11 X 11
სპორტული პორტალი

მაგარი მატჩების საღამო ჩემპიონთა ლიგაზე

0

ჩემპიონთა ლიგის მესამე ტურის პირველი დღის გვიანი ექვსივე მატჩი საკმაოდ სანახაობრივი გამოდგა და ფეხბურთის გულშემატკივრებს დიდი სიამოვნება მიანიჭა.

ატალანტა-ლივერპული 0:5

გოლები: ჟოტა, 16; 33; სალაჰი, 47; მანე, 49; ჟოტა, 54.

მსაჯი: ო. ჰატეგანი (რუმ).

მიუხედავად იმისა, რომ მერსისაიდელთა თავკაცი იურგენ კლოპი იძახდა, „ატალანტა“ ძალიან რთული გუნდია და თამაში გაგვიჭირდებაო, „წითლებმა“ ჟოტას დუბლით პირველ ტაიმშივე სოლიდური უპირატესობა შეიქმნეს, ხოლო მეორეში მთლად მოუთავეს ხელი გასპერინის ნაქებ გუნდს.

პორტუ-მარსელი 3:0

გოლები: მარეგა, 4; სერჟიო ოლივეირა, 28; ლუიშ დიაში, 69.

გამოუყ. პენალტი: პაიე, 10 (მ).

მსაჯი: ა. ლაოსი (ესპ).

მასპინძლები სრულად დომინირებდნენ პირველი ნახევრის განმავლობაში და შესვენების წინ საკმაო ფორით დაწინაურდნენ კიდეც. მეორე ტაიმის შუაში მესამე გოლიც შეუგდეს ფრანგებს და საქმეც მოითავეს.

მანჩ. სიტი-ოლიმპიაკოსი 3:0

გოლები: ტორესი, 12; გაბრიელ ჟესუსი, 81; კანსელო, 90.

მსაჯი: დელ სერო (ესპ).

ვერ ვიტყვით, რომ პეპ გვარდიოლას შეგირდები თავიდანვე დიდი თავგამოდებით ცდილობდნენ გარდამტეხი უპირატესობის მოპოვებას. ისე გამოვიდა, რომ ანგარიშის გახსნის შემდეგ, თამაში პოზიციურ კალაპოტში გადააგდეს და ხელსაყრელ მომენტებს ელოდნენ ანგარიშის გასაზრდელად, რაც უპრობლემოდ მოახერხეს.

მიდტიულანდი-აიაქსი 1:2

გოლები: ანტონი, 1 (0:1); ტადიჩი, 13 (0:2); დრაიერი, 18 (1:2).

მსაჯი: ბ. მადენი (შოტ).

სწრაფმა გოლმა დანიური გუნდი ვერ გატეხა, ფიცხლად შეუტიეს „აიაქსს“, მაგრამ მეორე მარცხი შეემთხვათ და შეიძლება ენთუზიაზმი დაცხრომოდათ, თუმცა მალევე შეძლეს ერთი საპასუხო გოლის შეგდება და ასე ვთქვათ, თამაშში დაბრუნება. დაბრუნებით კი დაბრუნდნენ, მაგრამ ვეღარაფრით იხეირეს და დამარცხდნენ.

რეალი-ინტერი 3:2

გოლები: ბენზემა, 25 (1:0); სერხიო რამოსი, 25 (2:0); ლაუტარო, 35 )2:1); პერიშიჩი, 69 (2:2); როდრიგო, 80 (3:2).

მსაჯი: ს. ტურპინი (საფ).

იშვიათად, რომ ასეთი დონის გუნდების მატჩი თავიდანვე გახსნილად და ორმხრივი შეტევებით დაწყებულიყო. პირველი შეცდომა სტუმრებს მოუვიდათ და ბენზემასაც მეტი რა უნდოდა, შანსი ხელიდან არ გაუშვა. შემდეგ იყო კუთხური და ვინ იყოჩაღებდა თავურით თუ არა სერხიო რამოსი და ასეც მოხდა. „ინტერი“ ის გუნდი არაა, ყურები ჩამოეყარა და ისეთი საპასუხო გოლი გაიტანა ლაუტარო მარტინესმა, რომელიც დიდხანს კი არა, შეიძლება არასოდეს დაავიწყდეს მის მნახველს. არა იმდენად გოლი, რამდენადაც ნიკოლა ბარელას წარმოუდგენელად მახვილგონვრული და იშვიათი სილამაზის საგოლე გადაცემა.

მეორე ტაიმში მცირე უპირატესობა მასპინძლებს კი ჰქონდათ, მაგრამ ერთ ეპიზოდში „რეალის“ დაცვა ჩავარდა და ანგარიში გაყაიმდა. და მაინც, ბოლოსკენ სასწორის პინა სამეფო გუნდის მხარეს გადაიწონა და დამსახურებულადაც.

ზალცბურგი-ბაიერნი 2:6

გოლები: ბერიშა, 4 (1:0); ლევანდოვსკი, 21 (1:1); კრისტენსენი, 44-საკ. კარში (1:2); ოკუგავა, 61 (2:2); ბოატენგი, 79 (2:3); სანე, 83 (2:4); ლევანდოვსკი, 88 (2:5); ერნანდესი, 90+2 (2:6).

მსაჯი: ა.კულბაკოვი (ბულ).

ავსტრიელთა სწრაფ გოლს ბავარიელები სულაც არ შეუშფოთებია, მშვიდად იგდეს ხელთ თამაშის სადავეები და პირველი ტაიმის ბოლოს წინაც გავიდნენ. მეორე ტაიმში ავსტრიელებმა ანგარიშის გათანაბრება მოახერხეს, მაგრამ ამით „რეკორდმაისტერი“ გააბრაზეს და რაც მოიმკეს, ანგარიშიდან ხედავთ.

 

სხვა სიახლეები
გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო