11 X 11
სპორტული პორტალი

უდიდესი ნიჭი, რომელსაც გაბრწყინება არ ეწერა

0

წარმოიდგინეთ, რომ გერმანიაში ყველაზე ნიჭიერ ფეხბურთელად მიგიჩნევენ. წარმოიდგინეთ, რომ პრესა მუდმივად თქვენზე წერს და ყველა ნაბიჯს აკონტროლებს. წარმოიდგინეთ, რომ თქვენს ყველა წარმატებულ თუ წარუმატებელ თამაშს უდიდესი რეზონანსი აქვს. წარმოიდგინეთ, წამიერად გაიაზრეთ, თქვენ რომ ასეთ სიტუაციაში აღმოჩნდეთ, გაუძლებდით?

სებასტიან დაისლერმა ვერ გაუძლო.

ოცდამეერთე საუკუნის დასაწყისში, ამ ქვეყნისთვის შეუფერებლად, გერმანიას ტალანტები შემოაკლდა. ნიჭი, რომელიც საერთაშორისო მასშტაბის ჩანდა, მხოლოდ დაისლერს ჰქონდა.

2000 წელს, გერმანია ევროპის ჩემპიონატის ჯგუფში ჩარჩა. The Observer-მაჰედლაინად” შემდეგი ფრაზა გამოიტანა: “გერმანიის ნაკრები: როგორ შეიძლება ასეთი ცუდი იყო?”

ეს ის პერიოდია, როდესაც ოლიმპიაშტადიონზე ბუნდესმანშაფტი ინგლისმა 5:1 დაამარცხა. სებამაც ითამაშა, ცუდად, ნოივილის პასის შემდეგ, მეკარეს პოზიცია დაკარგული ჰქონდა, ისღა დარჩენოდა ბურთი უბრალოდ კარში გადაეგზავნა და ააცილა… ეს 1:1-ზე მოხდა, რომ გაეტანა, იქნებ კუნძულელთათვის საამაყო გამარჯვებაც არ შემდგარიყო.

რა თქმა უნდა, ვისაც არ დაეზარა, “ჰერტას” გამთამაშებელი ყველამ გააკრიტიკა.

სიმართლე რომ ვთქვათ, მის გამოჩენას თავიდანვე დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა. 1998/99 წლებში, როდესაც სება თავის პირველ და ბოლო სეზონს გლადბახში ატარებდა, გუნდი ბუნდესლიგიდან გავარდა. მიუხედავად ამისა, გერმანელი ფეხბურთის ავტორიტეტული ფიგურები მასზე მაინც აღმატებით ხარისხში ლაპარაკობდნენ

ფრანც ბეკენბაუერი: “ფიზიკურად და მენტალურად ის გერმანიაში საუკეთსოა

რუდი ფიოლერი (მაშინდელი ნაკრების მთავარი მწვრთნელი): “შემდეგი 10 წლის განმავლობაში სება გერმანიისთვის შეუცვლელი იქნება”

დაისლერისა და გერმანიისთვის სამწუხაროდ, 10 წლის შემდეგ ის აღარავის ახსოვდა. 2007 წელს, მან ფეხბურთიდან წასვლა გადაწყვიტა. რა თქმა უნდა, ეს ტრავმებით განპირობებული იყო, მაგრამ ამ ყველაფერს მისი დეპრესიისკენ მიდრეკილებაც ემატებოდა.

შეიძლება გერმანიისთვის ის გადაფასებული ფეხბურთელი აღმოჩნდა, მაგრამ მისი ტალანტი იმდენად ღირებული იყო, რომ გლადბახის გავარდნის შემდეგ, მას წინადადებით 26-მა კლუბმა მიმართა.

დაისლერის პროგრესი ჰერტაში თვალნათელი გამოდგა. მისი ლიდერობით, გუნდი ბუნდესლიგაში მესამე ადგილზე გავიდა და ჩემპიონთა ლიგაში მონაწილეობის უფლება მოიპოვა. დრიბლინგი, ზუსტი პასები, დარტყმები – დღესაც გულგრილს ვერავის ტოვებს.

ჩემპიონთა ლიგაში ჰერტა სიკვდილის ჯგუფში მოხვდა, სადაც მილანი, ჩელსი და გალათასარაი თამაშობდნენ. იურგენ რობერისთვის (ჰერტას მწვრთნელი), სება გუნდის სული, გული და ნამდვილი ლიდერი იყო, მიუხედავად იმისა, რომ მის გვერდზე ისეთი კარგი ფეხბურთელები თამაშობდნენ, როგორებიც: ალი დაეი, მიხაელ პრიცი და დარიუს ვოში არიან.

ჰერტა, ჩელსისთან ერთად, პირველი ჯგუფიდან გავიდა, თუმცა მეორე ქვეჯგუფში წინსვლა ვეღარ მოახერხა. ბერლინელთათვის, ალბათ, ეს მაქსიმუმი იყო – 12 თამაში ლიგაზე…

შემდეგ მოხდა ის, რისიც ყველა ფეხბურთელს ეშინია – მან ჯვარედინი მყესები პირველად გაიწყვიტა. რეაბილიტაციის პროცესი გაიარა, თუმცა ამას დიდი დრო და ენერგია შეალია, რამაც კალაპოტიდან ამოვარდა.

მიუხედავად ასეთი ტრავმისა, 2002/03 წლებში ბილდმა დაწერა, რომ მან ბაიერნთან კონტრაქტი შეათანხმა. ეს ნებისმიერი ფეხბურთელისთვის უდიდესი შესაძლებლობაა, ჩვენ ხომ მსოფლიოს გრანდზე ვსაუბრობთ.

დიტერ ჰიონესმა (ჰერტას ვიცე პრეზიდენტი) მას ჩუმად ყოფნა დაავალა და სებასაც კრიტიკის ატანა უხმოდ მოუხდა. ეს პირველი შემთხვევა იყო, როდესაც ფეხბურთის თამაში უნდოდა თუ არა ეჭვი შეიტანა. მიუხედავად იმისა, რომ ის ჯერ კიდევ ახალგაზრდა ფეხბურთელი იყო, ეს ეჭვი გონებაში იმდენად გაუჯდა, რომ მისი პროგრესი შეაჩერა.

ის თავს მიტოვებულად გრძნობდა, თითქოს ავადმყოფი იყო.

სებას ჰიონესმა იმედი გაუცრუა. მენტორი, რომელმაც ძალადობისგან მისი დაცვა ვერ მოახერხა

ჰიონესი იდგა და უყურებდა ბერლინიდან როგორ გამაგდეს. ამან ფეხბურთზე ჩემი შეხედულებები მოწამლა. ეს კეფაში სროლას ჰგავდა. დღეს ვიცი, რომ აქ უნდა გავჩერებულიყავი”

ის მიუნხენში ყავარჯნებით ჩავიდა, რადგან მარჯვენა ფეხი მწყობრში ისევ არ ჰქონდა. მიუხედავად იმისა, რომ ჰიტცფელდმა იცოდა ფეხბურთელმა რამდენი და რა ხარისხის ტრავმები გადაიტანა, ეფენბერგის მემკვიდრედ მიიღო და გუნდის მასზე აშენება გადაწყვიტა.

2003 წელს, დაისლერმა მსოფლიო შოკში კიდევ ერთხელ ჩააგდო და თქვა, რომ სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს.

“ახლა რაღაცების დაგეგმვის დრო არ მაქვს და ჩემი თავი ზეწოლისგან უნდა გავათავისუფლო. ეს გაკვეთილია, რომელიც გასულ კვირებში მივიღე. სანამ ფეხბურთს დავუბრუნდები, წინ დიდი გზა მაქვს. პირველ ყოვლისა, უნდა გამოვჯანმრთელდე. ვიცი, რომ დეპრესიაში ვარ, დაავადება მტანჯავს. სიმშვიდე მინდა. როცა დრო იქნება, მეტს ვიტყვი,” – თქვა მაშინ დაისლერმა.

2004/05 წლებში, როდესაც ყველამ იფიქრა რომ სება დაბრუნდა და ბალაკთან ერთად მოედნის ცენტრში ადგილი დაიკავა, მან მარჯვენა ფეხზე ტრავმა ისევ მიიღო და გერმანიაში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილეობა ვეღარ მოახერხა..

მან უკვე იცოდა რომ ფეხბურთი მისი სპორტი არ იყო და წასვლის გადაწყვეტილება მიიღო

“ის ერთერთი საუკეთესო ფეხბურთელია, რომელიც კი გერმანიაში დაბადებულა და რომ მიდის, ამის გააზრება რთულია. ჩვენ ეს ბრძოლა წავაგეთ,” – თქვა ული ჰიონესმა სებას გაცილების დროს.

როგორც ული იხსენებს, წასვლამდე დაისლერი სახლში მასთან დარჩა და მთელი ღამე ლაპარაკობდნენ.

ფეხბურთიდან წასვლის შემდეგ, გერმანიის იმედი თითქოს გაქრა. ის კარჩაკეტილ ცხოვრებას ეწევა, ტელევიზიებს კომენტარს არ აძლევს. როდესაც ეზოში ადამიანები გასართობად ფეხბურთს თამაშობენ, ხანდახან მათთან გამოჩნდება ხოლმე, ბურთს გააგორებს, გაერთობა და ქრება.

რომ შეხედავ, იმ ტანჯვას ხედავ, რომელიც გამოიარა. დიდი, წყლიანი თვალები, თითქოს მზადაა ნებისმიერ დროს ცრემლი წამოუვიდეს.

სება დაისლერი გერმანული ფეხბურთის იმედი იყო, უდიდესი ნიჭი, რომელსაც გაბრწყინება არ ეწერა.

სხვა სიახლეები
გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო