11 X 11
სპორტული პორტალი

ბილბაო როდის იყო?!

0 489

ბილბაო როდის იყო?!  მასე თუ ვიარეთ უკან-უკან ჩავალთ ლივერპულამდე.  მაგრამ ვთქვათ ბილბაოც, იმიტომ, რომ დამოუკიდებელი გურჯული ფეხბურთის ისტორიაში მაინც ეგ იყო პირველი მერცხალი, როგორც თავდაჯერების ინდიკატორი.“აი ლინფილდს რომ ვუგებთ ჰო კაი, მაგრამ ბილბაოს რომ  მოვუგეთ ეგ უკვე იმას ნიშნავსო, რომაოო… “

არა, ვერ გავედით ვერც  მაშინ, მაგრამ პანდემია რომ ყოფილიყო გავიდოდით. მაშინ, 1998 წლის ცხელ აგვისტოში, სულ ახალი გადაგორებული რომ იყო კარნავალ დე პაღი და რონალდოს ფაღარათის ამბავი, პირველი ქართულ-ბასკური  მატჩი თბილისში ჩატარდა. ჩვენც ავიღეთ და მოვიგეთ. ენა არ მოუბრუნდება არავის  და არ იტყვის იბერიულ ამბავში გვიჯიგრესო. გადახედეთ აბა შემადგენლობებს.  შუქი არ გვქონდა და პური თორე, ფეხბურთელების მეტი რა იყო…  ჰოდა ახლა რომ პანდემიაა და ყველაფერს ერთი მატჩი წყვეტს, მაშინ რომ მასე ყოფილიყო „სან მამესზე“ არ ჩავიდოდით და ვინ იცის კიდეც გვეთამაშა ლიგაზე და შემდეგ ვერც  ფერგიუსონს მოეგო  თავისი პირველი ჩემპიონთა თასი.

ბილბაო მაინც ძალიან დიდი ხნის წინ იყო… ისეთი დიდი ხნის წინ,  რომ მე გაგონილს გიყვებით.    მაგრამ გვერდს ვერ აუვლი ეგეთ ამბებს, როცა მერცხლებზე ლაპარაკობ. ჩვენთან ხომ სამი თუ ოთხი მერცხალია მხოლოდ წაქცეული მას შემდეგ, რაც კაპიტალისტურმა ბანაკმა მსოფლიო ჰეგემონის სტატუსი ერთპიროვნულად მოიპოვა.

აბა მოლდოვის „მილსამს“ ჰო ყველა უგებს. ეგეთი ამბების გახსენებას რა აზრი აქვს?  ან უგებს რო?! თქვენი აზრით  ეხლა მოუგებდა „დინამო“„მილსამს“?

 

*    *   *

 

და შენდებოდა მაღალი კორპუსები, დიდი თეთრი აგურებით. იდგა 60-იანი წლები და ქალაქ თბილისის განაშენიანების უსტაბაშები საუბრობდნენ ახალ, ძალიან დიდ უბანზე, როგორც რომაულ ოსტიაზე.

უბანს დაარქვეს გლდანი. და სანამ მისი სავიზიტო ბარათი გახდებოდა  შაურმა, იყო  „ამერი“. კლუბი, რომელსაც ყველაზე ლამაზი ფორმა ეცვა, ქართული ფეხბურთის ისტორიაში.

გახსოვთ რა ამბავი იყო „ლესტერმა“ პრემერლიგა რო მოიგო?

აუფო, ჩემპიონშიფიდან ამოვიდაო და ეს რა ქნაო…

ჩემპიონშიფი არ ჯობია საქართველოს პირველ ლიგას?!

სინამდვილეში ეგეთი რამეები „ლესტერამდე“„ამერმა“ ქნა. პატრიოტ გლდანელებს ალბათ  დღემდე ახსოვთ.

2004-05 წლების სეზონში გლდანელებმა მოიგეს „ქართული ჩემპიონშიფი“.   გადმოვიდნენ უმაღლესში და ეგრევე მოიგეს ქვეყნის თასიც. ჩვენ რომ ინგლისი ვიყოთ,  მარტო ეს ისტორიაც საკმარისი იქნებოდა საიმისოდ, რომ სულიკო დავითაშვილი ჯეიმი ვარდის მაშტაბის ფორვარდად ქცეულიყო, მაგრამ ჯერ კიდევ წინ იყო ერთი საინტერესო ამბავი.  კლუბის ისტორიაში ყველაზე დიდი მიზანსცენა, რომელიც  რამოდენიმე თვის შემდეგ გათამაშდა, როცა თბილისს სახელოვანი ქალაქი ბერლინიდან არა სტალინის სამხედრო ტყვეები, არამედ ქალაქში საუკეთესო საფეხბურთო კლუბი„ჰერტა“ ეწვია. გაბრაზებული ბერლინის „ჰერტა“, რომელსაც „ოლიმპიაშტადიონზე“ მხოლოდ ერთი ბურთის სხვაობით ჰყავდა დამარცხებული ახლად გამოჩეკილი გლდანური კლუბი.

დავითნიძე… ლაკიჩი… 1-1.

გერმანელები თბილისშიც ვერ არიან თამაშის იშტაზე, თუმცა პანიკა არ ეტყობათ. პირველი ტაიმის შემდეგ „ამერს“ ორი ბურთი სჭირდება საიმისოდ, რომ სენსაცია გამოაცხოს. ეს სცენარის განხორციელების ალბათობა საკმაოდ ბუნდოვანია.

47-ე წუთზე გლდანელთა საუკეთესო ფორვარდს, სულიკო დავითაშვილს ისევ წინ გაჰყავს თავისიანები.  ერთი გოლიც და…  თან დრო იმდენია…

ვაზივართ. მაგრამ ვეღარ გაგვაქვს. გერმანელები არიან. ჯანიანები. ჩვენ სად შეგვიძლია მაგდენი. მაგათ ისეთი ტრენაჟორები აქვთ.  83’…  პანტელიჩი… 2-2…  ვერ გავქაჩეთ.  ბერლინელთა ბალკანურმა დიასპორამ მოკლა პატარა გლდანური ოცნება.

თუმცა გავიდა წლები. ბერლინის „ჰერტა“ ისევ არსებობს. „ამერი“ აღარ. ბერლინში აღარავის ახსოვს ის მძიმე გამარჯვება. საქართველოში კი, „ჰერტასთან“ ის მატჩიც წაქცეული მერცხლის ისტორიაა. ოცნებასთან შეხების ამბავი. ღირსების თამაში.

აბა ეგ რანაირად იყო წაგება?!

ეს ყველაფერი კი იმიტომ გამახსენდა,  „ლოკომ“  რო ანდალუსიაში ითამაშა, იქამდე მოსკოვს რო მოუგო. ისე ძალიან კი გამოსდით ახალგაზრდულ ქართულ კლუბებს დიდი სპარინგები. „ამერიც“ ჰო პატარების პატარა გუნდი იყო. ჩემდათავად იმ გუნდის სტილის და სულის სიმბოლო თვრამეტი წლის რატი წინამძღვრიშვილი გახლდათ.

სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო