11 X 11
სპორტული პორტალი

მაუმ მანიუ „ოცნებათა თეატრში“ დაამსხვრია [VIDEO]

0

 

 

ინგლისური პრემიერლიგის ამ მეტად პრინციპული შეხვედრის წინ, „ტოტენჰემის“ თავკაცმა ჟოზე მაურინიომ გადამთვრალი თამადასავით სულ სიყვარული უხსნა თავის ყოფილ გუნდს, რაც შემეძლო და არ შემეძლო ის გავაკეთე „მანჩესტერში“, მოვიგე რაც მოსაგები იყო და რისი მოგებაც შეუძლებელი იყო, რაღას ვიზამდი, მაურინიო ვარ, მამაღმერთი კი არაო… იქვე ისიც დაამატა, რომ სიყვარული სიყვარულად, მაგრამ „ოლდ ტრაფორდზე“ მე და ჩემი „დეზები“ მხოლოდ მოგებას ვაპირებთო.

მატჩის პირველსავე წამებზე მაუს გუნდის საქმე ცუდად წავიდა. საჯარიმოში შეჭრილი მარსიალი წააქციეს და ბრუნო ფერნანდეშმა, რომელზეც ორიოდე დღის წინ მაურინიომ იხუმრა, იმდენ პენალტს აძლევენ „მანჩესტერს“, რომ ფერნანდეში პრემიერლიგის ბომბარდირი გახდებაო, მორიგი პენალტი გოლად გარდასახა.

ნაგოლევს, „ტოტენჰემის“ პირველივე იერიშს ისეთი დაბნეულობა მოჰყვა მასპინძელთა საჯარიმო მოედანზე, რომ ჯერ ნდობელემ გაქვითა ანგარიში, ხოლო მე-8 წუთისათვის სონმა სულაც წინ გაიყვანა ლონდონელები. ამის შემდეგ თამაშმა პოზიციური ხასიათი მიიღო და ყველაფერი მას შემდეგ აიჭრა, როდესაც 29-ე წუთზე  ლამელა და მარსიალი ერთმანეთს გაექაჩნენ, არგენტინელმა ფრანგს სახეში მიარტყა, იმანაც ხურდა დაუბრუნა და ლამელა დანოკაუტებულივით დაეცა. რატომღაც მსაჯმა მხოლოდ მარსიალი გააძევა და „მანჩესტერი“ კაცნაკლული დარჩა.

ამ მომენტიდან ერთი წუთიც არ იყო გასული, რომ სონი-კეინის ჩვეული კომბინაცია ამ უკანასკნელმა გოლით დაასრულა, ხოლო 5 წუთის შემდეგ უკვე თავად სონმა ჩაიწერა მორიგი გოლი აქტივში. ამგვარი კატასტროფით დასრულდა პირველი ტაიმი.

მეორეში კი დემორალიზებულ მასპინძლებს, რომლებიც დიდ წინააღმდეგობას ვერ უწევდნენ ლონდონელებს, ყოველგვარი დაძაბულობის გარეშე კიდევ ორი გოლი გაუტანეს და საშვილიშვილოდ თუ კარგახნით შერცხვენილები დატოვეს.

მანჩესტერი-ტოტენჰემი  1:6

გოლები: მარსიალი, 1-პენ.(1:0); ნდომბელე, 4 (1:1); სონი, 8 (1:2); კეინი, 31 (1:3); სონი, 37 (1:4); ორიე, 51 (1:5); კეინი-პენ.79 (1:6).

 

სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო