11 X 11
სპორტული პორტალი

“ფეხბურთი რომ არა, მკვლელი ვიქნებოდი” – პიტბული, რომელიც “რეალში” ერთი ჯარიმის გამო ვერ გადავიდა

0

“ნამდვილად, ის ყველაზე უარესთა შორის უარესია. ვერ ვიტან იმ ადამიანებს, რომლებიც გარშემომყოფებს პატივს არ სცემენ და ყოვეთვის ცდილობენ იყვნენ ცუდი ბიჭები. როდესაც ის გუნდშია, ყოველთვის არის დაძაბულობა, რომელიც ნებისმიერ დროს ხელჩართულ ჩხუბში შეიძლება გადაიზარდოს,”- ასე შეაფასა ჯორჯო კიელინიმ ყოფილი თანაგუნდელი, ფელიპე მელუ.

ეს ბრაზილიელი საყრდენის რეპუტაციის კიდევ ერთი დადასტურებაა – ის უხეშია, აგრესიული, დაუნდობელი და კონფლიქტური. ყოველთვის საინტერესოა ხოლმე, რა ისტორია დგას ასეთი ფეხბურთელების უკან. რატომ ირჩევენ ისინი ასეთ სტილს? საიდან მოდის სხვების დაჩეხვისა და მათთან ჩხუბის სურვილი? ბინძური ადამიანი = ცუდ ფეხბურთელს?

ეს შეკითხვები ფელიპე მელუს მაგალითზე განვიხილოთ. თუ ის დაგავიწყდათ, გარკვეულ დეტალებს ჩვენ შეგახსენებთ:

? ის ძაღლი-საყრდენის კლასიკური მაგალითია. რეალურ ცხოვრებაშიც ასეთი მეტსახელი აქვს – “პიტბული”. ბრაზილიელი “გალათასარაიში”, “იუვენტუსში”, “ფიორენტინასა” და “ინტერში” თამაშობდა. ახლა მელუ 37 წლისაა და “პალმეირასის” ღირსებას იცავს.

? სტატისტიკა მის სტილზე მეტყველებს: 516 მატჩი კარიერაში, 170 ყვითელი ბარათი, 18 წითელი. მას საშუალოდ სამ მატჩში ერთხელ აფრთხილებენ.

? კარიერის მთავარი “ჰაილაითები”: ველური ვარდნები, უხეში შეჯახებები, ჩხუბები, დარტყმები, სახეზე გამოხატული ბედნეირება ართმევის წარმატებული მცდელობის შემდეგ და ლომივით დაღებული პირი, რომლიდანაც ღრიალის ხმა ისმის.

? მელუ თავადაც ხუმრობს ამ თემაზე. როცა პანდემიის საწყის ეტაპზე ფეხბურთელებმა ტუალეტის ქაღალდით სხვადასხვა ფინტების გაკეთება დაიწყეს, მელუმ ქაღალდი იატაკზე დადო და ვარდნაში შორს მოისროლა. 1 წლის წინ ბრაზილიის ჩემპიონატში მეტოქე საშინლად მოცელა, პრესამ გააკრიტიკა, ფელიპემ კი თქვა: “ჩემს ფეხებს ის არ წაუქცევიათ, ეს ჩემი გენიტალიები იყო.”

მელუს ყველაზე სასტიკ მოქმედებათა ქრონიკა: იფურთხებოდა, სახეში ურტყამდა, ბუცებით წაქცეულ ფეხბურთელს გადაუვლიდა ხოლმე…

! 2009 წელს მელუ სერია A-ში 5-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს. ცოტა ხნის წინ თავად გაიხსენა:

მახსოვს “კალიარისთან” მატჩი, დიეგო ლოპესმა შეურაცხყოფა მე და ჩემს სულ ახლახან დაბადებულ გოგონას მოგვაყენა. მითხრა: “გარეთ შევხვდებით!” ის თამაში მოვიგეთ და ლოპესის წინაშე ტუალეტში აღმოვჩნდი. არაფრის თქმა არ ვაცადე, ეგრევე დავარტყი.

! მელუს კარიერაში ძალიან მნიშვნელოვანი და დრამატული შეხვედრა მსოფლიო ჩემპიონატის 1/4-ფინალური დაპირისპირება იყო. 2010 წლის მსოფლიო თასზე ბრაზილია ნიდერლანდებს ეთამაშებოდა. მელუმ: რობინიოს სასწაული საგოლე გადაცემა გაუკეთა; გაიტანა ავტოგოლი; მიიღო წითელი ბარათი: რობენი ჯერ წააქცია, შემდეგ კი ბარძაყზე გადაუარა.

ბრაზილიელები 1:2 დამარცხდნენ, მელუ განიცდიდა, რომ გუნდს უღალატა. ამბობდა კიდეც, რომ მსგავს ჯარიმას აღარასოდეს აიკიდებდა. აღსანიშნავია, რომ ამ დარღვევის გამო “რეალში” ტრანსფერი ჩაეშალა. არა და კონტრაქტი შეთანხმებული იყო – მადრიდელებმა ორი მიზეზით გადაიფიქრეს: პირველი, რობენი რეალის მოთამაშე იყო და მეორე, კლუბში ასეთი ბინძური საქციელი არ მოეწონათ.

! ერთხელ მელუ ბრაზილიის ნაკრების ვარჯიშზე კაკას ძალიან ეუხეშა. კაკას ის ის იყო, ტრავმა მოეშუშებინა და თაანგუნდელის ასეთი საქციელი ძალიან იწყინა. არც ფელიპეს ბოდიში მიიღო და ვარჯიშიც დატოვა.

! 2011 წელს “იუვე” სახლში “პარმასთან” 1:4 განადგურდა, მელუმ თავი გაგიჟა, ძირს მყოფმა მეტოქეს ბუცი პირდაპირ სახეში უთავაზა. მსაჯი იქვე იყო, თუმცა ფელიპეს ფეხებზე არ ეკიდა?! შედეგი: წითელი ბარათი და 3-მატჩიანი დისკვალიფიკაცია.

! მელუ “ბეშიქთაშის” წინააღმდეგ გამართულ ორ მატჩში(ორივეჯერ 2013 წელს) გააძევეს და დისკვალიფიკაციითაც დააჯილდოვეს: პირველად მეტოქეს სახეში შეაფურთხა (4 მატჩიანი დისკვალიფიკაცია), მეორედ გრაციოზული ვარდნით მოწინააღმდეგე ღრუბლებთან შეათამაშა…

! აღსანიშნავია, რომ თურქული ფეხბურთის ისტორიაში მელუ პირველი ფეხბურთელია, რომელიც სოციალურ ქსელებში განთავსებული პუბლიკაციის გამო დისკვალიფიკაციით დასაჯეს. “ფენერბახჩეს” პრეზიდენტს აგინა და ამის გამო 2 შეხვედრაც გამოტოვა.

! 2015 წელს, ინტერში თამაშის დროს კუნგ-ფუს ილეთით ძირს ბილია დასცა. წითელი ბარათი და 3-მატჩიანი დისკვალიფიკაცია.

! კიდევ ერთი დასამახსოვრებელი ჩხუბი მელუმ ურუგვაიში გამართა. პალმეირასმა “პენიაროლი” 3:2 დაამარცხა, თამაშის დასრულების შემდეგ ფეხბურთელებს შორის გაწევ-გამოწევა დაიწყო, ფელიპეს დამსახურებით კი ეს ყველაფერი ხელართულ ჩხუბში გადაიზარდა.

! მესის მიმართ სხვანაირი დამოკიდებულება აქვს:

ის უნიკალური ფეხბურთელია. როცა ბრაზილიის ნაკრები მის წინააღმდეგ თამაშობდა, შევთანხმდით, თითოეულ ფეხბურთელს ერთხელ უნდა ჩაერტყა მისთვის ფეხში. ვხვდებოდით, ერთმანეთი უნდა შეგვეცვალა. სხვანაირად მისი გაჩერება შეუძლებელია. მისთვის ფეხის მოტეხა არავის სურდა, ტაქტიკურ ჯარიმებს ვიღებდით ლეოს რიტმიდან ამოსაგდებად.

მართლაც, მესი ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესოა. მისით აღფრთოვანებული ვარ. ერთხელ, შემთხვევით შემეჯახა და ცხვირიდან სისხლი წამოუვიდა. ფეხზე წამოდგა და ჩემთან სალაპარაკოდ წამოვიდა, მე კი პირდაპირ ვუთხარი: “მიყვარხარ, ძალიან, ძალიან მიყვარხარ!

! მადრიდის რეალის ფეხბურთელებსაც ესპანეთში წასვლამდე არაფერს აკლებდა. 2017 წელს ვინისიუსი მოცელა, 2018 წელს კი როდრიგოს მუხლში ჩაარტყა – ეს უკანასკნელი მოედნიდან ექიმის დახმარებით გავიდა.

როგორ ხსნის მელუ, რატომ არის ასეთი?

ფელიპეს მიაჩნია, რომ დამნაშავე სტერეოტიპებია: “კარიერაში მოედანზე მხოლოდ ერთხელ ვიჩხუბე. მედიამ კი ყველაფერი გააბუქა. ახლა მელუ მხოლოდ ძალადობასთან ასოცირდება, და არა ფეხბურთელთან, რომელიც მეტოქეს ბურთს ჯარიმის ზღვარზე ართმევს.”

ხასიათზე კი მძიმე ბავშვობამ იმოქმედა:

ბრაზილიის ერთერთ ყველაზე სახიფათო ბიდონვილში ვცხოვრობდი. იქ მხოლოდ ნარკოტიკები და იარაღი იყო. ხშირად მომხდარა, ვარჯიშზე წავსულვარ და დაბრუნებულს მეგობარი მკვდარი დამხვედრია. არჩევანი ასეთი იყო: ფეხბურთი ან კრიმინალი. მე ოცნების ასახდენად ის ცხოვრება დავტოვე. ფეხბურთი რომ არა, მკვლელი ვიქნებოდი. სწორედ ამიტომ, ახლა არავის მეშინია.

საკუთარ თავს მოედანზე და მის მიღმა ლიდერად მივიჩნევ. არ ვბრაზდები, როცა ბინძურ მოთამაშედ მომიხსენიებენ. დიახ, აგრესიული ვარ და ფეხს არავის ავარიდებ, თუმცა წითელი ბარათი არც ისე ბევრჯერ მიმიღია. ცხოვრებაში სხვა მოთამაშისთვის ფეხის განზრახ მოტეხვა არასდროს მიცდია. ხალხს თუ კონტაქტური სპორტი არ მოსწონს, აჯობებს ჩოგბურთი ითამაშონ.

მე სერხიო რამოსის მსგავსი მინდოდა ვყოფილიყავი, რომელიც ყვითელ ბარათს იღებს, შემდეგ ისევ ყვითელს და კვლავ ყვითელს. ამის მერე კი მსოფლიო ჩემპიონი ხდება და ჩემპიონთა ლიგას იგებს.

სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო