11 X 11
სპორტული პორტალი

გაგვიჭირდა, მაგრამ მოვიგეთ ფეოლა… [VIDEO]

0

საქართველო-ბელორუსი 1:0

 

Aთბილისი, „დინამო არენა“

საქართველო: ლორია,  კაკაბაძე (ტაბიძე, 82),  კაშია, კვერკველია, დვალი, კიტეიშვილი (გვილია, 65), კანკავა, კვეკვესკირი,  ყაზაიშვილი (შენგელია, 81), კვარაცხელია (ლობჟანიძე, 90), ოქრიაშვილი (ქვილითაია, 89).

ბელორუსი: ხაცკევიჩი, ზოლოტოვი, მარტინოვიჩი, ნაუმოვი, ბორდაჩევი (პეჩენინი, 73), იაბლონსკი (სკავიჩი, 63), ებონგი, ნეხაიჩიკი, ბახარი (პოდსტრელოვი, 63), ხაჩატურიანი (მაევსკი, 46), ლისაკოვიჩი (ლაპტევი, 70).

გოლი: ოქრიაშვილი, 7-პენ.

მსაჯი: ს. ჩაქირი (თურქეთი).

მატჩი ყოველგვარი დაზვერვის გარეშე დაიწყო. ბელორუსები ეგრევე უკან ჩადგნენ და ჩვენებმაც სწრაფად აითვისეს დათმობილი ტერიტორია. სტუმრები კლასიკური 4-4-2-ით იდგნენ, მაქსიმალურად კ გადაკეტეს საკუთარი საჯარიმოს მისადგომები, მაგრამ საქართველოს ნაკრების სქემა 4-2-3-1 მაინც იძლეოდა ფლანგების აქტიურად გამოყენების საშუალებას და ხან კვარაცხელია, ხანაც ოქრიაშვილი ინდივიდუალურად ცდილობდნენ მეტოქის მასირებული დაცვის გარღვევას. საბედნიეროდ, ეს მალევე მოხერხდა. კვარაცხელიამ იმარჯვა, ჩვეული დრიბლინგის შემდეგ, ოქრიაშვილს შეუგდო საჯარიმოში დასარტყმელ პოზიციაზე, სადაც ზოლოტოვმა დსცა და დანიშნული პენალტი თავად ოქრიაშვილმა გარდასახა გოლად.

ინერციით ცოტა ხანს მატჩი ამგვარივე კალაპოტში წარიმართა, მაგრამ შემდეგ ბელორუსებმა უკანა ხაზები ზემოთ ამოსწიეს და თამაში თითქმის გათანაბრდა. მე-19 წუთზე პირველადაც დაარტყეს (უზუსტოდ) ჩვენს კარში.

ერთ წუთში კონტშეტევით შევაშინეთ სტუმრები. შემდეგ ქართველებმა პრესინგს მიმართეს და მართალია, რამდენიმეჯერ ხიფათიც შეუქმნეს მეტოქის კარს, მაგრამ გადამწყვეტ მომენტებში სათანადოდ ვერ გაისარჯნენ. თუმცა, 33-ე წუთზე ბელორუსებს გაუმართლათ, როდესაც ისევ კვარაცხელიას ყოჩაღობის შემდეგ, ყაზაიშვილის დარტყმული, ხაცკევიჩს შემთხვევით მოხვდა და ასე გადაურჩნენ მეორე გოლს. ტაიმის კომპენსირებულ დროში ჩვენს გუნდს კიდევ ჰქონდა ერთი ხელსაყრელი მომენტი, მაგრამ ისევ უშედეგოდ.

ყველაფრიდან იკვეთება, რომ ბელორუსებს უჭირთ მჭიდრო პრესინგის დაძლევა, შეცდომებს უშვებენ და აუცილებლად საშურად მოჩანდა შესვენებისას ამის გამოსაყენებელი ახალი საშუალების გამონახვა.

ეს ახალი საშუალება უფრო სწრაფი მოქმედება გამოდგა მოწინააღმდეგის შესაბოჭად და თამაშის განახლებისთანავე დაიწყო საქართველოს ნაკრებმა ასე მოქმედება. სიტუაცია ბელორუსების საჯარიმოსთან მხოლოდ ამის წყალობით თუ იქმნებოდა, რადგან საქართველოს ნაკრებს ძალიან უჭირდა პოზიციური შეტევების წარმართვა. ამასთან, უნდა ითქვას, რომ დროგამოშვებით სტუმრებიც ახერხებდნენ მასპინძელთა საჯარიმო მოედანთან მიახლოებას და შესამჩნევი სათამაშო უპირატესობა მხოლოდ  მე-60 წუთიდან გადავიდა ქართველთა ხელში. სამწუხაროდ, რამდენიმე კარგი ფლანგური გარღვევების შემდეგ აშკარა საგოლე მომენტები ვერ იქნა გამოყენებული. აი, მატჩის ბოლოსკენ მასპინძლებმა ტემპს უკლეს, უფრო სწორედ აქტიურობას უკლეს, ბურთი ხანგრძლივად დაინარჩუნეს, ხოლო მეტოქეს შესატევი რესურსი არც მანამდე ჰქონიათ დიდი, ბოლოსკენ კი საერთოდ გაუქრა, თუმცა კომპენსირებულ დროში მაინც გაიბრძოლეს და კინაღამ ანგარიში გააყაიმეს.

ასე იყო თუ ისე, მოგება და ერთა ლიგის D ჯგუფის ფინალი კარგია, მაგრამ გადამწყვეტ მატჩში წარმატების მიღწევა ამგვარი თამაშით გაგვიჭირდება.

სხვა სიახლეები
გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო