11 X 11
სპორტული პორტალი

ვინ გაიტანა პირველად პენალტი თავით?

0 29

ამგვარი ტრიუკი ოფიციალურ მატჩებში არსად არ არის დაფიქსირებული და არც გინესის რეკორდების წიგნშია შესული. თუმცა, საბჭოთა კავშირის რამდენიმე გამოცემაში არსებობს ინფორმაცია, რომ 1971 წლის აგვისტოში, პოლტავის „სტროიტელის“ 25 წლის თავდამსხმელმა ალექსანდრ მოლოდეცკიმ თავურით გაიტანა პენალტი და შემდეგ ყველგან მოჰყვება ციტატა: „გამოვექანე, დავიხარე და უძრავ ბურთს ნახტომში თავი დავარტყი. გოლი! ბურთი მეკარისაგან მარჯვენა დაბალ კუთხეში გავიდა“.

მომდევნო წლებში რამდენიმე სოლიდურ ინგლისურ საფეხბურთო წიგნში ეს  პენალტი მოხსენიებულია, ოღონდ ყველგან აღნიშნულია, რომ ამ ფაქტის დამადასტურებელი დოკუმენტური მასალა არ არსებობს.

მაინც ვინ იყო ალექსანდრ მოლოდეცკი და რა არის ცნობილი მის შესახებ?

მისი ერთადერთი ინტერვიუ დაბეჭდილია უკრაინულ გაზეთ „სეგოდნიას“ 1999 წლის ერთ ნომერში, სადაც მოლოდეცკი ამბობს, რომ თავით პენალტი არა ოფიციალურ მატჩში, არამედ ვარჯიშზე გაიტანა მწვრთნელის მითითებით, რომელიც დაპირდა, რომ ამ შემთხვევაში მას უკრაინის ნაკრებში მიიწვევდნენ. საერთოდაც ამ ინტერვიუდან ირკვევა, რომ მოლოდეცკის ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა. ის ამტკიცებდა, რომ ანტისაბჭოური განწყობებისთვის დნეპროპეტროვსკის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში იძულებით იყო გადაყვანილი და ა.შ.

მოლოდეცკის გვარი არ მოიძებნა პოლტავის „ვორსკლას“ (ყოფილი „სტროიტელი“) არქივშიც და არც 1970, 1971 და 1972 წლების გუნდის  შემადგენლობაში. მისი ვინაობა ვერ გაიხსენეს იმდროინდელმა ფეხბურთელებმაც, თუმცა დაუშვეს, რომ მათთან  ერთად ხშირად მოყვარულებიც ვარჯიშობდნენ და შეიძლება მოლოდეცკიც მათ რიგებში ერია.

ასე რომ, პენალტის თავით გატანა ალექსანდრ (არქივიდან დადგინდა, რომ მისი ოფიციალური სახელი ალიკია)  მოლოდეცკის მოგონილი ამბავია და ახლა მოსწრებაზეა თუ ვინ იქნება ამ საქმეში ოფიციალურად პირველი.

სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო