11 X 11
სპორტული პორტალი

კუმანის კარგი დებიუტი და მაინც გაურკვევლობა [VIDEO]

0

დიდ ინტერესს იწვევდა თუ როგორ ითამაშებდა თავის პირველ ოფიციალურ მატჩს რონალდ კუმანის ხელმძღვანელობით „ბარსელონა“, მით უფრო, რომ მეტოქეც არ ჰყავდა ხელწამოსაკრავი და იოლად დასაჩაგრი, მაგრამ პირველ ტაიმში განსაკუთრებით და გინდ მეორეში, „ყვითელი სუბმარინა“ საკუთარ თავს არანაირად არ ჰგავდა.

ეს იქით იყოს და ჯერ სხვაზე. კუმანმა მოსალოდნელი შემადგენლობა დააყენა: ნეტო, სერხი რობერტო, პიკე, ლენგლე, ჟორდი ალბა, ბუსკეტსი, დე იონგი, კოუტინიო, ფატი, მესი, გრიზმანი.

საწყისი ტაქტიკური სქემა თითქოს ორსაყრდენიანი 4-5-1 იყო, მაგრამ სტუმრები თავიდანვე ისე უხეიროდ უწევდნენ წინააღმდეგობას მასპინძლებს, რომ ფაქტობრივად მთელი პირველი ტაიმი, ძველი, ბრაზილიურად წოდებული 4-2-4 გამოვიდა. ლეო მესის, როგორც კუმანმა დანიშვნისთანავე დაანონსა, მარჯვენა ფლანგი ეკავა და უნდა ითქვას, რომ დიდი ენთუზიაზმი აშკარად არ ეტყობოდა, უფრო სტატიკური მდგომარეობიდან აკეთებდა კარგ პასებს და რამდენიმეჯერ თავისი საფირმო გარღვევებიც გაიხსენა. ისე, ლეოს დიდი თავგამოდება მის გუნდს დიდად არც სჭირდებოდა, რადგან „ვილიარეალის“ ნახევარდაცვა და დაცვა საერთოდ აჭრილი იყო, დროულად არათუ ზონებს ვერ კეტავდნენ, ხშირად მოწინააღმდეგის უმარტივეს კომბინაციებსაც ვერ უღებდნენ ალღოს. აღარაფერს ვიტყვით ცოტა მახვილგონივრულებზეც, რომელთა წყალობით „ბარსელონამ“ პირველ ტაიმში ოთხი გოლი გაიტანა. კარგი იყო ანსუ ფატი, ვინაც დუბლს, მოპოვებული პენალტი მიუმატა, რომელიც მესიმ შეაგდო. მეოთხე გოლი ტაიმის ბოლო წუთზე პაუ ტორესმა გაიტანა საკუთარ კარში.

ერთი, რაც „ბარსელონას“ თამაშში ყველაზე თვალშისაცემი გახლდათ, ეს იყო ტიკი-ტაკაზე უარის თქმა და ბურთის ხელში მოგდებისთანავე სწრაფ  ე.წ. ვერტიკალურ იერიშებზე გადასვლა. ამან იოლად მოუტანა ხეირი „ვილიარეალთან“, მაგრამ რა იქნება ძლიერ გუნდთან, ამას მომავალი გვიჩვენებს.

რაც შეეხება მეორე ტაიმს, „ბარსელონას“ თავი დიდად აღარც შეუწუხებია და ბარემ გეტყვით, რომ შეცვლებზე პედრი, დემბელე, ტრინკაო და პიანიჩი შევიდნენ.

სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო