11 X 11
სპორტული პორტალი

დრამატული მერსისაიდული დერბი [VIDEO]

0 244

მიმდინარე პრემიერლიგის პირველი მერსისაიდული დერბი იმით გახლდათ გამოსარჩევი, რომ მუდამ „მეორე ნომერი“ „ევერტონი“ ახლა, კარლო ანჩელოტის მწვრთნელობით, ქულადაუკარგავად ედგა სათავეში გათამაშების ცხრილს, ხოლო ჩემპიონი „ლივერპული“ თანაქალაქელებს 3 ქულით ჩამორჩებოდა.

მატჩი მოულოდნელობით დაიწყო, რადგან გუდისონ პარკზე სტუმართა პირველივე შეტევა გოლით დასრულდა. აღმოჩნდა, რომ სადიო მანეს მიერ მესამე წუთზე (2 წთ. და 15 წმ.) გატანილი ბურთი ამ დერბების ისტორიაში ყველაზე სწრაფი გამოდგა. ამას მალე „ლივერპულის“ კაპიტნის ვან დეიკის ტრავმა და მოედნის დატოვება მოჰყვა.

ღია თამაშში ტერიტორიული უპირატესობა უფრო ხშირად „წითლებს“ ჰქონდათ, მაგრამ „ლურჯების“ იერიშებიც დიდ ხიფათს უქმნიდნენ სტუმრებს. მას შემდეგ კი, რაც მაიკლ კინმა ანგარიში გაათანაბრა, სიტუაცია კიდევ უფრო დაიძაბა და მაინც აშკარად იგრძნობოდა „ლივერპულის“ უფრო მაღალი კლასი.

 სწორედ ამ კლასის დადასტურება გახლდათ მოჰამედ სალაჰის მიერ გატანილი შესანიშნავი გოლი და ისევ დაწინაურებულ სტუმრებს თითქოს ანგარიშის შენარჩუნება აღარ უნდა გასჭირვებოდათ, მაგრამ დომენიკ კალვერტ-ლიუინმა ისარგებლა მეტოქის დაცვის ცენტრის სისუსტით და თავურით ანგარიში ისევ გააყაიმა.

 მატჩის კომპენსირებულ დროში „ლივერპულმა“ თითქოს მოიგო ეს დრამატული მატჩი, რადგან მესამეც გაუტანეს დიდებულად მოთამაშე „ევერტონის“ მეკარე ჯორდან პიკფორდს, მაგრამ ვარ-მა მილიმეტრებიანი თამაშგარე და მასთან ერთად საბრძოლო ფრე (2:2) დაფიქსირდა, რითაც “კანფეტებმა” ლიდერობა დაინარჩუნეს.

 

სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო