11 X 11
სპორტული პორტალი

“შეიძლება საიდუმლო გაგანდო? მეც ვნერვიულობ…” – კლოპმა 11-წლის ბიჭუნას მიწერა

0
11 წლის ინგლისელმა, ლუის ბალფმა დაწყებითი სკოლა დაასრულა და მეორე საფეხურზე გადასასვლელად ემზადებოდა. თუმცა, ბიჭუნა სიახლეებს აფორიაქებული შეხვდა, ახალი თანაკლასელების, მასწავლებლებისა და საგნების გამო ძალიან ღელავდა. ერთერთმა მეგობარმა კი ურჩია: შენს გმირს მიწერე, იქნებ ის დაგეხმაროს სტრესის დაძლევაში. ლუისი კი “ლივერპულის” გულშემატკივარია და არჩევანიც ცხადი იყო – იურგენ კლოპისთვის უნდა მიეწერა. ბიჭუნა კლოპისაგან პასუხს არც ელოდა, ფოსტაში კი კლუბიდან ოფიციალური კონვერტი მოვიდა, მასში კი იურგენის წერილი იდო: “გამარჯობა ლუის. შეიძლება ერთი საიდუმლო გაგანდო? მეც ვნერვიულობ. გულწრფელად რომ გითხრა, ცუდად ვიგრძნობდი თავს, რომ არ ვნერვიულობდე, რადგან ეს უდიდეს ენერგიას მაძლევს, რომელსაც დადებით მიმართულებით ვიყენებ. შენი ასაკის ბიჭისთვის, შესაძლოა უცნაურად ჟღერდეს, რომ “ლივერპულის” მწვრთნელი იგივე რამეს გრძნობს, რასაც შენ. თუმცა ეს სიმართლეა. მონაწერიდან მივხვდი, რომ ძალიან მოფიქრალი და მზრუნველი ბიჭი ხარ, ასეთი თვისებებით კი ძნელია არ ინერვიულო. მკითხე, რას ვაკეთებ, როცა ჩემი ფეხბურთელები ღელავენ. მარტივი პასუხი მაქვს – ვახსენებ მათ, რამდენად მნიშვნელოვანი არიან ჩემთვის და იმას, რომ ძალიან ვენდობი. დარწმუნებული ვარ, ეს მეთოდი შენს ოჯახშიც იმუშავებს. არასდროს უნდა იდარდო იმაზე, რომ ცხოვრებაში უსიამოვნებები ხდება. როგორც იცი, რამდენიმე ფინალი წავაგე – მათ ჩემთვის ყველაზე სასიამოვნო გრძნობები არ მოუტანიათ. თუმცა, მეგობრებისა და ოჯახის დახმრებით წინასვლას განვაგრძობდი – ახლა კი მხიარულების მიზეზიც გვაქვს. ცუდ მომენტებზე რომ გამემახვილებინა ყურადღება, კარგი არაფერი მოხდებოდა. ამიტომაც, საკუთარი თავის მიმართ პოზიტიურად განეწყვე და იცოდე, აუცილებლად მოვა კარგი დრო, რომელიც შენ მომავალში გელოდება. და არ დაგავიწყდეს, შენ “ლივერპულის” დიდი ოჯახის წევრი ხარ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მსოფლიოში მილიონობით ადამიანია, რომელსაც სურს ძალიან ბედნიერი იყო. შენი მხარდაჭერა ჩემთვისა და “ლივერპულის” ყველა ფეხბურთელისთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. იმედია, ეს წერილი დაგანახებს, რომ ჩვენ შენ გვერდით ვართ.” You’ll Never Walk Alone.” ბიჭუნა კი მაღაზიაში გაიქცა და კლოპის წერილისთვის ჩარჩო იყიდა. ლუისი ჯერ არასდროს ყოფილა “ლივერპულის” თამაშზე, თუმცა კლუბის მუზეუმში ექსკურსიაზე გახლდათ. “რასაკვრიველია, ლუისი შოკში იყო. მას ხომ თავად კლოპმა მიწერა. ამ წერილს ის ცხოვრების ბოლომდე შეინახავს. თუ კი ოდესმე კიდევ ინერვიულებს, იმედი მაქვს, კლოპის სიტყვები ყოველთვის დაეხმარება,”- განაცხადა დედამ.  
სხვა სიახლეები
გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო