11 X 11
სპორტული პორტალი

კუმანის რევოლუცია ბარსაში – როგორ შეცვალა ნიდერლანდელმა სათამაშო სქემა [ანალიზი+PHOTO]

0 2, 502

კუმანის რევოლუცია „ბარსელონაში“

ჰოლანდიელმა სათამაშო სქემა შეცვალა

 

რონალდ კუმანმა მუშაობა „ბარსელონაში“ „ვილიარეალის“ განადგურებით დაიწყო. მასპინძლებმა „კამპ ნოუზე“ პირველივე ტაიმში ოთხი უპასუხო გოლი გაუტანა „ყვითელ სუბმარინას“ და მართალია, მეორე ტაიმში ტემპი დააგდო, მაგრამ ბოლომდე უპრობლემოდ აკონტროლებდა მატჩის მსვლელობას და სურვილისა და მონდომების შემთხვევაში ანგარიშს ასტრონომიულსაც გახდიდა. სტარტი ზღაპრული გამოვიდა, სიახლე სქემა 4-2-3-1 გახლდათ, თუმცა რიგ მომენტებში და გატანილ გოლებში ძველის ელემენტებმაც იმუშავეს.

ასე ითამაშებს და დაამარცხებს „ბარსა“ ყველა მეტოქეს?

„ვილიარეალი“ საკმაოდ ძლიერი გუნდია, მაგრამ „ბარსელონასთან“ საბრალობლად გამოიყურებოდა. არადა, პრიმერაში გასულ სეზონში მე-5 ადგილზე გავიდა, თამაშობდა ღია, სანახაობრივ ფეხბურთს. ამით თანაბარძალოვან და უფრო სუსტ მოწინააღმდეგებს უმეტესად ადვილად უსწორდებოდა, მაგრამ ასეთი თამაში „ბარსელონასთან“ შეუძლებელი გამოდგა, რადგან ვერაფერს უხერხებდა მასპინძელთა ძალიან სწრაფ იერიშებს.

ამასთან, „ბარსელონამ“ სწრაფი გოლი გაიტანა, რამაც კიდევ უფრო კომფორტულ სიტუაციაში ჩააყენა მასპინძელი და აიძულა „ვილიარეალი“ კიდევ უფრო ღია თამაშზე გადასულიყო, რითაც ყველა პირობა შეუქმნა კუმანის შეგირდებს, რათა მთელი სისავსით გამოევლინათ გუნდური თამაშისა და ფეხბურთელთა ინდივიდუალური ოსტატობის მთელი არსენალი. ეს ყველაფერი კარგი, მაგრამ ასე იქნება კი უფრო ძლიერ მეტოქეებთან, რომლებიც შედარებით დახურულ ანაც ბალანსირებულ ფეხბურთს თამაშობენ?

გადამწყვეტი უპირატესობა „ბარსელონამ“ მაინც ძველი მეთოდიკით მოიპოვა (ცალკე კომპლიმენტები ლენგლეს)

ზემოთ მოხსენიებულ „ბარსელონას“ ტაქტიკურ სქემას უნაი ემერიმ კლასიკური 4-4-2 დაუპირისპირა და თანაც საკმაოდ ზემოთ ამოწეული დაცვის ხაზით. ეს შეიძლება მისაღებიც გახლდათ, მაგრამ არ ხდებოდა მოედნის ცენტრის სიახლოვეს ცენტრალური მცველების პრესინგი, რამაც საშუალება მისცა პიკეს და ლენგლეს სრულიად თავისუფლად, მეტოქის დაცვის ზურგს უკან გამიზნული, გრძელი პასები ეკეთებინათ, ისე როგორც “ბაიერნთან” შეხვედრაში იყო. ადრესატი კი მაშინაც ხორდი ალბა გახლდათ:

დიდწილად განაპირობა კატალონიელთა ტაქტიკური უპირატესობა, რასაც სათამაშოც მოჰყვა. ეს მაინც ძველი მეთოდიკის ნაწილი გახლდათ.

დასტურად ნახეთ ლენგლეს ეს პასი:

 

ასეთ მომენტებს „ბარსელონა“ ადრეც ხშირად ქმნიდა, ლენგლეს გრძელი პასი ალბასკენ, სადაც ეს გამოცდილი მცველი დროული გახსნისა და სისწრაფის ხარჯზე მეტოქის საჯარიმოსთან სიტუაციას ამწვავებდა.

მეორე გოლიც არ ყოფილა ახალი იდეების შედეგი. ისევ ლენგლემ ისარგებლა თავისი კომფორტული მდგომარეობით და კარგი პასით მოახდინა საგოლე კომბინაციის ორგანიზება.

 

მოგვიანებით უკვე კუმანის სქემის პლუსებიც დავინახეთ, მაგრამ უნდა ვთქვათ, რომ სწორედ პირველმა ორმა გოლმა შეუქმნა „ბარსელონას“ პლატფორმა შედარებით იოლად მოეხდინა კუმანის სიახლის დემონსტრირება.

კუმანის სქემა „ბარსას“ ვარსკვლავებს ხელსაყრელ პოზიციებზე აყენებს

ანტუან გრიზმანი მარჯვენა გარემარბის ადგილიდან იწყებს იერიშში ჩართვას, ინაცვლებს ცენტრისკენ მარჯვენა, ძველად რომ ერქვა, შუამარბის პოზიციაზე და ხშირად შერბის კიდეც საჯარიმო მოედანზე. ადრე ფრანგს მარცხენა ფლანგზე უწევდა უაზროდ და უბურთოდ სირბილი. ფელიპე კოუტინიო ახლა „ათიანი“ გახდა, მაშინ როდესაც ძველ გუნდში ეს პოზიცია ფაქტობრივად არც არსებობდა. ლეო მესი კი „ცრუ ცხრიანია“ და რადგანაც წმინდა წყლის (საჯარიმო მოედნის) თავდამსხმელი არ არსებობს, საშუალება ეძლევა წინ დაძრული გრიზმანის სივრცეში შეიჭრას, იქ შეტევის გაგრძელების ან კარში დარტყმის დიდი არჩევანი უჩნდება.

ასევე შესაძლებლობა აქვს მარჯვენა ფლანგზე ჩამოიშოროს მეურვე და სიტუაცია გაამწვავოს. ანსუ ფატი კი, რომელსაც პრინციპში ორივე ფლანგზე შეუძლია მოქმედება, უფრო სასარგებლო მაინც მარცხნივაა, სადაც დააყენა კიდეც კუმანმა.

ეს ყველაფერი კარგია, მაგრამ ასეთი განლაგებისას მოედნის ცენტრალურ ზონაში ხშირად ერთი ფეხბურთელით ნაკლები რჩება, რაც 4-3-3 სქემისას ნაკლებად ხდება. ამიტომ კუმანის უფრო განსწავლულმა ვიზავიმ და ძლიერმა გუნდმა ეს სისუსტე შეიძლება წარმატებით გამოიყენოს.

კუმანს ძალიან მოეწონა მესისა და გრიზმანის ურთიერთმოქმედება. როდესაც მესის უკან დახევა უხდებოდა ბურთის მისაღებად, თავდასხმაში მის ადგილს გრიზმანი იკავებდა, რაც მოწინააღმდეგის დაცვას უსპობდა წინ ამოსვლის საშუალებას.

ლეოს „ცრუ ცხრიანის“ მანევრები ამ პოზიციის ფეხბურთელის კლასიკა გახლდათ. მესის თავდასხმაში გადასვლისას მცველი ალბიოლი მას ვერ მიჰყვებოდა, ხოლო ნახევარმცველი პარეხო ვერ ასწრებდა საყრდენი ზონის დაკეტვას, რაც მესის გამჭოლი პასის გაკეთების საშუალებას აძლევდა.

ამ განლაგებამ დიდწილად განაპირობა კოუტინიოსა და ფატის ტოპ-დონეზე ეთამაშათ, მესი კი თავისაზე გახლდათ. ოდენ გრიზმანს მართებდა უკეთ ასპარეზობა.

დე იონგის როლი

კუმანი გასულ სეზონში აკრიტიკებდა „ბარსელონას“ რომ ვერ იყენებდა დე იონგის შესაძლებლობებს საყრდენ ზონაში. მას თავისუფლება სჭირდებოდა შეტევების დასაწყებად, რის საშუალებას ძველი სქემა ნაკლებად აძლევდა, ახლა კი ის ჩვეულ მდგომარეობას დაუბრუნდა და შეუძლია ნაკლები რისკებით იერიშების წამოწყება.

თუმცა, უნდა ითქვას, რომ ამ მატჩში მან ეს შესაძლებლობები ისე ვერ გამოიყენა, როგორც ამას „აიაქსში“ აკეთებდა, მაგრამ ეს, ალბათ, დროის ამბავია.

„ვილიარელთან“ ხშირად იყო სიტუაციები, როდესაც შეტევის საწყის ფაზაში  დე იონგი ჩადიოდა ცენტრალური მცველების ხაზზე, ბურთს თავისუფლად იღებდა და პირველ პასსაც აკეთებდა, ხოლო როდესაც გუნდი იერიშზე გადადიოდა წინ და ზოგჯერ მარცხენა ფლანგზე გადანაცვლებულს საშუალება ეძლეოდა საინტერესო გაგრძელებები მოენახა.

მარცხენა ფლანგის გამოყენება

ამ ფლანგს „ვილიარეალთან“ ფუნდამენტური მნიშვნელობა მიენიჭა. შეტევათა 47% აქედან წარიმართა, შარშან კი ეს მაჩვენებელი 34%-34%-ზე გახლდათ. ადრე აქ მთავარი დატვირთვა მხოლოდ ალბაზე იყო, ახლა კი დე იონგთან და ფატისთან მისი ურთიერთმოქმედება გუნდს დიდ უპირატესობას ანიჭებს. და კიდევ, მარჯვნივ, იმ პერიოდისაგან განსხვავებით, როდესაც გუნდში დანი ალვეში იყო, სერხი რობერტოსა და გრიზმანს უჭირთ მეტოქეზე დაწოლა. ამჟამად, როდესაც მოპირდაპირე ფლანგზე მოთამაშეთა დიდი თავმოყრა სისტემატურად ხდება, მარჯვნივ ბურთის გადმოტანაც იოლდება და სწრაფი ფლანგური იერიშის განხორციელებაც.

დაცვაში როლები მკაცრად გადანაწილდა

კუმანის ნოვაცია დაცვასაც შეეხო. ადრე ბარსელონას დაცვას ჰიბრიდული უფრო ეთქმოდა. შეტევაში გუნდი 4-4-3-ით გადადიოდა, ხოლო დაცვისას 4-4-2-ზე გადაეწყობოდა, მაგრამ მკაცრად განსაზღვრული არ იყო, თუ ვის უნდა დაეხია უკან და ამიტომ რაკიტიჩს უხდებოდა მარჯვნივ გადანაცვლება და ხშირად მისი ზონა ცენტრში სუსტდებოდა. ახლა ეს ჰიბრიდული ელემენტი მოიხსნა. სიტუაცია როგორც მოითხოვს, სწრაფი ფატი ან გრიზმანი, უკან დახევას თავისუფლად ასწრებენ  და შექმნილი 4-4-1-1 განლაგება დაცვისას მეტად კომპაქტური და საიმედოა.

ეს ანალიზი მხოლოდ ერთ მატჩს ემყარება და ამდენად, არ შეიძლება სრული, ამომწურავი და უხარვეზო იყოს. კუმანის ახალი სქემასა და სათამაშო ნოვაციებს მომავალი მატჩები მოუწყობს ნამდვილ გამოცდას.

სტატია შექმნილია Sports-ის მასალის გამოყენებით

 

სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო