11 X 11
სპორტული პორტალი

რეალი მარცხს გადაურჩა და სხვა

0

ჩემპიონთა ლიგის  მეორე ტურის პირველი დღის, სენსაციაო რომ ვთქვთ, ნამდვილად გადაჭარბებული იქნება, რადგან კრიზისში მყოფი „რეალის“ წაგება წარმოუდგენელი სულაც არ იყო, თითქოს ამას არც არაფერი აკლდა, მაგრამ „გლადბახთან“ ორი გოლით ჩამორჩენილმა სამეფო გუნდმა სერხიო რამოსის თაოსნობით, მაინც იხსნა მატჩი და შეიძლება მთავარი მწვრთნელი ზინედინ ზიდანიც მოხსნას გადაარჩინა, თუმცა რამდენი ხნით?..

დანარჩენ ხუთ შეხვედრაში მოიგეს, ვისაც უნდა მოეგოთ და ის მეორე ფრეც სამართლიანად უნდა მივიჩნიოთ.

ატალანტა-აიაქსი 2:2

გოლები: ტადიჩი, 30-პენ (1:0); ტრაორე, 38 (2:0); საპატა, 54 (2:1); 60 (2:2).

მსაჯი: დ.სკომინა (სლო).

აბსოლუტურად თანაბარ თამაშში, ჯერ გაუმართლებელი პენალტი ტრაორეზე სამართლიანად მიიღეს იტალიელებმა, შემდეგ კი იმავე ტრაორემ მარცხენა ფრთიდან ჩაწოდებულზე იყოჩაღა და „აიაქსი“ შესვენებაზე სოლიდური ფორით გავიდა. ეს ფორა თამაშის განახლებიდან 15 წუთში განულებული იქნა საპატას დუბლით და შემდეგ, მიუხედავად მცდელობისა, „აიაქსმა“ მოგება ვეღარ შეძლო.

ატლეტიკო-ზალცბურგი 3:2

გოლები: ლორენტე, 29 (1:0); სობოსლაი, 40 (1:1); ბერიშა, 47 (1:2); ჟოაო ფელიქსი, 52 (2:2); ); ჟოაო ფელიქსი, 85 (3:2)

მსაჯი: ო. ჰატეგანი (რუმ).

გადამწყვეტი სათამაშო უპირატესობა არც ერთ გუნდს არ ჰქონია. პირველი გოლი ავსტრიელთა მეკარის სტანკოვიჩის შეცდომის შედეგად გავიდა, რომელმაც ასაღები ვერ აიღო, მაგრამ როხიბლანკომ სტუმრებს გული არ დაწყვიტა და დაცვაში მიუტევებელი შეცდომით ანგარიში გაათანაბრებინა. მეორე ტაიმის დასაწყისში ზალცბურგელები სულაც დაწინაურდნენ, მაგრამ ეს სულ ხუთ წუთს გაგრძელდა, რადგან ჟოაო ფელიქსმა გამათანაბრებელი გაიტანა, ხოლო ბოლოსკენ სულაც გამარჯვებისა შეუგდო სტუმრებს.

გლადბახი-რეალი 2:2

გოლები: ტიურამი, 33 (1:0); 58 (2:0); ბენზემა, 86 (2:1); კაზემირო, 90+3 (2:2).

მსაჯი: ო.გრინფელდი (ისრ).

მსაჯის სასტარტო სასტვენიდან მოყოლებული „რეალი“ აშკარად უკეთ თამაშობდა, სახიფათოდაც უტევდა მასპინძელთა კარს, მაგრამ ერთ მომენტში კონტრშეტევა გაეპარათ და მარკუს ლილიანის ძე ტიურამმა თავისიანების სამსვლიანი იერიში ზუსტი დარტყმით დააგვირგვინა. ტიურამი ამას არ დასჯერდა და მეორე ტაიმის დასაწყისში „რეალის“ დაბნეული დაცვა მეორე გოლით დასაჯა. სამეფო გუნდი კი შეეცადა თამაშის შემობრუნებას და გადარჩენას, მაგრამ თითქოს განწირული ჩანდა. ოღონდ თთქოს, რადგან კლასმა და გამოცდილებამ მაინც თავისი გაიტანა და ბოლო წუთებზე შერცხვენას გადაურჩნენ.

პორტუ-ოლიმპიაკოსი 2:0

გოლები: ვიეირა, 11; სერხიო ოლივეირა, 85.

მსაჯი: დ. ზიბერტი (გერ).

საკმაოდ სწრაფი გოლის შემდეგ, რომელიც ბერძენთა ზედიზედ ორ გაუმართლებელ შეცდომას მოჰყვა, თამაში დუნედ წარიმართა და ტაიმიც დიდად აღსანიშნავის გარეშე დასრულდა. ასევე გაგრძელდა მეორე ნახევარშიც და პორტუგალიელებმა მატჩის მიწურულს მეორე გოლით განიმტკიცეს გამარჯვება.

ლივერპული-მიდტიულანდი 2:0

გოლები: ჟოტა, 55; სალაჰი, 90+3-პენ.

მსაჯი: პ. რაჩკოვსკი (პოლ).

„ლივერპული“ ექსპერიმენტული შემადგენლობით კი იყო მოედანზე, მაგრამ მაინც მთლიანად დომინირებდა, დროდადრო ორიგინალურადაც უტევდა, მაგრამ სტუმართა მასირებულ დაცვას ვერაფერი მოუხერხა, მთელს პირველ ნახევარში მხოლოდ ერთხელ მოარტყეს კარში და ისიც მეკარემ იოლად მოიგერია. მეორე ტაიმში იურგენ კლოპმა მანე, სალაჰი და ვეინალდუმი ჩართო თამაშში და მართალია, გოლი მათ შესვლაზე ჟოტამ გაიტანა, მაგრამ ასეტი გაძლიერება საჭირო გახლდათ, რაც დამტკიცდა კიდეც მერსისაიდელთა უპრობლემო მოგებით.

მარსელი-მანჩ. სიტი 0:3

გოლები: ტორესი, 18; გიუნდოგანი, 76; სტერლინგი, 81.

მსაჯი: ტ. შტელერი (გერ).

მიუხედავად იმისა, რომ „მარსელმა“ ნებსით დაიწყო „მეორე ნომრად“ თამაში და მალე გოლიც იხილა საკუთარ კარში, მაინც უარი არ თქვა არჩეულ სტრატეგიაზე და ის კი მოახერხა, რომ შესვენებამდე მეტი გოლი არ გაუშვა. მეორეში კი გიუნდოგანმა თავისი გუნდის უპირატესობა მეორე გოლში ასახა, რასაც ბოლო წუთებზე მესამეც მიაყოლეს და „სიტიმ“ დამსახურებულად მოიგო.

 

 

სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო