11 X 11
სპორტული პორტალი

ბორჯღალოსნების შემადგენლობა შოტლანდიის წინააღმდეგ

0
ბორჯღალოსნების მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა, 23 ოქტომბერს „მარიფილდზე“, შოტლანდიის ნაკრებთან გასამართი ტესტ-მატჩისთვის შემადგენლობა დაასახელა.

შერკინება
23-კაციან რაზმში ერთი დებიუტანტია – ‘ბორდოს’ 28 წლის მარჯვენა ბურჯი ლექსო ყაულაშვილი, რომელსაც მარცხენა ბურჯადაც შეუძლია თამაში. ის სასტარტო შემადგენლობაშია და მიხეილ ნარიაშვილს შეუწყვილდება, ხოლო კვაჭი ჯაბა ბრეგვაძეა, რომელსაც 2019 წლის მსოფლიო თასის შემდეგ, ბორჯღალოსნების კვართით არ უთამაშია.

მეორე ხაზში ნოდარ ჭეიშვილი და გრიგორ ქერდიყოშვილი დადგებიან, მესამე ხაზში კი თამაშს ოთარ გიორგაძე, ბექა საღინაძე და ბექა გორგაძე იწყებენ. სასტარტო შემადგენლობაში მყოფი მორკინალების კეპების ჯამი 209-ს შეადგენს. აქედან 30-ზე მეტი კეპი მხოლოდ ნარიაშვილს და ბრეგვაძეს აქვთ მოხვეჭილი.

ხაზი
უფრო მეტი, 248 კეპია ხაზის შვიდი მოთამაშის ანგარიშზე. აქედან ორს – აკაკი ტაბუცაძეს და დემე თაფლაძეს ნაკრებში მხოლოდ ორ-ორჯერ უთამაშიათ.

9-10 ნომრებზე თამაშს ნაცადი წყვილი, ვასილ ლობჟანიძე და თედო აბჟანდაძე იწყებენ. ცენტრში ბრუნდება გუნდის კაპიტანი მერაბ შარიქაძე, რომელმაც ტრავმა მოიშუშა და ის დემე თაფლაძეს შეუწყვილდება.

ფრთაზე გამოცდილ სანდრო თოდუასა და ახალგაზრდა ტაბუცაძეს ვიხილავთ, რომელმაც ორ თამაშში 5 ლელოს გატანა მოახერხა. ფულბეკი სოსო მათიაშვილი იქნება.

მარქაფა
გამოცდილი და შედარებით ახალგაზრდა მორაგბეების ნაზავია მარქაფაშიც. კვაჭის პოზიციაზე შეცვლაზეა შალვა მამუკაშვილი, ხოლო გურამ გოგიჩაშვილი და გიორგი მელიქიძე ბურჯებს შეცვლიან.

2019 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატზე ესპანეთთან დებიუტის შემდეგ, მეორე სანაკრებო მატჩს ჩაატარებს მეორეხაზელი გიორგი ჯავახია, ხოლო მესამე ხაზში გამოცდილი გიორგი თხილაიშვილია.

9 ნომრის პოზიციაზე შეცვლაზეა გელა აფრასიძე, ხაზს კი გიორგი კვესელაძე და თამაზ მჭედლიძე გააძლიერებენ.

ოპტიმალური შემადგენლობა ტრავმების ფონზე


ტრავმების გამო ბორჯღალოსნებს რამდენიმე მორაგბე დააკლდებათ – ბექა გიგაშვილი, ლევან ჩილაჩავა, კოტე მიქაუტაძე, რომელმაც რეაბილიტაციის პროცესი ახლახანს დაასრულა და ‘ბაიონს’ შეუერთდა, გიორგი ცუცქირიძე, ვანო კარკაძე და ლაშა ხმალაძე.

დანაკლისისა და შემადგენლობის შესახებ ლევან მაისაშვილმა ისაუბრა:

„თუ არ ჩავთვლით ტრავმირებულ მოთამაშეებს, ოპტიმალური შემადგენლობა შევარჩიეთ. ბექა გიგაშვილმა ფინალი ტრავმირებული ფეხით ითამაშა, თუმცა მე არ ვაპირებ ჩემი მორაგბეების რისკის ქვეშ დაყენებას. მას ფეხი ახლაც აწუხებს. დებიუტი ექნება ლექსო ყაულაშვილს, რომელიც ძალიან კარგ ფორმაშია და ამ მოკლე პერიოდში, გუნდის მზადების პროცესში კარგად ჩაერთო. ვარჯიშზე ფეხი დაიზიანა ლაშა ხმალაძემ. ტრავმა სერიოზული არაა, თუმცა ამ თამაშს გამოტოვებს“.

„გვყავს მობილური და სწრაფი მესამე ხაზი. შეცვლაზეა გიორგი ჯავახია, რომელიც ნაკრებში ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ითამაშებს. ის კარგ ფიზიკურ ფორმაშია. მთლიანობაში, მარქაფაში ისეთი მორაგბეები არიან, რომლებმაც გუნდში ენერგია უნდა შემოიტანონ. მიუხედავად იმისა, რომ მოსამზადებლად მცირე დრო გვქონდა, ვთვლი, რომ ოპტიმალურად მოვახერხეთ შეტევისა და დაცვის სქემების გავლა და თუ უთამაშებლობამ თავი არ იჩინა, კარგი და საინტერესო თამაში გამოგვივა“.

როგორც იცით, კოვიდ-პანდემიის გამო გადაიდო 1 ნოემბერს რაგბი ევროპის ჩემპიონატზე რუსეთთან გასამართი მატჩი, რამაც ბორჯღალოსნებს „შემოდგომის ერთა თასისთვის“ მზადებაში პრობლემები შეუქმნა:

„ამ ეტაპზე შოტლანდიასთან მატჩზე ვართ კონცენტრირებული და რუსეთთან მატჩის გადადებას შემადგენლობის შერჩევაზე არანაირი გავლენა არ ქონია. რუსეთთან შეხვედრა განიხილებოდა მოსამზადებელ ეტაპად „რვა ერისთვის“. ვგეგმავდით, რომ შოტლანდიასთან მატჩის შემდეგ განგვეხორციელებინა ცვლილებები. ასევე ცუდია ის, რომ შოტლანდიასთან მატჩის შემდეგ, იძულებული ვართ ლეგიონერები კლუბებში გავუშვათ. ფაქტობრივად, ორკვირიანი შეკრება წყალში ჩაგვივარდა. დანარჩენი მორაგბეები საქართველოში ვბრუნდებით და მზადებას ადგილზე გავაგრძელებთ, ინგლისთან თამაშამდე კი, სრულფასოვნად მოსამზადებლად არასრული ერთი კვირა გვექნება“.

 

23 ოქტომბერი. 22:30 საათი (საქ. დრო)

ტესტ-მატჩი. ედინბურგი. მარიფილდი

შოტლანდია – საქართველო

საქართველო

ხაზი: 15. სოსო მათიაშვილი, 14. აკაკი ტაბუცაძე, 13. დემე თაფლაძე, 12. მერაბ შარიქაძე (კაპ.), 11. სანდრო თოდუა, 10. თედო აბჟანდაძე, 9. ვასილ ლობჟანიძე;

შერკინება: 1. მიხეილ ნარიაშვილი, 2. ჯაბა ბრეგვაძე, 3. ლექსო ყაულაშვილი, 4. ნოდარ ჭეიშვილი, 5. გრიგორ ქერდიყოშვილი, 6. ოთარ გიორგაძე, 7. ბექა საღინაძე, 8. ბექა გორგაძე.

მარქაფა: 16. შალვა მამუკაშვილი, 17. გურამ გოგიჩაშვილი, 18. გიორგი მელიქიძე, 19. გიორგი ჯავახია, 20. გიორგი თხილაიშვილი, 21. გელა აფრასიძე, 22. გიორგი კვესელაძე, 23. თამაზ მჭედლიძე.

 

rugby.ge
სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო