11 X 11
სპორტული პორტალი

ფრე სომხეთთან [VIDEO]

0 1, 704

სომხეთი – საქართველო 2:2

სომხეთი: იურჩენკო, კ.ჰოვანესიანი (კადმიანი, 81), ნაროიანი, კალიშირი, ა.ჰოვანესიანი, ანგულო (გარეგინიანი,67), გრიგორიანი, ბარსეგიანი (ბიჩახჩიანი, 90), მხითარიანი, ბაირამიანი, კარაპეტიანი (ბაბაიანი, 67).

საქართველო:  მაკარიძე , ჯიღაური, კობახიძე, გრიგალავა, ნავალოვსკი ,კანკავა (კვეკვესკირი, 76), აბურჯანია (დაუშვილი, 76), გვილია (ოქრიაშვილი, 61) , ყაზაიშვილი, შენგელია (ლობჯანიძე, 80), კაჭარავა (ლობჟანიძე, 80).

გოლები: ბაირამიანი, 6 (1:0); კაჭარავა, 46 (1:1); ოქრიაშვილი, 74 (1:2), მხითარიანი, 89-პენ. (2:2)

მსაჯი: ი.ბებეკი (ხორვატია).

 

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა, როგორც ანონსირებული ჰქონდა, იმაზე მეტად შეცვალა შემადგენლობა და მოედანზე ჩვენი ნაკრები ფაქტობრივად მეორე გუნდით გავიდა. რაც შეეხება სომხებს, მათ ყველა უძლიერესი ფეხბურთელი შეეკრიბათ და სწრაფი გოლიც გაიტანეს. ქართველთა დაცვამ ჯერ მარჯვენა ფლანგიდან გაატარა სომეხი გარემარბი და მერე მის განივ პასზე დაცვის ცენტრმა შესაბამისად ვერ ირეაგირა და ანგარიშიც გაიხსნა.

აქედან მოყოლებული ჯვაროსნები მეტოქეზე უკეთ გამოიყურებოდნენ. მიუხედავად უამრავი უზუსტობისა და შეუთანხმებლობისა, ბურთს თითქმის სულ ფლობდნენ და მეტოქის კარს რამდენიმეჯერ ხიფათიც შეუქმნეს. მათი გოლად რეალიზება ჩვენი შემტევების უზუსტობის ბრალი გახლდათ, თუმცა ორ ეპიზოდში სომეხთა მეკარემ იხსნა თავისიანები. მიუხედავად ასეთი სათამაშო უპირატესობისა, მეტოქის იშვიათი კონტრიერიშების დროს თვალშისაცემი იყო ჩვენი დაცვის არადამაჯერებელი მოქმედება.

მეორე ტაიმი დაიწყო თუ არა, სწრაფი გოლი ახლა სომეხთა კარში გავიდა და ცოტა არ იყოს კურიოზულიც. შენგელიას ფლანგური გარღვევა საჯარიმოში დიაგონალური ჩაწოდებით გააგრძელა, მასზე დასარტყმელად მიგებებულმა, მეურვესთან ორთაბრძოლაში მყოფმა კაჭარავამ  ბურთზე კონტროლი არ დაკარგა და მკერდი მიარტყა. მთლად რონალდინიოსებური არ გამოუვიდა, მაგრამ ამან ისე დააბნია იურჩენკო, რომ საკმაოდ იოლად ასაღები ბურთი გაუშვა.

ამის შემდეგ თამაშის ტემპმა მოიმატა, იმატა შეცდომებმაც, ამაში სომხები გვჯობდნენ და ამიტომ ქართველთა უპირატესობა კიდევ უფრო გაიზარდა. ოქრიაშვილის მოედანზე შესვლამ სომხებს პრობლემები მოუმატა, ორი მწვავე მომენტიც ვერ მიიყვანეს ჩვენებმა გოლამდე, მაგრამ მოსახდენი მაინც მოხდა. მარჯვენა ფლანგიდან დაწყებული მართლაც კარგი, მრავალსვლიანი იერიში ოქრიაშვილმა დაასრულა ზუსტი დარტყმით. ამის შემდეგაც უკეთესნი ქართველები იყვნენ, თითქოს მატჩი მოგებამდე მიიყვანეს კიდეც, მაგრამ დაუშვილს საჯარიმოში ბურთი ხელზე მოხვდა და პენალტით მხითარიანმა ანგარიში გაათანაბრა. დარჩენილი კომპენსირებული ხუთი წუთი მიილია და ფრე დაფიქსირდა.

სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო