11 X 11
სპორტული პორტალი

გაიცანით დუგლას როსი – ლაინსმენი და შოტლანდიის კონსერვატიული პარტიის ლიდერი

0 204

ახლახან, 8 ოქტომბერს, ლონდონში, „უემბლიზე“ გამართულ ინგლისისა და უელსის ნაკრებთა ამხანაგურ მატჩს შოტლანდიელ მსაჯთა ბრიგადა ბობი მედენის ხელმძღვანელობით სჯიდა. მას ეხმარებოდნენ ლაინსმენები – ფრენსის კონორი და დუგლას როსი. ამაში არაჩვეულებრივი თითქოს არც არაფერია, მაგრამ არსებობს ერთი გარემოება –  დუგლას როსი სერიოზული პოლიტიკური ფიგურა გახლავთ, ის შოტლანდიის პარლამენტის კონსერვატორული პარტიის ლიდერია.

როსი 2015 წლიდანაა პარლამენტის წევრი, ხოლო ამა წლის აგვისტოში, მოიგო რა მორიგი არჩევნები თავის ოლქში, ტორების ფრაქციამ თავმჯდომარედ აირჩია. თავისი შრომითი საქმიანობა ფერმაში მერძევეობით დაიწყო, პარალელურად სასოფლო-სამეურნეო აკადემია წარმატებით დაასრულა, ცოტა ხანს ისევ პროფესიით იმუშავა, შემდეგ კი პოლიტიკაში ჩაერთ. პარალელურად სამსაჯო საქმესაც დაეუფლა და ამქაც სწრაფად წაიწია წინ.

ფეხბურთით გატაცების გამო, მას ხშირად უხდება სხდომების გაცდენა, რისთვისაც ოპოზიცია გამუდმებით აკრიტიკებს. ერთხელ პარლამენტის ტრიბუნიდან ოპონენტმა მას წითელი ბარათი აუფრიალა და მოუწოდა თავი დაანებოს გამოჩენილ ფეხბურთელებთან სალაყბოდ სიარულს და თავის მოვალეობა პირნათლად შეასრულოს.

სიმართლე რომ ითქვას, დუგლას როსი ხშირად დათმობებზე მიდის. მაგალითად, არ წავიდა რუსეთში 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე, რადგან ამ პერიოდში პარლამენტში დაძაბული სასესიო დღეები იყო. ბოლო ხანებში კი ცდილობს უარი თქვას მსაჯად დანიშვნაზე, როდესაც საჭიროა იმ დროს პარლამენტში იყოს. უმეტესად იმ ჰონორარს, რომელსაც შოტლანდიის ჩემპიონატის მატჩების მომსახურებისთვის იღებს, საქველმოქმედო ფონდებში რიცხავს.

დუგლას როსი თავის პარტიაში ფრიად დაფასებული კაცია, მას კარგად იცნობს და ხშირად მხარს უჭერდა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ქალბატონი ტერეზა მეი, რომელიც გაგებით ეკიდებოდა მის საფეხბურთო საქმიანობას და რამდენიმეჯერ ღიადაც დაიცვა იგი ლეიბორისტების თავდასხმებისაგან.

როსი ღია უნიონისტია, მომხრეა შოტლანდიის დიდი ბრიტანეთის შემადგენლობაში დარჩენისა, ეწინააღმდეგება შოტლანდიის პრემიერ-მინისტრს ნიკოლა სტერჯენს, რომელიც მომხრეა შოტლანდიის დამოუკიდებლობის თაობაზე განმეორებითი რეფერენდუმი გაიმართოს და მას მეტად მწვავე პოლემიკას უმართავს ხოლმე პარლამენტის სხდომებისას.

დუგლას როსი დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინიტრ ბორის ჯონსონთან დაახლოებული პირია, მას უჭერს მხარს და დაუფარავად აკრიტიკებს ინგლისელ კონსერვატორებს იმის გამო, რომ აქტიურად არ ეწინააღმდეგებიან შოტლანდიაში რეფერენდუმის გამართვის იდეის რეალიზაციის მცდელობას.

ასე რომ, მიუხედავად აქტიური პოლიტიკური მოღვაწეობისა, დევიდ როსი ფეხბურთს ვერ ღალატობს და აგრძელებს უმაღლეს დონეზე მსაჯობას.

 

სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო