11 X 11
სპორტული პორტალი

მსოფლიოს 23 უპრინციპულესი დუელი ფეხბურთში – დერბი, კლასიკო, სუპერკლასიკო

0

ერთი და იმავე ან მეტად ახლოს მდებარე ქალაქების გუნდების დაპირისპირებას ანუ დერბის,  სპორტულ მხარესთან ერთად განსაკუთრებულ დატვირთავას კიდევ რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს. ეს უპირატესად უბნობრივია, შემდეგ მოდის სოციალური, ისტორიული და ზოგჯერ რელიგიურიც კი. მიუხედავად იმისა, რომ დერბების დროს ხშირად მეტად უსიამოვნო ამბებიც ხდება ხოლმე, მათ მაინც განსაკუთრებული ხიბლი ახლავს, რის გამოც გულშემატკივრები გამორჩეული ინტერესით ელიან.

ქვემორე წერილში ცნობილი საფეხბურთო დერბების შესახებ მოგაწვდით მოკლე და ფრაგმენტულ ინფორმაციას.

 

ასტონ ვილა-ბირმინგემი (ინგლისი)

 

ამ ქალაქის დერბი ერთ-ერთი უძველესია და ის სათავეს 19-ე საუკუნის ბოლოდან იღებს. „ასტონ ვილა“ და „სმოლ ჰიტ ალიანსი“, რომელიც „ბირმინგემის“ წინაპარია, პირველად ერთმანეთს 1879 წელს შეხვდნენ და მათ პაექრობებს ტრიბუნებიდან ჯამში 5 მილიონმა ადამიანმა უცქირა, რაც საშუალოდ მატჩზე 40 ათასია.

 

დორტმუნდი-შალკე (გერმანია)

 

რურის აუზში მდებარე დორტმუნდი და გელზენკირხენი ისე არიან ერთმანეთს დაშორებულნი, როგორც თბილისი და რუსთავი, ამიტომ მათ დუელს რურულ დერბის უწოდებენ, თუმცა სხვა, უფრო პრეტენზიული წოდებაც აქვს – ყველა დერბის დედა.

 

ლიონი-სენტ-ეტიენი (საფრანგეთი)

 

რონული დერბი სათავეს წინა საუკუნის შუა წლებიდან იღებს და ამ ორი, ერთმანეთისგან 50 კილომეტრით დაშორებული, ქალაქის გუნდები მას შემდეგ ქიშპობენ.

 

რეალი-ატლეტიკო (ესპანეთი)

 

მიუხედავად იმისა, რომ ეს გუნდები ჩემპიონთა ლიგის ფინალში ორჯერ შეხვდნენ ერთმანეთს, შიდა ჩემპიონატისას მათი ჯახი ყოველთვის უფრო დიდ ვნებათღელვას იწვევს. მიუხედავად იმისა, რომ „რეალს“ მეტი გულშემატკივარი ჰყავს, მადრიდში „ატლეტიკოს“ ფანები უფრო ორგანიზებულნი და ხმაურიანები არიან. და კიდევ, მადრიდული დერბი მთელს მსოფლიოში ყველაზე დიდ ტელეაუდიტორიას იკრებს ხოლმე.

 

ლივერპული-ევერტონი (ინგლისი)

 

მერსისაიდული დერბი ინგლისის ჩემპიონატის მშვენებაა, მიუხედავად იმისა, რომ „ლივერპული“ უფრო მძლავრობს ხოლმე, ეს ვნებათღელვას ოდნავადაც ვერ ამცირებს. ამ რამდენიმე დღის წინ კი ამ გუნდების ბოლო ურთიერთშეხვედრა მართლაც ფეერიული გამოდგა.

 

ბოკა ხუნიორსი – რივერ პლეიტი (არგენტინა)

 

ამ დერბის ნამდვილად შეეფერება მისი სახელი – სუპერკლასიკო. მათი მატჩის დროს არგენტინის დედაქალაქი საგიჟეთს ემსგავსება, ოღონდ რაღაცით კარნავალურს. ამ დაპირისპირებას გარდა უბნურობისა, სოციალური საფუძველიც აქვს. „ბოკა“ სახალხო გუნდად მიიჩნევა, ხოლო „რივერი“, რომლის თიკუნი „მილიონარიოსია“ ანუ მილიონერები, შეძლებული ფენების მხარდაჭერით სარგებლობს.

 

ფეიენოორდი-აიაქსი (ნიდერლანდები)

 

ეს დერბი ნიდერლანდების ორი მთავარი ქალაქის, მუშა-მოსამსახურეთა როტერდამისა და ფინანსური და კულტურული ცენტრის, ამსტერდამის 13-ე საუკუნიდან დაწყებული ჯიბრის საფეხბურთო გაგრძელებაა, რომელსაც „დე კლასიკერი“ ეწოდება.

 

ალ-აჰლი-ზამალეკი (ეგვიპტე)

 

ეს კაიროული დერბი ურთიერთზიზღით და ხშირად სისხლიანი დაპირისპირებით აღინიშნება ხოლმე. „ალ-აჰლი“ სახალხო გუნდია, რომელიც იმ არაბების მიერ არის დაარსებული, რომლებიც ქვეყნის დამოუკიდებლობისათვის იბრძოდნენ, ხოლო „ზამალეკი“ კოლონიური კულტურის რელიქტს მოგაგონებს. ამ დერბის დღეს ეგვიპტის დედაქალაქის მთელი პოლიცია ფეხზე დგას და ხშირად ახერხებს კიდეც სისხლისღვვრის თავიდან აცილებას.  ორივე გუნდის ქომაგები ერთმანეთთან ურთიერთობას ყოველნაირად ერიდებიან.

 

არსენალი-ტოტენჰემი (ინგლისი)

 

ჩრდილოლონდონური დერბი დრესდღეისობით დიდი ბრიტანეთის დედაქალაქის ყველაზე გამორჩეულ, შეიძლება ითქვას, ნამდვილ დერბად მიიჩნევა, სხვები მის სტატუსთან ახლოსაც ვერ მივლენ.

 

გრემიო-ინტერნასიონალი (ბრაზილია)

 

ამ პორტუ-ალეგრულ დუელს გრე-ნალს ეძახიან. თავიანთი ისტორიის მანძილზე ორივე გუნდს თითქმის ერთნაირი წარმატებებისათვის მიუღწევიათ. ისინი ერთურთს 400-ზე მეტჯერ შეხვედრიან და ეს არც არის გასაკვირი, რადგან ბრაზილიის ერთიანი ჩემპიონატის დაარსებამდე, თავიანთ შტატში უხშირესად მხოლოდ ერთმანეთში არკვევდნენ უძლიერესს.

 

მილანი-ინტერი (იტალია)

 

„დელა მადონინა“ ალბათ ერთ-ერთი ყველაზე სახელოვანი დერბია თუნდაც იმიტომ, რომ ორივე გუნდს დიდი საერთაშორისო წარმატებები აქვთ მოპოვებული. ამასთან, მათი ტიფოზების ურთიერთდამოკიდებულება სულაც არ არის აგრესიული. ისიც სათქმელია, რომ უკვე ათწლეულებია ისინი ერთ სტადიონზე, „სან სიროზე“, იგივე „ჯუზეპე მეაცაზე“ თამაშობენ.

 

ბეტისი-სევილია (ესპანეთი)

 

მეოცე საუკუნის დასაწყისში კლუბ „სევილიაში“ კონფლიქტი მოხდა, მხარეები ვერ მორიგდნენ, ერთი ნაწილი კლუბს გამოეყო და „ბეტისი“ შექმნეს. ამ მოვლენიდან 100 წელზე მეტია გასული და მაშინ დაწყებული კონფლიქტი თითქოს ამ გუნდების მატჩში ხელახლა მწვავდება და დიდ ვნებათაღელვასაც იწვევს. სწორედ ამიტომ უყვართ Derbi sevillano.

 

პსჟ-მარსელი (საფრანგეთი)

 

ამ გუნდების დუელს დერბი პირობითად თუ დაერქმევა, ეს უფრო ფრანგული „ელ კლასიკოა“, რომელშიც პარიზელი არისტოკრატები და პლებსი, დედაქალაქი და პროვინცია, ჩრდილოეთი და სამხრეთი უპირისპირდება ერთმანეთს. ამ დაპირისპირებამ უფრო მწვავე ხასიათი მას შემდეგ მიიღო, რაც არაბული ნავთობფულით პსჟ მნიშვნელოვნად გაძლიერდა.

 

მანჩესტერ იუნაიტედი – მანჩესტერ სიტი (ინგლისი)

 

თითქმის მთელი ისტორიის მანძილზე „იუნაიტედისათვის“  „სიტი“ სერიოზულ მეტოქედ არ მიიჩნეოდა და ამიტომაც მოხდა, რომ „გაერთიანებულებმა“ „მთავარი მტერი“ მერსის ნაპირებზე, „ლივერპულის“ სახით იპოვნეს. ახლა კი, როდესაც „ქალაქელებმა“ არაბი შეიხების ფულებით წელი მოიდგეს და გაძლიერდნენ, მანკუნიანური დერბი თანადათან მაღალ სტატუსს იღებს. მიუხედავად ამისა, ამ გუნდის ფანებს შორის დიდი აუტანლობა მაინც არ არსებობს.

 

ფენერბახჩე – გალათასარაი (თურქეთი)

 

ეს სტამბოლური, ინტერკონტინენტური დერბი ერთ-ერთი ყველაზე გიჟური და სისხლიანია მსოფლიოში. „ფენერი“ ქალაქის აზიურ, ხოლო „გალა“ ევროპულ ნაწილს წარმოადგენენ და ეს ფაქტორიც ამძაფრებს გუნდების სპორტულ დაპირისპირებას.

 

რომა-ლაციო (იტალია)

 

რომაული დერბი, იგივე დერბი კაპიტოლინო, „მგლებისა“ და „არწივების“ ბრძოლაა. „რომას“ ძირითადად  ქალაქის ცენტრის მცხოვრებლები გულშემატკივრობენ, ხოლო ლაციალეს გარეუბნებისა და ახლომდებარე რეგიონების მოსახლეობა.

 

პენიაროლი- ნასიონალი(ურუგვაი)

 

ორივე ეს მონტევიდეოური კლუბი დომინირებს ურუგვაულ ფეხბურთში. 117 ეროვნული ტიტულიდან ჯამში ორივეს 99 აქვს მოგებული და ამას 8 ლიბერტადორესის თასიც დაუმატეთ. ამიტომ ერთ ქალაქში მათი  მეზობლობა ტკბილი ნამდვილად ვერ იქნებოდა და ეს ასეცაა.

 

ბენფიკა-სპორტინგი (პორტუგალია)

 

პორტუგალიაში „დიდი სამეულის“, „ბენფიკას“, „პორტუსა“ და „სპორტინგის“ მატჩები ყოველთვის მოვლენაა, მაგრამ ლისაბონური „არწივებისა“ და „ლომების“ დუელი მაინც სხვანაირია, მით უფრო, რომ „ბენფიკა“ მუშათა კლასის, ხოლო „სპორტინგი“ შეძლებულების გუნდად მიიჩნევიან.

 

ოლიმპიაკოსი-პანათინაიკოსი (საბერძნეთი)

 

ათენის ამ ორი გუნდის დაპირისპირებას უბნობრივი საფუძველი არ აქვს, რადგან პირეოსი, სადაც „ოლიმპიაკოსია“ ბაზირებული, დედაქალაქ ათენს მეოცე საუკუნეში შეუერთდა და პირეოსელები თავს ათენელებად არ მიიჩნევენ, თანაც ეს სანავსადგურო ქალაქია, ძირითადად დაბალი ფენების წარმომადგენლებით არის დასახლებული და ცხვირაბზუებულ დედაქალაქელებს ვერ იტანენ. ჰოდა, ამითაც ყველაფერი გასაგები უნდა იყოს.

 

ცრვენა ზვეზრა – პარტიზანი (სერბეთი)

 

ეს სერბული დერბი იმითაცაა სახელგანთქმული, რომ ეს კლუბები არა მხოლოდ ფეხბურთში, არამედ სპორტის თითქმის  ყველა სათამაშო სახეობებში მეტოქეობენ და თანაც როგორ? ძალიან ხშირად დაპირისპირება სპორტულ ფარგლებს სცილდება და მასობრივ ჩხუბებსა და არეულობასი გადაიზრდება ხოლმე. მსგავსი ინციდენტები მრავლად ახსოვს ბელგრადის მთავარ სტადიონს „რაიკო მიტიჩს“, რომელსაც ხალხი „მალა მარაკანას“ ეძახის.

 

ვისლა – კრაკოვია (პოლონეთი)

 

ჩამოთვლილ დაპირისპირებებს შორის, ეს დუელი ყველაზე ნაკლებად ცნობილია. მას “წმინდა ომს” უწოდბენ. თუ გაგიკვირდათ ამ მატჩის ჩვენს სიაში ხილვა, მხოლოდ ეს ატმოსფერო ნახეთ…

 

ფლამენგო-ფლუმინენსე (ბრაზილია)

 

აი, ნამდვილ „მარაკანაზე“ კი ეს ორი რიოული გუნდი ნამდვილ საფეხბურთო სპექტაკლებს დგამს ხოლმე. ერთხელ „ფლა“-„ფლუმ“ „მარაკანაზე“ 194 ათას მაყურებელსაც კი მოუყარა თავი. ისტორიაში კი ასეთი დერბი სულ 458-ჯერ გამართულა.

 

სელტიკი-რეინჯერსი (შოტლანდია)

 

შოტლანდიის მთავარი ქალაქის ეს ორი გუნდი ნამდვილად სამკვდრო-სასიცოცხლოდ არიან გადაკიდებულნი აგერ უკვე 130 წელიწადია, ანუ ამ კლუბების დაარსების დღიდანვე. მათი მეტოქეობის მთავარი მიზეზი რელიგიური ფაქტორია, რადგან „რეინჯერსს“ პროტესტანტები, ხოლო „სელტიკს“ კათოლიკები გულშემატკივრობენ.

სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო