11 X 11
სპორტული პორტალი

მომგებებმა მოიგეს

0
ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურის მეორე დღის ორ ადრეულ მატჩში გამოკვეთილი ფავორიტები სტუმრები გახლდნენ და მათაც ეს სტატუსი გაამართლეს. “ჩელსიმ” და პსჟ-მ უპრობლემო მოიგეს. ისტამბული-პსჟ გოლები: კინი, 64; 79. მსაჯი: ა.ეკბერგი (შვედ). გაჭირვებით, მაგრამ მაინც შეიძლება ითქვას, რომ პსჟ-ს დომინაცია მთელი პირველი ნახევრის მანძილზე იგრძნობოდა, მაგრამ ეს რაიმე ხელშესახებში არ გადაზრდილა. სტამბოლელები საკმაოდ ორგანიზებულად იცავდნენ თავს და საწადელსაც მიაღწიეს და თუ სხვა რამის პოტენციალიც აღმოჩნდებოდათ, მეორე ტაიმში ფრანგებს შეიძლება გასჭირვებოდათ, მით უფრო რომ ტრავმის გამო მათმა ლიდერმა ნეიმარმა თამაშის გაგრძელება ვეღარ შეძლო. მართლაც ასე მოხდა, თურქები გაუშინაურდნენ პარიზელთა ნახევარს და კეილორ ნავასსაც მოუხდა ვისკას ძალიან სახიფათო დარტყმის გაუვნებელყოფა. თუმცა, ანგარიში მაინც პსჟ-მ გახსნა კუთხურის ჩაწოდების შემდეგ, ხოლო როდესაც კინმა დუბლი შეასრულა, თურქები ოდენ პრესტიჟისთვისღა ცდილობდნენ წინააღმდეგობის გაწევას. კრასნოდარი-ჩელსი 0:4 გოლები: ჰადსონ-ოდოი, 37; ვერნერი, 76-პენ. ზიეჩი, 80; პულიშიჩი, 90. გამოუყ. პენალტი: ჟორჟინიო, 14 (ჩ). მსაჯი: ა. პალაბიიკი (თურ). მთელი პირველი ტაიმის განმავლობაში ლონდონელთა უპირატესობა ძალიან დიდი იყო. კრასნოდარელები აშკარად დაბნეულები ჩანდნენ. ანგარიშის გახსნა სტუმრებს ჯერ კიდევ დებიუტში მართებდათ, მაგრამ პენალტი ვერ გაიტანეს. ვერ გამოიყენეს აგრეთვე რამდენიმე მეტად ხელსაყრელი მომენტი და გოლი კი კურიოზული გაიტანეს. უფრო ზუსტად, რუსების მეკარემ არგასაშვები დარტყმული რატომღაც ხელში ვერ შეიმაგრა და შემაგრებას ვინ დაეძებს, ბურთს კარისკენ მისცა მიმართულება. ნაანტრაქტევს რუსები სტატისტის როლს არ დაყაბულდნენ და „ჩელსის“ შეტევაზე შეტევით პასუხობდნენ. ერთხელ სტუმრები ხარიხამაც იხსნა, მაგრამ მას შემდეგ, რაც პენალტით მეორე გოლი მიიღეს, ყოველგვარი ჟინი დაუცხრათ და შედეგიც სათანადო მიიღეს.  
სხვა სიახლეები
გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო