11 X 11
სპორტული პორტალი

სირცხვილში ბარსელონა რეალს არ ჩამორჩა [VIDEO]

0 67

ხეტაფე-ბარსელონა 0:1

გოლი: ხაიმე მატა, 56-პენ.

მას შემდეგ, რაც რამდენიმე საათით ადრე მადრიდის „რეალმა“ შინ, „ალფრედო დი სტეფანოზე“ მინიმალურად წააგო „კადისთან“, ყველა მოელოდა, რომ სამეფო კლუბის წაფორხილებით „ბარსელონა“ იხეირებდა და ელ კლასიკოს წინ ქულათა ფორას შეიქმნიდა, მაგრამ თურმე სადა ხარ?

კატალონიელთა მთავარმა მწვრთნელმა რონალდ კუმანმა, რატომღაც ხისტ და დისციპლინირებულ „ხეტაფესთან“ მოინდომა შემადგენლობაში ექსპერიმენტირება და თავდასხმაში აქამდე უმაქნისად მყოფ გრიზმანს დემბელე შეუწყვილა, ნახევარდაცვაში კი დე იონგთან და ბუსკეტთან ერთად პედრი დააყენა. რაც შეეხება განაპირა მცველებს, დესტისა და სერჟი რობერტოს ფლანგებზე მადრიდელთა განაპირა ნახევარმცველები ისეთი აქტიურნი იყვნენ, რომ მათ შეტევებში ჩასართველად თითქმის აღარ ეცალათ. ერთადერთი ლეო მესი დადიოდა მთელი მატჩი უჯარო გენერალივით, რომლის პასებს პარტნიორები ვერაფერს უგებდნენ.

მთლად ისეც ნუ გაგვიგებთ, რომ ყველაფერი ბლაუგრანას ბრალი იყო. სულაც არა, “ხეტაფეს“ თავკაცს ხოსე ბორდალასს კარგად გაეთვალა მოწინააღმდეგის სუსტი წერტილები და კლასიკურ 4-4-2-ს შეტევისას ან ბურთის დაკარგვისას 4-2-4-ად აქცევდა და „ბარსას“ თავის ნახევარზეც აყოვნებდა და სწრაფი იერიშის განვითარების შესაძლებლობას უსპობდა, ხოლო მეტოქის პოზიციური შეტევის მცდელობისას ნაცად იარაღს, სიხისტეს და მცირე ფოლის ტაქტიკას იყენებდა. ამას შეიძლება ვერც ეშველა მადრიდელებისათვის, მაგრამ კუმანიც წაეხმარა, რომელმაც მხოლოდ პენალტით გაშვებული გოლის შემდეგ იკადრა და კოუტინიო და ანსუ ფატი შეუშვა, მაგრამ გაფუჭებულ საქმეს აღარ ეშველა. საცა სამართალია, მატჩის ბოლოსკენ „ხეტაფეს“ მინიმუმ კიდევ ერთი გოლის გატანა და სოლიდური ანგარიშით მოგება მართებდა.

სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო