11 X 11
სპორტული პორტალი

კვარაცხელიას მინი შედევრი და ხელიდან გაშვებული მოგება [VIDEO]

0 3, 398

 

ჩრდ. მაკედონია – საქართველო

სკოპიე, „ტოშე პროესკი“.

ჩრდ. მაკედონია: დიმიტრიევსკი, ზაიკოვი, რისტევსკი (სტოიანოვსკი, 80), რისტოვსკი, ალიოსკი, კოსტადინოვი, ნიკოლოვი, ტრიკოვსკი (ველკოვსკი, 80), პანდევი, ნესტეროვსკი (შიშკოვსკი,69) .

საქართველო: ლორია, ჯიღაური, კვირკველია, ტაბიძე, დვალი (ნავალოვსკი, 90), დაუშვილი (კვარაცხელია,69) , კვეკვესკირი, კიტეიშვილი (ლობჟანიძე,7), გვილია, ყაზაიშვილი (კობახიძე, 90), ქვილითაია (კაჭარავა, 70) .

გოლები: კვარაცხელია, 75 (0:1); ალოისკი, 90+3 (1:1).

გაძევება: დიმიტრიევსკი, 68.

მსაჯი: ბ. ფრანკოვსკი (პოლონეთი).

საქართველოს ნაკრების თავკაცმა ვლადიმირ ვაისმა წინა თამაშების მსგავსად შემადგენლობა დაპირებისამებრ მნიშვნელოვნად გადაახალისა, მაგრამ არჩეული ტაქტიკური განლაგებისათვის 4-5(2-3)-1 არც ამჯერად უღალატია და უნდა ითქვას, რომ მისი ვიზავის სამმცველიანი ტაქტიკური სქემის წინააღმდეგ ჩვენების განლაგება თეორიულად მომგებიანია, მაგრამ ეს მხოლოდ თეორიულად.

თამაში საკამოდ ნელ ტემპში, პოზიციურ ბრძოლაში დაიწყო და შესვენებამდე ასე წარიმართა. არც ერთი გუნდი არც ცდილობდა სიტუაციის გამწვავებას, შეტევაზე მხოლოდ მცირე ძალებით გადადიოდნენ, იყენებდნენ ე.წ. მცირე ფოლის ტაქტიკას მოწინააღმდეგის იერიშის დასაწყისშივე ჩასაშლელად და შედეგად მეკარეებს საქმე საერთოდ არ ჰქონიათ. ამგვარ უსახურ თამაშში არც ვინმეს უცდია თუნდაც ინდივიდუალური მანევრით შეეცვალა რამე. ერთი ეგ იყო, ტაიმის ბოლოსკენ მაკედონელებმა რამდენიმე კუთხური ჩააწოდეს , მაგრამ უხეიროდ და 45 წუთიც ამოიწურა.

მეორე ტაიმი საკვირველად ცოცხლად დაიწყო და სახიფათო მომენტიც შეიქმნა ლობჟანიძის ფლანგური შეტევის შედეგად, რომელიც დაუშვილის პირველი ზუსტი დარტმით კი დასრულდა, მაგრამ დიმიტრიევსკიმ იმარჯვა. ორიოდე წუთში უკვე ლორიას მოუწია შორეული დარტყმის მოგერიება. მოკლედ, თამაში რაღაცას დაემსგავსა.

სიტუაცია მას შემდეგ გამწვავდა, რაც მასპინძელთა მეკარემ საჯარიმოს გარეთ ჩვენების შეტევა ჩაშალა და მოედნიდან მიაბრძანეს. ვაისმა იმ წამსვე კაჭარავა და კვარაცხელია შეუშვა. პირველის პირველივე დარტყმა ძელს მოხვდა, შემდეგ კი კვარაცხელიამ ის გააკეთა, რაც შეუძლია და რითაც შეაყვარა თავი ქართველ და არა მარტო ქართველ გულშემატკივარს – მარცხენა ფლანგიდან საჯარიმოში შეჭრილმა ორი მცველი გააცურა და შორეულ კუთხეში შეჭედა ბურთი.

კაცნაკლულმა მასპინძლებმა გარისკეს და ანგარიშის გასათანაბრებლად დიდი ძალები გადაისროლეს წინ. დროდადრო ლორიას კართან ჩამოცხებოდა ხოლმე, მაგრამ ჩვენებსაც უჩნდებოდათ კონტრიერიშის შანსი, ერთხელ გოლიც გაიტანეს, მაგრამ თამაშგარე იყო, მეორედ კი შიშკოვსკიმ აუღო საგოლედ დარტყმული კაჭარავას. თითქოს მოგება გარანტირებული იყო, მაგრამ კომპენსირებულ დროში დაცვაში შეუთანხმებელობას პენალტი მოჰყვა, რომელიც ალოისკიმ გაიტანა და ასე გავუშვით ხელიდან კუთვნილი 3 ქულა.

 

 

სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო