11 X 11
სპორტული პორტალი

მორატას დუბლი, რუსულ-უკრაინული საშინაო მარცხები [VIDEO]

0
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველი ტურის პირველი დღე ორი ადრეული მატჩით დაიწყო. დინამო (კ)-იუვენტუსი 0:2 გოლები: მორატა, 46; 85. მსაჯი: ო.ჰატეგანი (რუმ.) კიევში, 15 ათასი მაყურებლის დასწრებით “დინამომ” კრიშტიანო რონალდოს გარეშე ჩამოსულ “იუვენტუსს” უმასპინძლა. მატჩი ორივე გუნდმა ფრთხილად დაიწყო, გამწვავებები პირველ ტაიმში თითქმის არ ყოფილა და თუ იყო, ისიც ორივე გუნდის მეკარეების ბრიყვულ შეცდომებს მოჰყვა. თუმც,ა არც ერთი გამოყენებულ არ იქნა. აღსანიშნავი კიდევ ისაა, რომ ტურინელთა ცენტრალურმა მცველმა ჯორჯო კიელინიმ ძველი ტრავმა გაიმიზეზა და შესაცვლელი გახდა. თამაში განახლდა თუ არა, მორატამ მეკარისაგან უხეიროდ მოგერიებულ ბურთს უკრაინელთა კარში მიუჩინა ადგილი. დაწინაურებულმა იტალიელებმა თამაში მთლად თავისთვის სასურველ, აკადემიურ კალაპოტში გადაიყვანეს, მატჩის ბოლოსკენ მორატამ სულაც დუბლი შეასრულა და “იუვემ” უპრობლემოდ მოიგო. ზენიტი-ბრიუგე 1:2 გოლები: დენისი, 63 (0:1); ლოვრენი, 74 (1:1); დე კეტელარე, 90+3 (1:2). მსაჯი: ბ. ბასტიენი (საფ.) მთელმა პირველმა ტაიმმა ისე ჩაიარა, სათქმელი არც არაფერია. “ზენიტი” ვერ უტევდა, “ბრიუგე” შესატევად არ რისკავდა, თუმცა ერთ ეპიზოდში ბელგიელებს შეეძლოთ ეხეირათ, მაგრამ ოდენ შეეძლოთ. მეორე ნახევარში თამაში ოდნავ გამოცოცხლდა, მასპინძლები უფრო თამამნი ჩანდნენ, მაგრამ ეს სითამამე ძვირად დაუჯდათ, საკუთარი საჯარიმოდან ბურთი დროულად არ გამოიტანეს და იქ ატეხილ ზედახორაში ბოლო-ბოლო დენისმა ერთი მეტრიდან ბურთი კარში შეიტანა. “ზენიტს” რაღა დარჩენოდა და მთელი ძალებით მიაწყდა ბრიუგელთა კარს და მიზანსაც მიაღწია ლოვრენის საჯარიმოს გარედან ზუსტი დაბრახუნებულით. ამის შემდეგ თამაშმა ცოტა ლაღი ხასიათი მიიღო, ორივე გუნდს ჰქონდა სახიფათო მომენტები, შეეძლოთ წინ გასვლა და მოგება, მაგრამ იღბალი და მეტი ოსტატობა ბელგიელტა მხარეს იყო. კომპენსირებულ დროში დე კეტელარემ ზუსტი დარტყმით “ბრიუგეს” 3 ქულა მოუტანა.    
სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო