11 X 11
სპორტული პორტალი

14 წლიდან ეუბნებოდნენ, რო ინვალიდობა ელოდა, მან კი მსოფლიო დაიპყრო და 28 წლისამ კარიერა დაასრულა [VIDEO]

0

ვან ბასტენის დებიუტი აიაქსში ნეკის წინააღმდეგ შედგა – შესვენებაზე კრუიფი შეცვალა, რომელიც კვე 35 წლის იყო. გოლის გასატანად ტაიმი ეყო და პირველი ხმები მაშინ გაისმა: ახალგაზრდა ჰოლანდიელი ახალი კრუიფია, ან მისი ღირსეული შთამომავალი…

ამის შემდეგ მარკომ ნიდერლანდების ჩემპიონატი და თასი 3-3-ჯერ მოიგო, ასევე თასების მფლობელთა თასსაც დაეუფა. კარიერის პიკი კი მილანში იყო: 4 ჩემპიონობა, 2 ჩემპიონთა თასი. წარმატებას კი თან ტკვილები სდევდა – მკურნალობდა იმდენ ხანს, რამდენიც ითამაშა.

1998 წლის ევროპის ჩემპიონატზე მიხელსს ვან ბასტენი არ მიჰყავდა, კიდევ ტრავმას მიიღებსო. ბოლო მაინც წაიყოლა, თუმცა ძირითადის იმედი არ გქონდესო, უთხრა. ვან ბასტენი წასვლას აპირებდა და გულიტმა ძლივს გადააფიქრებინა. საწყისი მატჩი ჰოლანდიამ სსრკ-სთან წააგო, მომდევნო მატჩში კი მოედანზე ვან ბასტენი გამოჩნდა, ინგლისთან ჰეთ-თრიკი შეასრულა, ფინალში კი “ასწლეულის” გოლი გაუტანა რენატ დასაევს. იმ წელსვე პირველი(სამიდან) “ოქროს ბურთი” მოიგო. მაშინ მარკო მხოლოდ 23 წლის იყო, თითოქოს მთელი კარიერა წინაა, მაგრამ ამ კარიერამ მხოლოდ 5 წელს გასტანა…

1995 წლის 18 აგვისტოს “სან სიროზე” ბევრი ცრემლი დაიღვარა: ტიროდა კაპელო, მილანის სამწვრთნელო შტაბი, თანაგუნდელები, 80 000 მაყურებელი და მილიონობით ეკრანთან შეკრებილი ადამიანი. ჰოლანდიელმა მოგვიანებით განაცხადა მაშინ რას გრძნობდა:

“გაუგონარი რამ იყო. გამაყრუებელი აპლოდისმენტების მიუხედავად, მარტო ვიყავი. ჩემ ირგვლივ სიცარიელე იყო. მხოლოდ ის ვიცოდი, სტადიონისთვის წრე უნდა დამერტყა.

ეს არ უნდა ხდებოდეს! ეს ჩემი ადგილი არაა, ახლა არა! კოსტუმში არ უნდა დავრბოდე, ისინი კი ფორმებით არ უნდა მიყურებდნენ. მათთან ერთად უნდა ვიყო, გოლები გავიტანო, პასები გავაკეთო, ისტორია შევქმნა, “სან სიროს” ატმოსფერო შევცვალო.

ჩემ გარშემო სიჩუმეა, არა და 80 ათასი ადამიანი ტაშს მიკრავს, მათი ხმა მესმის, ჩემს პლაკატებს ვხედავ. ტერფი დიდი ხანი მტკიოდა, ახლა კი ტკივილი გაქრა.

ფეხბურთელი მარკო ვან ბასტენი აღარ არსებობს, ვიღაც სხვას უყურებთ. ეს ჩემი კაპიტულაციაა. ტირილი მინდა, მაგრამ აქ ბავშვივით აქვითინება არ შემიძლია. ტკივილის არავის ვაჩვენებ. ეს სტადიონი, მოედანი იმ ადამიანისთვის გაივსო, ვინც ვიყავი.

ფუნდამენტური რამ შეიცვალა… ფეხბურთი ჩემი ცხოვრებაა და მე ეს ცხოვრება დავკარგე. დღეს, როგორც ფეხბურთელი მოვკვდი. დავრბივარ, ტაშს ვუკრავ, წრე მთავრდება.”

პირველად კოჭის სახსარი დაიზიანა – მარკომ ეს ტრავმა 1986 წელს მიიღო. ფიფას მონაცემებით საფეხბურთო ტრავმებს შორის 11-23% სწორედ ამ ტრავმაზე მოდის.

სახსარის სითხე ასაკის მატებასთან ერთად იკლებს, მოხრა ტკივილს იწვევს. თუმცა, არა მხოლოდ ასაკი, ტკივლის გამოწვევა ტრავმასაც შეუძლია, მათი საფუძველი კი სწორედ სითხის დაკარგვის შეუქცევადი პროცესის წარმოქმნაა.

მარკოს მამა იხსენებდა, რომ ჯერ კიდევ 14 წლის ასაკში ექიმმა უთხრა, ფეხბურთს თუ არ შეეშვები, ინვალიდი გახდები. ასეთი პოზიცია ჰქონდათ, თუ 17 წლამდე ოსტეოართროზის მსგავსი რამ დაემართებოდა, კარიერა უნდა დაესრულებინა.

მარკომ რამდენიმე ოპერაცია გაიკეთა, ბოლოს კი ნიკ ვან დეიკთან მივიდა, ქირურგთან, რომელიც მესისა და იბრაჰიმოვიჩთან მუშაობდა. ექიმი ნანახით გაოგნდა:

“მისი კოჭ-წვივის სახსარი 80 წლის ადამიანის ქსოვილივით იყო. ძალიან რთული ჩარევა დაგვჭირდა, მისთვის ტკივილის შეჩერება რომ მოგვეხერხებინა.”

ოპერაციის შემდეგ ქირურგმა 10 კვირის განმავლობაში ყოველგვარი დატვირთვა აუკრძალა, მაგრამ ვან ბასტენი ამას დაიჯერებდა?! 3 თვის შემდეგ ექიმის სახლში ტელეფონის ხმა გაისმა, ეს ფეხბურთელის დედამთილი იყო: “ჩართეთ ტელევიზორი და მითხარით, რომ ეს მარკო არ არის!”

ვან დეიკი ეკრანთან მივიდა და დაუჯერებელი რამ ნახა: ვან ბასტენი ძმები დე ბურების წინააღმდეგ თამაშობდა. მოგვიანებით, ფეხბურთელმა გაიხსენა, რომ ექიმი ისეთი შეშინებული იყო ამხელა რისკის გამო, რომ ხშირად ეუბნებოდა: “ვიცი, ინფარქტს დამმართებ!”

დღეს კი თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგია ყველაფერს ცვლის. ანდრე გომეშის ტრავმა ხომ საშინელი სანახავი იყო, მაგრამ 4 თვის შემდეგ მოედანზე დაბრუნდა. ლეო მესის ისტორია კი საერთოდაც, ერთერთი ნათელი მაგალითია.

ყველამ იცის, რომ “ბარსელონამ” მას სომატოტრინის კურსი გაატარა. ამის გარეშე არგენტინელი ზრდასრულ ფორმას ვერ მიიღებდა. ლეო გიგანტი არც ახლაა, მაგრამ ამ ჰორმონის გარეშე ფეხბურთს საერთოდ ვერ ითამაშებდა. მაგრამ, მარკოს დროს ასეთი რამ ხელმწისაწვდომი არ იყო.

ძნელია იმის თქვა, თანამედროვე მედიცინა გადაარჩენდა თუ არა ვან ბასტენის კარიერას, თუმცა მარკოს 2020 წელს უფრო მეტი შანსი ექნებოდა, ვიდრე მარკოს 1993 წელს ჰქონდა.

კარიერის დასრულების შემდეგ კი მარკო ვან ბასტენმა ავტობიოგრაფიული წიგნი დაწერა და ძალიან ბევრი საინტერესო რამ გაიხსენა, მათ შორის ტრავმაზე, კრუიფზე, ნისტელროიზე…

“1986 წელს მიღებულ ტრავმაზე კლუბის ექიმმა თქვა, რომ სიტუაცია არ გაუარესდებოდა, მე კი სხვანაირად ვგრძნობდი. კრუიფი მოვიდა და მითხრა: ყველა ტურნირზე არ გათამაშებ, თუმცა ევროთასებზე უნდა გამოხვიდე. რამდენიმე ვარჯიშს გააცდენ, რაც უნდა მოხდეს, ფინალში უნდა ითამაშო. შეთანხმება ასეთია.

მომდევნო წელს მე და გულიტი “მილანში” გადავედით. ტკივილები მქონდა, ოპერაციაც გავიკეთე, თუმცა უკვე გვიანი იყო.”

ვან ბასტენი “მილანურ” პერიოდს ასე იხსენებს:

“კრუიფს შევეჩვიე, ის დიადი ფეხბურთელი იყო, მატჩის გასაღები კი მისთვის ერთი გახლდათ. ასეთივე იყო კაპელო. აი, საკი კი თეორიაში მიდიოდა. ერთსა და იმავე ვიდეოს უამრავჯერ გვანახებდა. ერთხელ ვუთხარი, “მისტერ, ეს უკვე 12-ჯერ ამიხსენით, საჭირო აღარაა, თუ აქამდე ვერ მივხვდი, ვერც ამის შემდეგ გავიგებ”. ფანატიკოსი გახლდათ, მასთან შეგუება რთული იყო.”

“მილანთან ერთად უამრავი ტიტული მოიგო და ლეგენდად იქცა. იტალიის ჩემპიონი 4-ჯერ გახდა, მოიგო ჩემპიონთა თასს ორჯერ დაეუფლა, მსოფლიო თასის გარდა, თითქმის ყველაფერი მოგებული ჰქონდა.

1994 წლიდან კი ტკივილი აუტანელი გახდა.

“გულში ვითვლიდი, თუმცა საწოლიდან ტუალეტამდე 120-ის დათვლამდე არასდროს მივსულვარ. კარის გადასასვლელები ყველაზე რთული ნაწილი იყო, რადგან უნდა გადამებიჯებინა, თან ვეხებოდი და საშინლად მტკიოდა. ოდნავ შეხებაც კი ისეთ ტკივილს მგვრიდა, რომ ტუჩებს ვკბენდი, რომ არ მეყვირა.”

ტრაგიკული ირონია ის გახლავთ, რომ ვან ბასტენმა კარიერის ბოლო მატჩი იმავე სტადიონზე გამართა, რომელზეც 1988 წელს ევროპის ჩემპიონობა მოიპოვა. ეს 1993 წელს მოხდა, ჩემპიონთა ლიგის ფინალში “მილანმა” “მარსელთან” 0:1 წააგო. ვინ იფიქრებდა, რომ ეს ვან ბასტენის ბოლო მატჩი იყო?

“მაშინ კარიერის პიკში ვიყავი და მეჩვენებოდა, თითქოს ნათელი მომავალი მელოდა. რეალურად კი ბევრი პრობლემა და ტკივილი გაჩნდა. საერთაშორისო კარიერა მხოლოდ 5 წელი გამიგრძელდა, შემდეგ კი ტკივილი იყო. ინვალიდად ვიქეცი, ექიმები ვერ მეხმარებოდნენ. მაშინ ძალიან შემეშინდა.”

ფეხბურთელის კარიერის დასრულების შემდეგ დიდი დრო გავიდა და ვან ბასტენი მწვრთნელი გახდა. 2004 წელს კი ნიდერლანდების ნაკრებიც ჩაიბარა. 2006 წლის მსოფლიო თასზე ერთერთ ყველაზე სკანდალურ შეხვედრაში პორტუგალიასთან 0:1 დამარცხდა. 2008 წლის ევროპის ჩემპიონატი საოცრად დაიწყო, თუმცა 1/4-ფინალში რუსეთის ნაკრებთან დამარცხდა.

ვან ბასტენი კი ახლა ამბობს, რომ მწვრთნელობა მისი საქმე არ არის:

“მე ცუდი მწვრთნელი ვარ. შემიძლია ვავარჯიშო ფეხბურთელები, ვესაუბრო ფეხბურთზე. თუმცა, წაგება იმდენად რთული იყო, რომ ასე ცხოვრება არ შემეძლო. როგორც მენეჯერი, შენს ბიჭებს პოზიტიურად უნდა ეურთიერთობო, როგორც მამა შვილებს, ეს კი მე ნამდვილად არ გამომდიოდა. ასისტენტობა სხვა გახლდათ, მთავარი მწვრთნელობა კი სულ სხვაა. სწორი გადაწყვეტილება მივიღე, მწვრთნელობას რომ შევეშვი. ბიზნესი მაქვს, ტელევიზიით ვსაუბრობ ფეხბურთზე. ბრწყინვალე ცოლი მყავს, კარგი შვილები, უკვე 2 შვილიშვილიც. ჯანმრთელები ვართ და ცხოვრებით ვტკბები.”

როცა ვან მასტენს იმ ტრავმაზე ეკითხებიან, სულ ეცინება:

“ტკივილი აღარ მაწუხებს, თუმცა შეზღუდული ვარ. ჩოგბურთის ან ფეხბურთის თამაში არ შემიძლია. ჩემპიონთა ლიგაზე უფრო მეტჯერ გამარჯვება მწყუროდა, უფრო მეტ ხანს მინდოდა თამაში… ფეხბურთელები პროფესიონალურ დონეზე 18 წლიდან თამაშობენ, ვიღაცები კი ტრავმას კარიერის დასაწყისში იღებენ. როცა ამაზე დავფიქრდი, ჩემ თავს ვუთხარი: “სხვებთან შედარებით, მე ძალიან გამიმართლა. სხვა თუ არაფერი, ბრწყინვალე 10 წელი მქონდა, რომლებმაც ჩემი ცხოვრება შეცვალა.”

 

სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო