11 X 11
სპორტული პორტალი

პატარა მენაგვე ლუის სუარესის ზღაპრული სიყვარულის ისტორია

0

ორი დღის წინ ზუსტად 18 წელი შესრულდა მას შემდეგ, რაც ლუის სუარესი და სოფი ბალბი ერთად არიან და სამ შვილს ზრდიან.

როდესაც ერთმანეთი გაიცნეს, ლუისი მენაგვედ მუშაობდა, ხოლო სოფი შეძლებული ოჯახის შვილი იყო, მაგრამ სიყვარულს ასეთი რამ ხელს არ უშლის, მითუმეტეს, როდესააც ბიჭი 15 წლისაა, ხოლო გოგო 13-ის.

ამ პატარა წყვილის ტრფობას მალე დიდი ხიფათი დაემუქრა, რადგან სოფის ოჯახი ურუგვაიდან ესპანეთში გადავიდა საცხოვრებლად. მანამდე თავქარიანი ლუისი სოფის დაკარგვის შიშმა აიძულა მთლიანად ფეხბურთისთვის მიეძღვნა თავი, რადგან სხვა საშუალება ევროპაში ჩასულიყო, უბრალოდ არ ჰქონდა.

 

მონტევიდეოში გადასვლა, ისევ სიღარიბე, მშობლების გაყრა და ფეხბურთი

 

ლუის სუარესი 7 წლის იყო, როდესაც მისი მშობლები შვიდ შვილთან ერთად ურუგვაის სიდიდით მეორე ქალაქ სალტოდან დედაქალაქ მონტევიდეოში გადავიდნენ, მაგრამ არც იქ გაუმჯობესდა მათი ცხოვრება. ლუისის დედა და მამა ხშირად ჩხუბობდნენ და ორი წლის შემდეგ კაცი სახლიდან გაიქცა და ბავშვები, ორი გოგონა და ხუთი ბიჭი მარტოხელა ქალის გასაზრდელი გახდნენ. ლუისის დედა სახლიდან მთელი დღე გასული იყო, სადგურში მუშაობდა დამლაგებლად, ბავშვები კი ფაქტობრივად, ბედის ანაბარად იყვნენ მიგდებულნი, არცთუ კარგი რეპუტაციის უბანში.

ბიჭების ყველაზე კარგი და შეიძლება ითქვას, ერთადერთი გართობა ფეხბურთის თამაში გახლდათ. ლუისის, მისი ძმების და უბნელების სტადიონი საკმაოდ ფართო ქუჩა გახლდთ, რომლსაც ერთ მხარეს ქალთა საპატიმროს გრძელი და მაღალი აგურის კედელი მიუყვებოდა, ალაგ-ალაგ ასფალტი არ ეგო და უსწორმასწორო გრუნტზე უხდებოდათ ბურთაობა. ლუისი დიდად არაფრით გამოირჩეოდა სხვებისგან, მაგრამ დიდი ჟინით და თამაშის უცნაური მანერით ახერხებდა ქუჩის გუნდის ლიდერობა რგებოდა.

ლუისი იხსენებს, რომ არ ახსოვს დედას ან მამას ოდესმე საუბარი გაებათ მის პრობლემებზე, დაინტერესებულიყვნენ რა აწუხებდა ან რას ესწრაფვოდა, მიეცათ რჩევა-დარიგება და ა.შ. არადა, ამგვარი დამოკიდებულება ნამდვილად გააბედნიერებდა ბიჭს.

 

მენაგვისა და მდიდარი გოგოს ბედნიერი შეხვედრა

 

 

გამოხდა ხანი და 15 წლის ლუისს ასეთ ადამიანად, სასაცილოც კი არის, მაგრამ 13 წლის გოგო გამოუჩნდა. სოფის და ლუისს ერთი ნახვით შეუყვარდათ ერთმანეთი და ამ სიყვარულით ბავშვურად ბედნიერები იყვნენ. სოფის მდიდარი მშობლები ჰყავდა, მონტევიდეოს მახლობლად, 23 კილომეტრის დაშორებით პატარა ელიტურ ქალაქ სოლიმარიში ცხოვრობდა და საერთოდ არ განიცდიდა მისი შეყვარებული მენაგვეობით რომ შოულობდა ნაყინის ფულს.

ფული მართლაც ძალიან სჭირდებოდა შეყვარებულ ლუისს, რომელსაც სატრფოს მოსანახულებლად წინ და უკანა გზისთვის 40 პესო მაინც უნდა ჰქონოდა. ერთადერთი, ვისთვისაც შეიძლება ეთხოვა, უფროსი და ჯოვანა იყო, ხოლო როდესაც ის უარით გაისტუმრებდა, მაშინ „ნასიონალის“  ბავშვთა და ახალგაზრდული გუნდების მწვრთნელებს ეღრიჯებოდა ავტობუსის ბილეთი დამიფინანსეთო.

ლუისს უკვე იმედის თვალით უყურებდნენ კლუბის შეფები და როდესაც ისინი მისი  გუნდის თამაშს ესწრებოდნენ, მხიარული ხასიათის ტალანტი წინასწარ გაურიგდებოდა, თუ გოლს გავიტან ამდენი და ამდენი პესო გადამიხადეთო. ისინიც არ უარობდნენ „არაოფიციალური ბონუსების“ მიცემას. სუარესი მადლიერებით იხსენებს თავისი ბავშვობის სპონსორებს, უილსონ პერესსა და ხოსე ლუის ესპოზიტოს.

 

პირველი კურიოზული პაემანი და სოფის ოჯახში

 

შეყვარებულების პირველი პაემანი კურიოზული გამოდგა და ლამის დაასრულა კიდეც მათი ურთიერთობა. ლუისმა შეხვედრის ადგილად სავაჭრო ცენტრი დაუნიშნა, იქ ადრე მივიდა და სათამაშო ავტომატებით ისე გაერთო, რომ არც შეწუხებულა დაწყებული თავსხმა წვიმის გამო. იფიქრა სოფიმ სადმე შეაფარა თავიო. არადა, გოგო გარეთ ელოდებოდა, ეგონა ლუისი იქ მივიდოდა. ვაჟი რომ აღარ გამოჩნდა, სუარესებთან დარეკა. ჯოვანამ უთხრა, რომ ლუისი თავის გოგონასთან შესახვედრად არის წასული. სოფის სხვა რა უნდა ეფიქრა, თუ არა შეყვარებული ასე თავხედურად მღალატობსო და გალუმპული და ატირებული სახლში წავიდა. ლუისს დიდი ახსნა-განმარტება არ დასჭირვებია, სოფის გული მალევე მოუბრუნდა.

საინტერესოა, რომ გოგოს მშობლები სულაც არ წუხდნენ იმის გამო, რომ მათი შვილი  მენაგვეზე იყო შეყვარებული. ძალიან მოსწონდათ მხიარული, ლაღი და ხალისიანი ბიჭი, რომელიც მალე გაიშინაურეს. საოჯახო საქმეებში გულმოდგინედ და მარჯვედ ეხმარებოდა სოფის დედას, მათთან სადილობდა და ვახშმობდა. შეეძლო ყოველგვარი მორიდების გარეშე გაეღო მაცივარი და რაც ეგემრიელობოდა, მიერთვა დაუკითხავად. არც იმაზე იხევდა უკან, საყიდლებიდან დაბრუნებული სოფის მშობლების მიერ მოტანილი პროდუქტების პარკები დაეთვალიერებინა და რაც მოეწონებოდა, ეგრევე გადაესანსლა. ამას ლუისი ისეთი უშუალობით აკეთებდა, რომ პირიქით მოსწონდათ კიდეც.

სოფი ლუისს სწავლასაც აძალებდა, ამეცადინებდა, ეუბნებოდა, რომ ყველაფრის ადვილად ათვისება შეეძლო, ოღონდ სწავლას გულისყურით უნდა მოკიდებოდა. ლუისი ორჯერ ჩარჩა კლასში და სოფისა და დედამისის წყალობით ეს ჩამორჩენა დასძლია. საინტერესოა, რომ სოფისა და ლუისის კამათის დროს სოფის დედა ხშირად ბიჭის მხარეს იჭერდა და თავის შვილს მოუწოდებდა, ყოველთვის თავი მართალი ნუ ეგონა.

 

კარიერის დასრულების საშიშროება დასაწყისშივე

 

ერთი პერიოდი ლუისი, რომელსაც მცირე შემოსავალი გაუჩნდა „ნასიონალის“ ახალგაზრდულ გუნდში, გართობას მიეძალა, ლამის ყოველდღიურმა კინოებმა და დისკოთეკებმა მის სპორტულ ფორმაზე იმოქმედა და ერთ სეზონსი 37 მატჩში სულ 8 გოლი გაიტანა და გუნდიდან გაშვებასაც უპირებდნენ, მაგრამ სოფიმ მაგრად შეჯორა, კალაპოტში ჩააყენა და კლუბმაც ერთი შანსი მისცა სუარესს, რომელმაც ისევ დაიწყო გოლების გატანა.

 

მიჯნურების განშორება

 

თითქოს ყველაფერი კარგად მიდიოდა, მაგრამ მოხდა გაუთვალისწინებელი რამ. ბანკი, სადაც სოფის მამა მუშაობდა, გაკოტრდა და კაცი უმუშევარი დარჩა. მისი ძმები და ბიძაშვილები ცნობილი ადვოკატები და დიპლომატები იყვნენ და ურჩიეს ერთ ძმასთან, რომელიც ესპანეთში მაღალ პოსტზე მუშაობდა, გადასულიყო. სოფის მამას ბარსელონაში მაღალანაზღაურებადი სამსახური უშოვნეს და ოჯახსაც ესპანეთში გადასახლება მოუწია.

შეყვარებულებისათვის ეს ნამდვილი ტრაგედია იყო, მაგრამ რა უნდა ექნათ? სოფის დედამ ისიც კი უთხრა შვილს, რომ სკოლა ბარსელონაში დაემთავრებინა და შემდეგ დაბრუნებულიყო ურუგვაიში თავის სატრფოსთან. ლუისი იგონებს, რომ დამშვიდობებისას თითქმის დარწმუნებული იყო, რომ სოფის ვეღარასოდეს ნახავდა.

შეხვედრების ნაცვლად შეყვარებულები ახლა საათობით ლაპარაკობდნენ ტელეფონით. სუარესი თავის მცირე შემოსავალს მთლიანად ამ საუბრებზე ხარჯავდა. სოფი მასზე ძლიერად განიცდიდა ამ განშორებას და ერთხელაც გადაჭრით მოთხოვა ლუისს, ჩასულიყო ბარსელონაში, თორემ აღარასოდეს დაელაპარაკებოდა და სამუდამოდ დაივიწყებდა. ეტყობა გოგონა ეჭვიანობდა. ამ მუქარით დაფეთებულმა ლუისმა თავის პირად აგენტს (უკვე ყავდა) ბარსელონამდე და უკან დასაბრუნებელი ბილეთი აყიდინა, ცოტა ფული თავადაც ჰქონდა, უფროსმა ძმამაც 60 დოლარი აჩუქა და 2003 წელს სოფი და ლუისი ისევ შეხვდნენ ერთმანეთს.

ევროპაში ყოფნამ სუარესი დაარწმუნა, რომ ფეხბურთი იყო ერთადერთი საშუალება, რათა ისიც იქ დამკვიდრებულიყო და სოფისთან ერთად ეცხოვრა. ამიტომ გადაწყვიტა, თავი გადაედო, ევარჯიშა და კარიერული წინსვლა ჰქონოდა. სოფიც ბარსელონადან გვერდით ედგა, ურჩევდა წვრთნის მეთოდებს, დასვენების რეჟიმს და რაც მთავარია სწორ კვებას.

 

ნასიონალის ძირითადში გადასვლა და კონტრაქტი „გრონინგენთან“

 

2005 წელს სუარესი უკვე „ნასიონალის“ ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელი გახდა და კარგადაც თამაშობდა. ის უკვე იყო საფეხბურთო სკაუტების თვალთახედვის არეში. 2006 წელს მონტევიდეოში „გრონინგენის“ სკაუტები ჩავიდნენ. ისინი სხვა გუნდის ჩილელ ფეხბურთელზე დასაკვირვებლად იყვნენ მიპატიჟებულნი. ერთ დღესაც თავისუფალი დრო გამოუჩნდათ და „ნასიონალის“ თამაშს დაესწრენ, რათა საქმეში სუარესიც ენახათ, რადგან ის ძალიან უქეს ნიდერლანდელებს. ლუისი იხსენებს, რომ ძალიან კარგ ფორმაში იყო, მატჩიც ძალიან პრინციპული გახლდათ და მართლაც მაგრად ითამაშა.

როდესაც კონტრაქტს აფორმებდა, ლუისს წარმოდგენაც არ ჰქონდა სად იყო გრონინგენი, მაგრამ ის კი დანამდვილებით იცოდა, რომ ევროპაში იყო და ბევრად უფრო ახლოს იყო ბარსელონასთან, ვიდრე მონტევიდეოსთან.

ნიდრლანდებში გადასვლის პირველივე დასვენების დღეებში ბარსელონაში ჩაფრინდა და სოფი და მისი ოჯახი მოინახულა. უკან გაფრენის წინ აეროპორტში მიხვდა, რომ მარტო გაფრენა აღარ შეეძლო და სოფის უთხრა, რომ თან წაყოლოდა. სოფიმ უპასუხა, რომ მასზე მეტად უნდოდა გრონინგენში წასვლა, მაგრამ არც ბილეთი ჰქონდა და ჯერ 16 წლისაც არ იყო. სუარესმა მოახერხა ბილეთის შოვნა და უკვე ჰაერში დარწმუნდა, რომ უკვე ერთად იყვნენ და ვეღარაფერი დაასორებდათ. შემდეგ კვირას სოფი ბარსელონაში დაბრუნდა, თავისი ბარგი-ბარხანა აკრიფა და მას შემდეგ განუყრელნი არიან.

2009 წლის 16 მარტს სოფიმ და ლუისმა ოფიცილურად იქორწინეს, პირმშო დელფინას დაბადებამდე ორი თვით ადრე და დღესაც, 18 წლის შემდეგაც არ გახუნებულა მათი ტრფობა.

 

სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო