11 X 11
სპორტული პორტალი

ყურებზე აფარებული ხელები – მანჩესტერის ლიდერის ამაღელვებელი ისტორია

0

“მანჩესტერ იუნაიტედის” ლიდერმა ბრუნუ ფერნანდეშმა The Players Tribuna-სთან გაიხსენა ისტორიები ბავშვობაზე, ხასიათზე, მანჩესტერის სიყვარულზე…

“ჩემი ძმით უნდა დავიწყოთ, სხვანაირად არ გამოვა. ის ჩემზე 5 წლით უფროსია და კიდევ უარესი ისაა, რომ „ბარსელონას“ ფანია. ორივეს საერთო ოთახი გვქონდა და სანამ პატარები ვიყავით, პრობლემები არ გვქონია, მაგრამ როდესაც მას გადრატეხის ასაკი დაეწყო და უკვე მეგობრების შინ მოწვევა დაიწყო, მე იმ ოთახში ზედმეტი ვიყავი და მართალია, მთელ სახლში დავრბოდი, მაგრამ ჩვენს ოთახსაც ხშირად ვაკითხავდი, და გამუდმებით გაისმოდა – ბრუნუ, გადი ქუჩაში და იქ ითამაშე! მეც რაღა უნდა მექნა, მივდიოდი პარკში, თანატოლებთან და ოდნავ უფროსებთან ვიწყებდი თამაშს და შინ დაბრუნება მავიწყდებოდა.

ამ საუკენის დასაწყისში, როდესაც პორტუგალიას დიდი ფეხბურთელების ე.წ. ოქროს თაობა ჰყავდა, მთელი ქვეყანა ფეხბურთით ცხოვრობდა, თან ეს იყო ახალგაზრდა კრიშტიანო რონალდოსა და მესის პერიოდი, ხოლო ყველას კუმირი განუმეორებელი რონალდინიო გახლდათ. მიდიოდა გაუთავებელი კამათი იმის შესახებ თუ ვინ იყო ყველაზე მაგარი, ვინ თამაშობდა უფრო ლამაზად, ვინ მოიგებდა „ოქროს ბურთს“ და ა. შ.

მე სულ კრიშტიანო რონალდო ვიყავი. ჩემი ძმა კი  – მესი. ერთხელაც, საშობაოდ მე და ჩემი ძმა შვეიცარიაში, სადაც მამა მუშაობდა, გავემგზავრეთ. მაშინ ინტერნეტი ასე განვითარებული არ იყო, რომ რასაც გინდა გამოიწერდი. თანაც რომელიმე საზღვარგარეთული კლუბის მაისურის შოვნაც ძნელი იყო, ან თუ სადმე წააწყდებოდი, ძალიან ძვირი ღირდა.  მამამ „ნაიკის“ მაღაზიაში წაგვიყვანა და ნება მოგვცა, რომელი კლუბის ფორმაც გვინდოდა, ის აგვეღო. ჩემმა ძმამ, რათქმა უნდა, „ბარსას“, თანაც ყვითელი ფორმა აირჩია, მე კი მაშინვე მქონდა მაღალი დონის გემოვნება – „მანჩესტერ იუნაიტედისა“. ის მაისური ახლაც მახსოვს, ცისფერი, თეთრი ზოლით და პატარა ზომის წითელი ხაზით. „მანჩესტერი“, რაღა თქმა უნდა, კრიშტიანო რონალდოს გამო მომწონდა.

მასწავლებლები ხშირად მარიგებდნენ ჭკუას, მეუბნებოდნენ, რომ დიდ ფეხბურთში წარმოუდგენელი კონკურენციაა, ამიტომ გიჯობს სწავლას სერიოზულად მოეკიდოო და მაშინ ჯიუტად გულში ვიმეორებდი, რომ კიდევ მეტი მონდომებით მევარჯიშა.

პორტუგალიაში კრიტიკა მიღებულია, ამაზე მტრად არავინ მოგეკიდება. სახლში მისულს თითქმის ყოველი მატჩის შემდეგ ყველასგან მესმის, რომ დღეს უნდა გამეტანა, რომ დროულად პასი არ მივეცი და ა.შ. ეგ კი არა ჩემო პატარა გოგო მატილდაც, რომელიც სულ 3 წლისაა, არ მაკლებს შენიშვნებს. ოღონდ, სხვა ტიპისას. მე და დედამისი ხშირად ვუთითებდით, რომ თავისი სათამაშოები მიელაგებინა, ის კი იმის ნიშნად, რომ ვითომ არ ესმოდა, ყურებზე ხელებს იფარებდა. ჰოდა, გოლების აღნიშვნა მეც ყურებზე ხელების აფარებით დავიწყე, რაც მატილდას ძალიან მოეწონა და თუ ისე მოხდა, რომ ამის გაკეთება დამავიწყდა, ან ამგვარად კადრში ვერ მოხვდა ანაც მატილდამ ვერ დაინახა, სახლში მისულს მისგან „მაგრად მხვდება“ ხოლმე.

აი, ასეთი ცხოვრება მაქვს.

კრიტიკული იყო ჩემს მიმართ მამაც. მას არასოდეს არ აინტერესებდა რამდენი გოლი გავიტანე ან რამდენი კარგი პასი მივეცი. მისი ყურადღება მხოლოდ იმისკენ იყო მიმართული, რამდენი შეცდომა დავუშვი, რათა მსგავსი აღარ მომსვლოდა.

ერთხელ 15-წლამდელები „პორტუს“ თანატოლებს, ძალიან ძლიერ გუნდს  ვეთამაშეთ. დაცვაში ვიდექი, 0:1 წავაგეთ მხოლოდ. მატჩის შემდეგ ყველა მაქებდა, თვით მოწინააღმდეგე გუნდი მწვრთნელი მოვიდა ჩემთან და გამოაცხადა, რომ ეს ბიჭი ნამდვილი ფეხბურთელი გახდებაო. მამაჩემმა კი მითხრა, რომ ჩაწოდებისას, რის შემდეგ მეტოქემ ის ერთადერთი გოლი გაგვიტანა, მე არასწორი პოზიცია მეკავა და დროულად რომ წამეკითხა დიაგონალური ჩაწოდების ტრაექტორია, ბურთს არ გავუშვებდით. არადა, მე იმ ეპიზოდში სულ სხვაგან ვიდექი, მაგრამ რომ დავუფიქრდი, მამაჩემი მე კი არ მადანაშაულებდა, არამედ მიბიძგებდა, შემძლებოდა წინასწარ განმესაზღვრა ამა თუ იმ კომბინაციის შესაძლო განვითარება და ამის მიხედვით მემოქმედა.

დაახლოებით ასეთივე დამოკიდებულება ჰქონდა ჩემს მიმართ ოჯახის თითოეულ  წევრს და ახლო ნათესავებს. ისინი ამ გზით მაწრთობდნენ და რომ არა მათი ამგვარი დამოკიდებულება, დღეს რაც ვარ, ის ნამდვილად ვერ ვიქნებოდი. იყო მომენტები, როდესაც უიმედობა შემეპარებოდა ხოლმე გულში, მაგრამ მაშინ ყველა ჩემიანი შემიძახებდა, რომ ნუ ვიდედლებდი  და უარს ნუ ვიტყოდი ჩემი დიდი ოცნების ახდენაზე.

და მეც ჯიუტად და მონდომებით მივყვებოდი ჩემს მიერ არჩეულ გზას და ერთ მშვენიერ დღეს თითქოს რაღაც დაუჯერებელი მოხდა.

2017 წლის 28 აგვისტო. ეს დღე არასოდეს მავიწყდება.

პორტუგალიის ნაკრებში მიხმეს მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევის  ფარერების ნაკრებთან მატჩის წინ. ითამაშო შენი ქვეყნის ეროვნულ ნაკრებში, ეს ხომ უდიდესი პატივია. შევედი გასახდელში, ახლა  პორტუგალიის საუკეთესო ფეხბურთელებს შორის მეც ვარ, ვხედავ იმ კრიშტიანო რონალდოს, რომელთანაც ერთად მეც ცხარე ცრემლებით ვიტირე 13 წლის წინათ, როდესაც ევროპის ჩემპიონატის ფინალში საბერძნეთის ნაკრებთან დავმარცხდით და საშინლად ვნერვიულობ.

ნელ-ნელა ეს ნერვიულობა გადის და პასუხისმგებლობის გრძნობა მაწვება მხრებზე, მაგრამ არ მთრგუნავს, პირიქით აღმაფრთოვანებს იმის განცდა, რომ მეც, ბრუნუ ფერნანდეში ჩემი ქვეყნის საუკეთესო ფეხბურთელებთან და ბავშვობის კერპ კრიშტიანო რონალდოსთან ერთად პორტუგალიის ნაკრების ღირსებას ვიცავ.

მეორე დიდი მიღწევა გახლდათ „მანჩესტერ იუნაიტედთან“ კონტრაქტის გაფორმება. როდესაც ეს ამბავი ჩემმა აგენტმა მაცნობა და დავიჯერე, რომ  რეალობა იყო, პირველად შვეიცარიაში ნაყიდი „მანიუს“ მაისურის არჩევა გამახსენდა.

არადა, იმ დღიდან ამ მომენტამდე, რამდენი წვალება და ვაება გადამხდა. როდესაც ეს ამბავი ჩემს მეუღლეს და ნამცეცა მატილდას ვამცნე, მთელი ხმით ავტირდი. მდიოდა სიხარულის, ბედნიერებისა და მოგონებათა ცრემლები. გამახსენდა, როდესაც შეყვარებულები ვიყავით, ჩემს ახლა უკვე ცოლს, იტალიიდან დავურეკე და ვუთხარი, რომ ფეხბურთს თავს ვანებებდი და სახლში ვბრუნდებოდი, მან როგორი თანაგრძნობით და სიყვარულით  გადამარწმუნა, რომ ჩემი ოცნების ახდენაზე უარი არ მეთქვა.

მერე ძმას დავურეკე, გავიხსენეთ ჩვენი ბავშვური კამათი, რომელიც მუდმივად ფეხბურთს ეხებოდა და ახლა ერთად ავტირდით. რა თქმა უნდა, მამასაც ვახარე ეს ამბავი. კაცს, რომელსაც ყველაზე დიდი წვლილი მიუძღვის ჩემს ფეხბურთელად ჩამოყალიბებაში, ვინც დიდი ხნით დატოვა ოჯახი, საზღვარგარეთ წავიდა, რათა ჩვენ გაჭირვება არ გვეგრძნო და უზრუნველად გვეცხოვრა.

თქვენ წარმოიდგინეთ, სიტყვა არ უთქვამს, უხმოდ ატირდა და ეს პირველი შემთხვევა იყო, როდესაც შენიშვნა არ დასცდენია. აღარაფერს ვამბობ დედაჩემსა და ჩემს უმცროს დაიკოზე, რომლებიც ისმენდნენ მამაჩემთან ამ საუბარს და ბედნიერების ცრემლებს აღვარღვარებდნენ.

ახლა, როდესაც „მანჩესტერში“ ვთამაშობ, მამაჩემი თავის შენიშვნებს ოდნავ აგვიანებს ხოლმე. მხოლოდ 24 საათის შემდეგ მომწერს თავის კრიტიკულ შეხედულებას ჩემს თამაშზე. ამ მხრივ მისი გამოსწორების იმედი ნამდვილად არ მაქვს. ერთი კი ვიცი. აი, პორტუგალიის ნაკრებთან ერთად მსოფლიოს ჩემპიონატს თუ მოვიგებ და გატანილ გოლს ყურებზე მიდებული ხელებით აღვნიშნავ, მამაჩემის კრიტიკას ნამდვილად გადავურჩები… ოღონდ მხოლოდ 48 საათით.

სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო