11 X 11
სპორტული პორტალი

ტოპ 14 | აფრასიძის ლელო და ნარიაშვილი სიმბოლურში

0
სანაკრებო მატჩების დაწყებამდე ერთი კვირით ადრე, საფრანგეთის პირველ ელიტარულ დივიზიონ ტოპ 14-ში მეხუთე ტურის მატჩები გაიმართა და ის ქართველი ლეგიონერებისთვის წარმატებული გამოდგა. ‘მონპელიემ’, რომელმაც სეზონი ცუდად დაიწყო და ზედიზედ სამი მატჩი დათმო, ერთი კი გადაიდო, ‘აჟენს’ უმასპინძლა და ბონუსით, 42:13 დაამარცხა, რაშიც ქართველ ლეგიონერებს უდიდესი წვლილი მიუძღვით. საუკეთესო ფორმაშია ბურჯი მიხეილ ნარიაშვილი, რომელმაც მოედანზე 72 წუთი გაატარა და ისეთი აქტიური იყო, ზედიზედ მეორედ მოხვდა ტურის სიმბოლურ ნაკრებში. შეცვლაზე 70-ე წუთზე შევიდა გელა აფრასიძე. მატჩის მიწურულს მან 5-მეტრიანი შერკინებიდან თავად შეუტია, ცრუმოძრაობით პირველი მცველი მოატყუა, მეორეს ბოჭვის მიუხედავად კი, ბურთი ლელოში დაამიწა. ეს მისი მეორე ლელოა საფრანგეთის ტოპ 14-ში. მიმდინარე სეზონში ‘ბორდოს’ ძირითადში პირველად ითამაშა ბე ქა გორგაძემ. ის აქტიური იყო, შეტევაში ბურთი კარგად მიქონდა, რასაც მე-11 წუთზე მეტოქის სინბინი, მე-15-ზე კი სტუმართა პირველი ლელო მოყვა. ბექამ 67 წუთი ითამაშა. მოედანზე 55-ე წუთზე გამოჩნდა ბურჯი ლაშა ტაბიძე. ‘ბორდო’ 20 წუთის შემდეგ 13:0 იგებდა და ლიდერობა 70-ე წუთამდე შეინარჩუნა, მაგრამ საბოლოოდ ‘პოსთან’ 24:29 დამარცხდა და მხოლოდ ბონუსს დასჯერდა. ‘ბრივმა’ ლიდერ ‘ტულუზს’ უმასპინძლა და 16:36 დამარცხდა. მასპინძელთა სასტარტო შემადგენლობაში იყო ვასილ ლობჟანიძე, რომელიც 55-ე წუთზე შეცვალეს. თამაშში 51-ე წუთიდან ჩაერთვნენ ბადრი ალხაზაშვილი და ლუკა ჯაფარიძე. ‘კლერმონთან’ სტუმრად გამართულ მატჩში 27:41 დამარცხდა ‘სტად ფრანსე’, თუმცა მათ მეტოქეს ბონუსი არ დაანებეს. პარიზელთა რიგებში 71-ე წუთამდე ითამაშა გიორგი მელიქიძემ. მოედანზე 59-ე წუთზე გამოჩნდა ვასილ კაკოვინი. ტურის სხვა მატჩებში ‘ლა როშელმა’ 62:3 სძლია ‘კასტრს’, ხოლო ‘ლიონმა’ 62:10 მოუგო ‘ბაიონს’. ‘რასინგ 92’-ისა და ‘ტულონის’ მატჩი გადაიდო. ორივე გუნდმა ევროთასების ფინალი ითამაშა. rugby.ge
სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო