თავი მოიკლა და ჯიბრით არ გამიშვა. მაგრამ რაც იყო, იყო. იმითაც ძალიან კმაყოფილი ვარ, რაც გავაკეთე. მსოფლიოში პირველი მეკარე გახლდით, ვისაც ბევრი გოლი გაჰქონდა და ახლა ჩემი სახელი და პარაგვაი ფეხბურთის თითქმის ყველა გულშემატკივარმა იცის“.

სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო