11 X 11
სპორტული პორტალი

ბაიერნისა და ატალანტას გამანადგურებელი გამარჯვებები, ფავორიტთა მოგებები – ლიგის პირველი ტურიც მოვილიეთ

0

ჩემპიონთა ლიგის პირველი ტური დაძაბული და საინტერესო მაყურებლის გარეშეც გამოდგა,  განსაკუთრებით მხიარული შეხვედრები მეორე სათამაშო დღეს ვიხილეთ.

 აიაქსი-ლივერპული 0:1

გოლები: ტალიაფიკო, 35-საკ.კარში.

მსაჯი: ფ. ბრიხი (გერ.)

მთელი პირველი ტაიმის განმავლობაში თანაბარ თამაშში მაინც იგრძნობოდა „ლივერპულის“ უფრო მაღალი კლასი, თუმცა გატანილ გოლთან ამას კავშირი ნაკლებად აქვს. ეს უფრო კურიოზი გახლდათ, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს. სწორედ ამ ერთმა გოლმა მოუტანა მერსისაიდელებს 3 ქულა.

 

ბაიერნი-ატლეტიკო 4:0

გოლები: კომანი, 28; გორეცკა, 41; ტოლისო, 66; კომანი, 72.

მსაჯი: მ.ოლივერი (ინგ.)

„რეკორდმაისტერი“ მართლაც შეუჩერებელი ჩანს და ეს საკუთარ ზურგზე იმ „ატლეტიკომაც“ იწვნია, რომლის საიმედო დაცვა საყოველთაოდ ცნობილია. მართალია, დიეგო სემიონეს ამ ხაზში ახალი ფეხბურთელები ჰყავს, მაგრამ როხიბლანკოს ტრადიცია ცოცხალია და ეს ცოცხალი ტრადიცია მიუნხენელებმა მოკლეს და დაუმარხავად მიაგდეს.

ინტერი-გლადბახი 2:2

გოლები: ლუკაკუ, 49 (1:0); ბენსებაინი, 63-პენ. (1:1); ჰოფმანი, 84 (1:2); ლუკაკუ, 90 (2:2).

მსაჯი: ბ. კუიპერსი (ნიდ.)

თითქმის თანაბარ ბრძოლაში ჩავლილი და უსახური პირველი ტაიმის შემდეგ მეორეში გამოცოცოცხლება მასპინძელთა შეტევების ლიდერის ლუკაკუს გოლმა შეიტანა. მიონხენგლადბახელებმაც გამოიღეს ხელი და სამართლიანად დანიშნული პენალტით წონასწორობა მალევე აღადგინეს, შემდეგ წინაც გავიდნენ, მაგრამ ისევ ლუკაკუმ იმარჯვა და ნერიაძურის ქულა გადაურჩინა.

მანჩ. სიტი-პორტუ 3:1

გოლები: ლუიშ დიასი, 14 (0:1); აგუერო, 21-პენ. (1:1); გიუნდოგანი, 65 (2:1); ტორესი, 73 (3:1).

მსაჯი: ა. ტრეიმანისი (ლატ.)

მატჩი დაიწყო თუ არა, პორტუგალიელები იქით გადავიდნენ იერიშებზე და მალე ლუიშ დიასმა განივი სოლორეიდი მშვენიერი საგოლე დარტყმით დაასრულა. „სიტი“მსწრაფლ მოეგო გონს და ხანგრძლივი იერიშებით შებოჭა მეტოქე. პენალტით პირველ ნახევარში ანგარიში გაათანაბრა. მეორეში კი ჯერ გიუნდოგანის მშვენიერი ჯარიმით დაწინაურდა, მალევე კი ტორესმა გამარჯვებულის ვინაობის საკითხი მოხსნა.

 

მიდტიულანდი-ატალანტა 0:4

გოლები: საპატა, 26; გომესი, 36; მურიელი, 42; მირანჩუკი, 89.

მსაჯი: სოარეშ დიაში (პორ.)

გასპერინის „ატალანტამ“ წელს პირველად ითამაშა ისე, როგორც წინა სეზონში მიგვაჩვია და მასპინძლები ოდენ სტატისტების როლში დატოვა.

 

ოლიმპიაკოსი-მარსელი 1:0

გოლი: კოკა, 90+3.

მსაჯი: დ. ორსატო (იტ.)

ამ მატჩის ყველა სტატისტიკური მონაცემი  ლამის თანაბარი იყო და ანგარიშიც ასეთი უნდა ყოფილიყო, მაგრამ კომპენსირებულ დროში მასპინძელთა ეგვიპტელმა ფორვარდმა კოკამ ფრანგ-ესპანელი ვალბუენას პასით კინკილა გოლი შეაგდო და ბერძნებს სამი ქულა მოუპოვა

 

 

 

სხვა სიახლეები
გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო