11 X 11
სპორტული პორტალი

მატარაძის პირველი ფრანგული ლელო და ბორჯღალოსნების დებიუტები

0 4

სანაკრებო შეკრების წინ, ბორჯღალოსნებმა ტოპ 14-ისა და პრო დე2-ის კლუბებში, მიმდინარე სეზონში პირველი თამაშები ჩაატარეს. გავიდა ერთი ქართული ლელო – თორნიკე მატარაძემ პირველი ფრანგული ლელო გაიტანა.

ორ-ორად სამ გუნდში

საფრანგეთის ტოპ 14-ის მე-4 ტური კვლავ ნაკლულად ჩატარდა. ორი მატჩი კორონავირუსის პანდემიის გამო გადაიდო.

ჩატარებული ხუთი მატჩიდან სამში, თითო გუნდში წყვილ-წყვილად ითამაშეს ქართველმა ლეგიონერებმა. მათგან ორი, მიმდინარე სეზონში პირველი გუნდის განაცხადში პირველად გამოჩნდა.

„სტად ფრანსე“ „აჟენს“ ეწვია და სეზონის მეორე გამარჯვება იზეიმა – 20:3. პარიზელებმა ქართველი ბურჯებით ზედიზედ მეორე თამაში დაიწყეს.

გიორგი მელიქიძე 36-ე წუთზე შეცვალეს, თუმცა 61-ეზე მოედანზე დაბრუნდა და ბოლომდე გაისარჯა. 51 წუთი ითამაშა ვასილ კაკოვინმა.

მიმდინარე სეზონში ‘მონპელიეს’ შემადგენლობაში პირველად ითამაშა 9 ნომერმა გელა აფრასიძემ. ის ‘ტულონთან’ სტუმრად 21:25 წაგებულ მატჩში შეცვლაზე 65-ე წუთზე შევიდა. ‘მონპელიეს’ ძირითადში იყო და ერთი საათი ითამაშა ბურჯმა მიხეილ ნარიაშვილმა.

‘რასინგ 92’-ის შემადგენლობაში მიმდინარე სეზონში პირველი თამაში ჩაატარა გია ხარაიშვილმა. ის შეცვლაზე 57-ე წუთზე შევიდა. პირველიდან 57-ე წუთამდე ითამაშა გურამ გოგიჩაშვილმა. მისთვის ეს მეორე თამაში იყო და პირველი სასტარტო შემადგენლობაში. პარიზელებმა ‘ტულუზს’ უმასპინძლეს და მთელმა მატჩმა ბრძოლაში ჩაიარა, გამარჯვება კი სტუმრებს დარჩათ – 30:24.

მატარაძის პირველი ლელო

პრო დე2-ის მე-5 ტური წარმატებული აღმოჩნდა ქართველი ლეგიონერებისთვის. თორნიკე მატარაძემ საფრანგეთში პირველი ლელო გაიტანა, ნაკრებში გამოძახებულ მორაგბეებს კი დებიუტი, ან მეტი სათამაშო დრო ჰქონდათ.

‘ნევერის’ ბურჯმა თორნიკე მატარაძემ, რომელიც საფრანგეთში 2016 წლიდან (პირველი ორი წელი ‘ლიონში’) თამაშობს, თავისი პირველი ლელო გაიტანა. მას გასულ ორ სეზონში პირველი გუნდის შემადგენლობაში 30 თამაში აქვს ჩატარებული, წელს კი განაცხადში პირველად მოხვდა. ის გურამ პაპიძესთან ერთად სასტარტო შემადგენლობაში იყო – თორნიკემ 65 წუთი ითამაშა, გურამმა 60.

‘ნევერი’ სტუმრად ქართველების ‘ორიაკს’ ეთამაშა და 17:23 დამარცხდა. მატარაძემ ლელო 49-ე წუთზე გაიტანა და სხვაობა 3 ქულამდე დაიყვანა, მაგრამ მას შემდეგ მხოლოდ ერთი ჯარიმა გავიდა, მასპინძელთა სასარგებლოდ. ‘ორიაკის’ მხრიდან ამ გამარჯვებაში წვლილი ხუთ ქართველს მიუძღვის. სასტარტო შემადგენლობაში იყვნენ მეორეხაზელი გიორგი ჯავახია (შესვენებისას შეცვალეს) და კვაჭი ლუკა ნიორაძე (64 წუთი). მეორე ტაიმი სრულად ითამაშეს 9 ნომერმა მიხეილ ალანიამ და მესამეხაზელმა ბექა საღინაძემ, ხოლო ბურჯი გიორგი ქართველიშვილი მოედანზე 49-ე წუთზე გამოჩნდა.

მიმდინარე სეზონში პირველად ითამაშა შუამარბმა თამაზ მჭედლიძემ. მისი ‘რუანი’ ‘ანგულემს’ ეწვია და სეზონში პირველი გამარჯვება მოიპოვა – 28:24. მჭედლიძე სასტარტო შემადგენლობაში იყო და 69-ე წუთზე შეცვალეს. მასპინძელთა ძირითადში იყვნენ ბურჯი ლუკა გოგინავა და მეორეხაზელი შალვა სუთიაშვილი. გოგინავა 46-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო სუთიაშვილი სრულად გაისარჯა და 56-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო.

ზაზა ნავროზაშვილის ‘პროვანსმა’ ‘კოლომიეს’ უმასპინძლა და 15:23 დამარცხდა. ქართველმა ბურჯმა მეორე ტაიმი სრულად ითამაშა.

ახალ გუნდში თავისი პირველი მატჩი ჩაატარა დუდუ ქუბრიაშვილმა. შეგახსენებთ, ის ‘პერპინიანს’ ახლახანს შეუერთდა და ‘გრენობლთან’ 26:18 მოგებულ შეხვედრაში შეცვლაზე 53-ე წუთზე შევიდა. ‘გრენობლის’ რიგებში პირველიდან 50-ე წუთამდე ითამაშა ილია კაიკაციშვილმა.

‘ბიარიცის’ პირველ გუნდში დებიუტი ჰქონდა მესამეხაზელ თორნიკე ჯალაღონიას, რომელიც ნაკრებშია გამოძახებული. მან შეცვლაზე 65-ე წუთიდან ითამაშა. სასტარტო შემადგენლობაში იყო ნაკრებში გამოძახებული ბურჯი ლუკა აზარიაშვილი, რომლის მაგივრად 55-ე წუთიდან თამაშში გიორგი ნუცუბიძე ჩაერთო. 55-ე წუთიდან ითამაშა უშანგი ჭეიშვილმაც. ‘ბიარიცმა’ ‘კარკასონი’ მიიღო და ბონუსით, 37:10 დაამარცხა.

 

rugby.ge
სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო