11 X 11
სპორტული პორტალი

რონალდო იუვენტუსის გენდირექტორის საცემრად გაიწია – ფეხბურთელები “გაიქცნენ” და კლუბმა საქმე პროკურატურას გადასცა

0

კრიშტიანო რონალდო ძალიან ემოციური ტიპი კი გახლავთ, მაგრამ საკუთარი თავის ხელში აყვანა ანუ როგორც კახეთში იტყვიან, „თავ კონტროლის გაწევა“ ნამდვილად არ უჭირს და ამდენად გასაკვირია, რატომ ატეხა ისტერიკა გასახდელში, გაიწია „იუვენტუსის“ კლუბის ხელმძღვანელებზე მუშტებით, მიატოვა გუნდი და  სახლში გაიქცა. შემდეგ დაჰკრა ფეხი, საკუთარ თვითმფრინავში ჩაჯდა და პორტუგალიის ნაკრებს შეუერთდა, რომელსაც ესპანეთთან ამხანაგური მატჩი ჰქონდა გასამართი.

წინა კვირას, „იუვე“-„ნაპოლის“ არგამართულ მატჩამდე რამდენიმე დღით ადრე „იუვენტუსის“ კლუბის ორ თანამშრომელს კორონავირუსი აღმოაჩნდა. როგორც იტალიის ჯანდაცვის სამინისტროს პროტოკოლი მოითხოვს, კოლექტივში ვინმეს დასნებოვნების შემთხვევაში ის წევრები, რომლებსაც კორონატესტი უარყოფითი ექნებათ, თვითიზოლაციაში გადადიან, მაგრამ ერთად ყოფნა და საქმიანობა არ ეკრძალებათ.

ამრიგად, „იუვენტუსის“ ფეხბურთელები, მწვრთნელები და მომსახურე პერსონალი  ტურინში, კლუბის ოთხვარსკვლავიან სასტუმროში დასახლდნენ, ზედ საწვრთნელი ბაზის სიახლოვეს. გრაფიკის მიხედვით ატარებდნენ საწვრთნელ პროცესს და მეორეჯერაც ჩაიტარეს ტესტი. ბევრ ფეხბურთელს საკუთარ ნაკრებებთან შეერთება უწევდათ, მაგრამ გამოუცხადეს, რომ ვიდრე მესამე ტესტს არ ჩაიტარებდნენ, სასტუმროს ვერ დატოვებდნენ. ეს ბევრს ძალიან არ ესიამოვნა, მაგრამ პროტესტი ხმამაღლა არ გამოუხატავთ, კრიშტიანო რონალდო კი აფეთქდა, მთელი ხმით აყვირდა, ისტერიკა დაემართა, ხოლო როდესაც კლუბის ფუნქციონერებმა განუმარტეს, ჩვენ პროტოკოლის მიხედვით ვმოქმედებთო, ერთი თქვენი პროტოკოლი და თქვენი კეთილებიცო და მათზე მუშტებით გაიწია და რომ არა თანაგუნდელების შუაში ჩადგომა და გაშველება, Football Italia-ს ცნობი,  ფაბიო პარატიჩის მაგრად გატყიპავდა კიდეც.

ოდნავ დამშვიდებულმა კრისტიმ აკრიფა თავისი ბარგი ბარხანა და შინისაკენ გასწია. „ყოჩის“ მაგალითით გათამამებულმა ნაკრებებში გამოძახებულმა სხვა ფეხბურთელებმაც, დიბალამ, კუადრადომ, დანილომ, ბეტანკურმა და დემირელმა მას მიბაძეს და სასტუმრო მიატოვეს. გეცოდინებათ, დიბალა ლუის სუარესთან და რამდენიმე სხვა ფეხბურთელთან ერთად ლეო მესიმ საკუთარი თვითმფრინავით გადააფრინა ბუენოს აირესში.

მეორე დღეს, მესამე ტესტის გაკეთების შემდეგ, დანარჩენი ფეხბურთელები შინ გაუშვეს, ხოლო „გაქცეულების“ შესახებ პროკურატურას შეატყობინეს და მათაც მოკვლევა დაიწყეს. არ იფიქროთ, რონალდოსა და დანარჩენებს ციხე და პატიმრობა ემუქრებოდეთ, დიდი-დიდი 1000 ევროთი დააჯარიმონ, რაც მათთვის ერთი სადილის ფულია.

სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო