11 X 11
სპორტული პორტალი

დიქსონის ოჯახი ჩინეთში არ იმყოფება – ჩინეთის საელჩომ საქართველოს ნაკრების ყოფილი კალათბურთელის ამაღელვებელ განცხადებას უპასუხა

0

საქართველოს ნაკრების ყოფილი გამთამაშებელი მაიკლ დიქსონი 2017 წლიდან საქართველოს მოქალაქეა. მან POST TV-ის ეთერში ემოციური მიმართვა გაავრცელა და თქვა, რომ ჩინეთში გამგზავრება უნდა, სადაც მისი ფეხმძიმე მეუღლე და ორი წლის შვილი არიან, მაგრამ ჩინეთის საელჩოში უსამართლოდ მოექცნენ და აპლიკაცია დაუხიეს. ამასთან დაკავშირებით თბილისში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩომ “ფეისბუქით” განცხადება გაავრცელა.

“როგორც ჩვენი საელჩოსთვის გახდა ცნობილი, 6 ნოემბერს ბ-ნ მაიკლ დიქსონმა POSTV-ს საშუალებით გამოაქვეყნა ვიდეო მიმართვა, რომელიც ბოლო დროს საქართველოში ჩინეთის საელჩოში საკონსულო მომსახურების მოთხოვნისას ვიზის ვერმიღებას შეეხება. ამასთან დაკავშირებით ჩვენი საელჩო აცხადებს, რომ ვიზა ერთგვარი ნებართვაა, რომელსაც ქვეყნის ხელისუფლების მიერ უფლებამოსილი ორგანო ამ ქვეყნის კანონებისა და რეგულაციების შესაბამისად უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე გასცემს ამ ქვეყანაში შესვლის, ქვეყნიდან გასვლის ან მის ტერიტორიაზე ტრანზიტის განხორციელებისათვის. ახალი კორონავირუსით გამოწვეული გლობალური პანდემიის ფონზე, საერთაშორისო მოგზაურობისას ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დაცვისა და ეპიდემიის საერთაშორისო გავრცელების რისკის შესამცირებლად, ჩინეთის სახელმწიფომ უცხო ქვეყნის მოქალაქეების ქვეყანაში შემოსასვლელ სავიზო პოლიტიკაში კორექტივები შეიტანა, რაც მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში გავრცელებული პრაქტიკაა. ჩინური მხარის მიერ დაკორექტირებული სავიზო პოლიტიკა ყველა უცხო ქვეყნის მოქალაქეს ერთნაირად ეხება.

რაც შეეხება ბ-ნ მაიკ დიქსონის მიერ ვიდეოში ნახსენებ უპატივცემულო მოპყრობას, საელჩოს შემდეგი ფაქტების ნათელყოფა სურს:

1. ბ-ნ მაიკლ დიქსონმა ვიდეოში ახსენა, რომ მას აქვს ვიზიტით გამგზავრებისთვის საჭირო მოწვევის წერილი, რაც სუბტიტრებში ოჯახის მონახულების მიზნით მოწვევის წერილად იყო მოხსენიებული.
ბ-ნ მაიკლ დიქსონის მიერ წარმოდგენილი მოწვევის წერილი გაცემულია ჩინეთის ერთ-ერთი ქალაქის მიერ, რომელიც გაცვლითი და კვლევითი მიზნებისათვის ვიზიტის განხორციელების საშალებას იძლევა. მის მიერ წარომდგენილი მოწვევის წერილი ოჯახის მონახულების მიზნით ვიზიტის საფუძველს არ წარმოადგენს და ამასთანავე, მისი ოჯახის წევრები ამჟამად ჩინეთში არ იმყოფებიან.

2. ბ-ნ მაიკლ დიქსონმა ვიდეოში ახსენა, რომ საელჩოში პირველად მოსვლისას, დაცვის თანამშრომელმა მას საკონსულოში შესვლის უფლება არ მისცა.
ეპიდემიის პერიოდში, საელჩოში მომსახურების მისაღებად აუცილებელია წინასწარ ჩაწერა. საელჩოში პირველად მოსვლისას, ბ-ნ მაიკლ დიქსონს ვიზიტი წინასწარ შეთანხმებული არ ჰქონდა და თანაც, აღნიშნულ დღეს უცხოელთა მიღების საათები არ ყოფილა.

3. ბ-ნ მაიკლ დიქსონმა ვიდეოში ახსენა, რომ საელჩოს მისთვის არ შეუტყობინებია, რომ ვიზის აღებას ვერ შეძლებდა.
4 ნოემბერს, საელჩოს საკონსულო განყოფილების უცხოელმა თანამშრომელმა, ქ-ნ გვანცა არაბულმა საკონტაქტო პირის საშუალებით ბ-ნ მაიკლ დიქსონს შეატყობინა, რომ იგი ვიზის აღებას ვერ შეძლებდა და პასპორტის ასაღებად მისვლა სთხოვა. 6 ნოემბერს, როდესაც ბ-ნ მაიკლ დიქსონი საელჩოში პასპორტის ასაღებად მოვიდა, იგი წინასწარ უკვე გაფრთხილებული იყო, რომ ვიზის ასაღებად განაცხადს ვერ გააკეთებდა.

4. ბ-ნ მაიკლ დიქსონმა ვიდეოში ახსენა, რომ ჩვენი საელჩოს თანამშრომელმა ქ-ნ გვანცა არაბულმა მისი სავიზო განაცხადის ფორმა მის თვალწინ დახია.
6 ნოემბერს, როცა ბ-ნ მაიკლ დიქსონი პასპორტის გასატანად საელჩოში მოვიდა, ქ-ნ გვანცა არაბულმა ადრე გაცემული პასპორტის გატანის ფორმა უკან დაიბრუნა და წესისამებრ მოიქცა. მას სავიზო განაცხადის ფორმა არ დაუხევია.

5. ბ-ნ მაიკლ დიქსონმა ვიდეოში ახსენა, რომ ქ-ნ გვანცა არაბულმა დაცვას მისი საკონსულოდან გაყვანა სთხოვა.
იმის გამო, რომ შესაბამისი მომსახურების გაწევა შეუძლებელი იყო, ეპიდემიის პრევენციის მიზნით ჩვენი საელჩოს მოთხოვნაა, რომ მიღების დასრულების შემდეგ, აპლიკანტი დიდხანს არ გაჩერდეს საკონსულოში. შესაბამისად, ქ-ნ გვანცა არაბულმა ბ-ნ მაიკლ დიქსონს აცნობა, რომ შეეძლო საკონსულო დაეტოვებინა, დაცვამ კი მას კარი გაუღო. ბ-ნ მაიკლ დიქსონმა თავად დატოვა საკონსულო, დაცვას მასთან ფიზიკური კონტაქტი არ ჰქონია და იგი არ გაუყვანია.

ჩვენი საელჩო ბ-ნ მაიკლ დიქსონთან საქმიან ურთიერთობაში თავიდან ბოლომდე რეგულაციების შესაბამისად მოქმედებდა. საელჩოს თანამშრომლების მხრიდან უპატივცემულო მოპყრობასა და დაცვის თანამშრომლების მხრიდან უხეშ დამოკიდებულებას ადგილი არ ჰქონია.

ჩინეთის საელჩო საქართველოში ჩინეთ-საქართველოს შორის თანამშრომლობის გაძლიერებასა და ახალი კორონავირუსით გამოწვეული ეპიდემიის წინააღმდეგ ერთობლივ ბრძოლას მუდამ მხარს უჭერს. იმედი გვაქვს, ბ-ნ მაიკლ დიქსონი და მისი ოჯახის წევრები და ჩვენი ქართველი მეგობრები ჯანმრთელად და უსაფრთხოდ იქნებიან. ჩვენ მზად ვართ ქართველ ხალხთან სოლიდარობისა და თანამშრომლობის გასაძლიერებლად და ეპიდემიასთან ბრძოლაში ერთობლივი გამარჯვების მისაღწევად”, – ნათქვამია განცხადებაში.

სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო