11 X 11
სპორტული პორტალი

ანსუ ფატი: წარმოშობა, მშობლები და ბავშვობა – გზა გვინეის ქუჩებიდან ნოუ კამპამდე

0 3, 121

თანამედროვე ფეხბურთის ყველაზე კაშკაშა, ამომავალი ვარსკვლავი „ბარსელონასა“ და ესპანეთის ნაკრების თავდამსხმელი ანსუ ფატია, რომელმაც თითქმის შეუძლებელი შეძლო. 17 წლის ასაკში ფეხბურთელის ამ დონეზე თავის დამკვიდრება, მართლაც გამორჩეული ნიჭისა და შეუპოვარი ხასიათის მაჩვენებელია.

ამასთან, ანსუ ცხოვრებაში ძალიან თავმდაბალი, კეთილი  და მორიდებული ბიჭია. მისი საფეხბურთო წარმატებები გულშემატკივრებისათვის ცნობილია, მაგრამ ვინაა, საიდან არის წარმოშობით, რა ოჯახში გაიზარდა და ვინ შეუწყო ხელი მისი ტალანტის სრულად გამოვლინებას, ამის შესახებ ნაკლებადაა ცნობილი და შეძლებისდაგვარად შევეცდებით ანსუ ფატი ამ კუთხითაც გაგაცნოთ.

ანსუს მშობლები გვინეა ბისაუდან არიან, საიდანაც სიღარიბეს პორტუგალიაში გამოექცნენ. მამამისი ბორი ფატი რამდენიმე თანამემამულესთან ერთად პორტუგალიიდან ესპანეთში, ანდალუსიაში, ჩქაროსნული რკინიგზის ხაზზე მოეწყვნენ სამუშაოდ. პირობები საკმაოდ მძიმე იყო და არც უსაფრთხოება გახლდათ სათანადო დონეზე დაცული, რის გამოც ერთი თანამშრომელი უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა და დანარჩენებმა სამუშაოს მიტოვება და პორტუგალიაში დაბრუნება გადაწყვიტეს, ხოლო ბორი ფატი და მისი ბიძაშვილი მანი იქვე, ქ. ერერაში დარჩნენ. მიზეზი ისიც იყო, რომ ბორის ძალიან უნდოდა ესპანეთში დამკვიდრება და რადგან ამ ქვეყანაში გარკვეული ხნით მუშაობის შემდეგ ცხოვრების უფლებას მიიღებდა, ოჯახის აფრიკიდან გადმოყვანას შეძლებდა.

პატიოსანი და შრომისმოყვარე ბორი და მისი ბიძაშვილი დაიახლოვეს ქალაქის მერმა კუსტოდიო მორენომ და სპორტული სკოლის დირექტორმა ხოსე ლუის პერესმა. ისინი ყოველთვის შოულობდნენ სამსახურს ამ წესიერი ემიგრანტებისთვის და ბოლოს ბორი მერის პირადი მძღოლიც გახდა.

გამოხდა ხანი და თავიანთი მფარველების დახმარებითაც ბიძაშვილებმა ესპანეთში ცხოვრების უფლება მოიპოვეს და ცოლ-შვილიც თავისთან გადმოიყვანეს. ასე დასახლდა პატარა ანდალუსიურ ქალაქ ერერაში 7 წლის ვუნდერკინდი ანსუ ფატი მშობლებთან და ძმებთან ერთად.

ხოსე ლუის პერესი იგონებს, რომ იგი გააოცა ანსუს ნიჭმა, თამაშის მანერამ, თანდაყოლილმა ტექნიკამ და მოედნის ხედვამ, ხოლო პასებს, მისი თქმით, მიქაელ ლაუდრუპის მანერით აკეთებდა. სკოლაში ძალიან მორიდებულად იქცეოდა, თითქმის არ ლაპარაკობდა, მაგრამ ძალიან ბეჯითად და კარგად სწავლობდა. რაც შეეხება ფეხბურთს, სკოლის გუნდი თითქმის ყველა ტურნირს ტრიუმფით იგებდა და ამაში ანსუს დამსახურება უდიდესი გახლდათ. რვა წლის ასაკში ის თერთმეტწლიანების გუნდში გადაიყვანეს და იქაც უპირველესი იყო. ხშირად ხდებოდა, რომ მოწინააღმდეგე გუნდის მესვეურები მის დაბადების მოწმობასაც კი ითხოვდნენ, რადგან თვლიდნენ, რომ ასაკთან შედარებით ჩია იყო და არა მართლა 8 წლისა.

პირველად ანსუ ფატი „სევილიას“ სკაუტების თვალთახედვის არეში მოხვდა და ამ კლუბის აკადემიაში ჩაირიცხა. ერთი საინტერესო ფაქტი იქაური ამბებიდან. „სევილიას“ აკადემიაში პირველივე ვარჯიშისას ყველა გააკვირა ანსუს წვივებმა, რომლებზეც უამრავი ნაწიბური და ჩალურჯებiს კვალი ჰქონდა. როდესაც მწვრთნელები ჩააჟინდნენ, თუ რატომ ჰქონდა ასე, მან მორცხვად ახსნა, რომ გვინეა ბისაუში ფეხბურთს ქუჩაში თამაშობდნენ და ხშირად თუნუქის ძველი ფურცლებისგან გაკეთებულ ღობეებსა და კარებს ეჯახებოდნენ, წვივებსა და  შიშველ ტერფებს ისერავდნენ.

„სევილიას“ აკადემიაში ანსუ ერთ ბიჭს დაუმეგობრდა, რომელიც შეძლებული ოჯახიდან იყო. ამ ბიჭის მშობლებმა ანსუ ლამის მესამე შვილად მიიღეს, ყველანაირად ეხმარებოდნენ, პერიოდულად მათ ოჯახში ცხოვრობდა, გაკვეთილებს ამზადებინებდნენ და მის აღზრდაში დიდი როლი ითამაშეს.

„სევილიაში“ ყოფნა კი მოსწონდა, მაგრამ მხოლოდ  „ბარსელონაში“ თამაში სურდა. ერთხელაც „ლა მასიას“ კოორდინატორმა ალბერტ პუჩმა მისი თამაში ნახა თუ არა,  მყისვე თავისთან მიიწვია. მიუხედავად „სევილიელთა“ წინააღმდეგობისა, 2012 წლის აგვისტოში ანსუ თავის ძმა ბრაიმთან ერთად ბარსელონაში წაიყვანეს.

ბორი ფატის უნდოდა კუსტოდიო მორენო, რომელიც უკვე ერერას მერი აღარ იყო, ბიჭების მზრუნველად და მეთვალყურედ დაენიშნათ, მაგრამ მან ურჩია, რომ უკეთესი იქნებოდა, ეს ფუნქქცია მამას ეკისრა.

დღეს, როდესაც ფატი უკვე სახელოვანი ფეხბურთელია, ფატების ოჯახი ძველებურად მეგობრობენ კუსტოდიო მორენოსა და ხოსე ლუის პერესთან და მათ ამაგს არ ივიწყებენ. ისინი ხშირად ჩადიან ერერაში, ეხმარებიან იქაურ სპორტულ სკოლას და რამდენიმეჯერ მოსწავლეები „ბარსელონას“ მატჩებზე დასასწრებადაც ჩაიყვანეს. ანსუ ფატიმ დაარსა სპეციალური ფონდი, რომლის საშუალებითაც ეხმარებიან არაკეთილსაიიმედო ოჯახების ბავშვებს, რომლებსაც სპორტული პოტენციალი გააჩნიათ.

ანსუ ფატი და „ლა მასია“ ეს უკვე ცალკე თემაა და როდესმე სხვა დროს შევეხებით.

 

 

სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო