11 X 11
სპორტული პორტალი

კაჭარავამ ლეხს ვერ უშველა, ნინუა ისევ სათადარიგო იყო

0

ევროპა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველი ტურის ადრეულ მატჩებში ორმა “ქართულმა გუნდმა” ითამაშა. პოზნანის “ლეხი” “ბენფიკას” მასპინძლობდა და ჩვენი ნიკა კაჭარავა სასტარტო შემადგენლობაში არ იყო. ტაბლოზე 15 წუთიც არ იყო გასული, რომ ანგარიში 1:1 გახლდათ. ჯერ სტუმრებმა გაიტანეს პენალტი, შემდეგ კი პოზნანელთა შვედმა ლეგიონერმა მიკაელ ისაკმა გააყაიმა. თანაბარ თამაშში ტაიმის ბოლოს კვლავ “ბენფიკა” დაწინაურდა, მაგრამ განახლებისთანავე იმავე ისაკმა იყოჩაღა და ისევ გაათანაბრა ანგარიში. კლასში სხვაობა მაინც თვალსაჩინო გახლდათ და შედეგად სტუმრებმა მესამედ დალაშქრეს პოლონელთა კარი. თამაშის გადასარჩენად “ლეხის” დამრიგებელმა დარიუშ ზურავმა დუბლის ავტორი ისაკის ნაცვლად კაჭარავა74-ე წუთზე  შეუშვა. ნიკა ძალიან აქტიურად ჩაერთო თამაშში, ორჯერ სახიფათოდაც დაარტყა კარში, მაგრამ ჯერ მეკარემ აუღო, მერე კი დაუბლოკეს. მატჩის ბოლო წუთზე კი მასზე მსაჯმა საეჭვო თამაშგარე დააფიქსირა. იერიშებში გართულ მასპინძლებს, გამოცდილმა “ბენფიკამ” კომპენსირებულ დროში მეოთხე გოლი გაუტანა და მატჩიც 4:2 მორჩა.

რაც შეეხება ბერძნული პაოკ-ისა და კვიპროსული “ომონიას” 1:1-ზე დამთავრებულ დუელს, ბერძნული გუნდის თადარიგში ნიკა ნინუა კი იყო, მაგრამ თამაშში არ ჩართულა.

სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო