11 X 11
სპორტული პორტალი

ინკი, El Comendante, Conquistador – მთიელი, რომელმაც გერმანული ფეხბურთი დაიპყრო

0

ცნობილი კონკისტადორის, ინკების იმპერიის დამპყრობელის და პერუს დედაქალაქის დამაარსებელის ფრანსისკო პისაროს  მოგვარე, კლაუდიო პისარო სწორედ ლიმაში დაიბადა და ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პერუელი ადამიანი გახდა.

კლაუდიოს ბუნდესლიგაში უცხოელებიდან ყველაზე მეტი მატჩი აქვს ჩატარებული, ყველაზე მეტი გოლი გატანილი. გერმანიის უმაღლესი საფეხბურთო დივიზიონის ისტორიაში ყველაზე ასაკოვანმა შეაგდო გოლი. ბუნდესლიგის ისტორიაში

ფრანსისკო პისარო წერა-კითხვის უცოდინარი ავანტურისტი გახლდათ და შეიძლება დიდად განათლებული არც კლაუდიო ყოფილიყო, რომ არა მისი მშობლების დაჟინება. მას პირობა დაადებინეს, რომ სანამ სკოლას არ დაამთავრებდა, ბურთს არ გააკარებდნენ. კლაუდიოც ჩაუჯდა წიგნებს და ბუნებრივი ნიჭის წყალობით, საშუალო სკოლის კურსი ოთხ თვეში დაძლია და ფეხბურთის თამაშიც განაახლა.

დაბადებიდანვე ჯანმრთელი, ძლიერი ბავშვი გახლდათ, მისდევდა სპორტის რამდენიმე სახეობას – კალათბურთს, ფრენბურთს, მძლეოსნობას და სხვ. მაგრამ ფეხბურთი მისთვის ყველაფერი იყო და 1996 წელს, მიიღო რა მშობლებისაგან უფლება პროფესიონალი ფეხბურთელი გამხდარყო, სახლი დატოვა და პატარა ქალაქ ჩიმბოტეს გუნდში ჩაირიცხა. შემოსავალი თითქმის არ ჰქონდა, თან ბედის ირონიით, პირველი მატჩში თავის საყვარელი ლიმას „ალიანსას“ წინააღმდეგ მოუხდა თამაში. შემდეგ გუნდში ახალი მთავარი მწვრთნელი მივიდა და კლაუდიო სათადარიგოთა სკამზე დასვა. მიუხედავად ამისა, კლაუდიო შეცვლაზე შესვლისას ახერხებდა გოლების გატანას და მისი ტალანტის შემჩნევა უკვე შეუძლებელი გახდა. ეს მამამისმაც დაინახა, შვილის პირადი აგენტობა იკისრა და იმდენი მოახერხა, რომ „ალიანსას“ მასში 60 ათასი დოლარი გადაახდევინა „დეპორტივო პესკუეროსათვის“, რომელსაც პისაროს სატრანსფერო უფლებები ეკუთვნოდა.

დედაქალაქურ გუნდში ახალგაზრდა თავდამსხმელს ენდნენ და მან თავის თანატოლ რობერტო სილვასთან ერთად მრისხანე შემტევი დუეტი შექმნა. კლაუდიოს „ალიანსაში“ „კონკისტადორი“შეარქვეს თავისი „დაუნდობლობისათვის“. მალე ეროვნულ ნაკრებშიც მიიწვიეს და იქ გოლის აღნიშვნის თავისებურებისათვის „ელ კომანდატეს“ თიკუნი მიაწებეს. და თუ ვინ იყო „ელ კომანდატე“. მგონი, ახსნა არ გვჭირდება. პისაროს ოსტატობა სწრაფად იზრდებოდა, ნაკრებშიც შეუცვლელი გახდა და აშკარა იყო, რომ პერუში მას აღარავინ დატოვებდა. ევროპული კლუბებიდან, ყველაზე მეტად „ვერდერი“ აქტიურობდა და მისმა სკაუტებმა ბრემენული კლუბის შეფები დაარწმუნეს, რომ ამ ბიჭის ხელიდან გაშვება არ იქნებოდა და 1999 წლის აგვისტოში კლაუდიო პისარო 1.7 მილიონ ევროდ „ბრემენელი მუსიკოსებს“ შეუერთდა.

მთავარმა მწვრთნელმა ტომას შააფმა 29 აგვისტოს პირველივე მატჩში „ჰერტასთან“ შეცვლაზე შეუშვა, ხოლო შემდეგ შეხვედრაში უეფას თასზე ნორვეგიულ „ბოდო გლიმტთან“ სულაც ჰეთ-ტრიკი შეასრულა. სამ დღეში კიდევ ჰეთ-ტრიკი და „ვერდერის“ ფანების კერპად იქცა.  17 ოქტომბერს კლაუდიოს პირმშო შეეძინა და მასაც კლაუდიო დაარქვეს,  რადგან მათ ოჯახში იმ დიდი ბაბუადან დაწყებული, ვინც კი ახსოვდათ, ყველა უფროს მამაკაცს კლაუდიო ერქვა.

„ვერდერში“ მისი თამაში ყველას მოსწონდა, პატიობდნენ ხოლმე უგოლო პერიოდებსაც, რადგან ისინი ხანმოკლენი იყვნენ და ამ ჩავარდნას სწრაფად ანაზღაურებდა ხოლმე. მართალია, ბუნდესლიგის ბომბარდირი ვერ გახდა, მაგრამ 2001 წელს მისი სახელის დაკავშირება პრესამ მადრიდის „რეალთან“, „ბარსელონასთან“ და „ინტერთან“ დაიწყო, მაგრამ კლაუდიომ არჩევანი „ბაიერნზე“ შეაჩერა. 2001 წლის 7 ივნისს ის „რეკორდმაისტერმა“ ჯოვანი ელბერის ახალ მეწყვილედ წარადგინა. მიუნხენურ გრანდში პისარომ 6 სეზონი გაატარა, 251 მატჩში ზუსტად 100 გოლი გაიტანა, სამჯერ ბუნდესლიგის ჩემპიონი გახდა და ამდენივეჯერ გერმანიის თასი აღმართა.

„ჩელსიში“ მისი გადასვლა უფრო იმით იყო განპირობებული, რომ დედა იტალიელი ჰყავდა და ინგლისში სამუშაო ვიზის აღებისთვის დიდი წვალება არ მოუხდებოდა. მთავარი მწვრთნელი ჟოზე მაურინიო მას ენდობოდა, პისაროც არ უცრუებდა იმედებს, მაგრამ ჟოზეს წასვლისა და აბრაამ გრანტის მისვლის შემდეგ, თანაც როდესაც „ჩელსიმ“ ნიკოლა ანელკა აიყვანა, პისარო სათადარიგოთა სკამს გაუშინაურდა, რასაც ვერ ეგუებოდა. მალე, მიროსლავ კლოზეს წასვლის შემდეგ „ვერდერს“ თავდამსხმელი სჭირდებოდა და პისაროც არენდით ბრემენში დაბრუნდა.

როგორც წესი, პისარო „ვერდერში“ კარგად თამაშობდა და იმ სეზონში 26 გოლით შეეწია გუნდს, რომლისთვისაც გარკვეული ხანი მხოლოდ ბომბარდირი კი არა, გუნდის ლიდერი და გასახდელის ყოჩიც იყო.

ყოჩობას რაც შეეხება. კლაუდიო საკმაოდ რთული ხასიათის კაცია. არავის არაფერს არ უთმობს და მუშტებზეც იყურება. გახმაურდა მისი რამდენიმე კონფლიქტი. პარტნიორებს კი არა, ერთხელ მთავარ მწვრთნელს ტომას შააფსაც ეჩხუბა. საყოველთაოდ ცნობილია მისი თაოსნობით ეკვადორში პერუს ნაკრების ფეხბურთელების მიერ მოწყობილი დროსტარება სასტუმროში ალკოჰოლისა და მეძავების თანხლებით, რისთვისაც პერუს ფეხბურთის ფედერაციამ პისარო წლინახევრით მოკვეთა ნაკრებიდან. კლაუდიო თავს დამნაშავედ არ თვლიდა და სამოქალაქო სასამართლოს მიმართა, რამაც ფიფას გაღიზიანება გამოიწვია და მას სამუდამო დისკვალიფიკაციით დაემუქრნენ. პიზარო ვერც ამან შეაჩერა და 2008 წელს სამოქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება – სამთვიანი დისკვალიფიკაცია და 10 ათასი დოლარი, ზედა ინსტანციაში გაასაჩივრა და შემდეგ წელს  საქმე მოიგო, რითაც ძალიან ამაყობდა, რომ თავისი სიმართლე დაამტკიცა.

კიდევ ერთი პიკანტური ინციდენტი ის გახლდათ, რომ პისარო საფეხბურთო აგენტობაში დაადანაშაულეს. მოგეხსენებათ, მოქმედ ფეხბურთელებს ასეთი საქმიანობა ეკრძალებათ და კლაუდიომ, როგორც ჩვევია, თავისი უდანაშაულობა დაამტკიცა. რამდენად უდანაშაულო გახლდათ, ეს სხვა საკითხია, უბრალოდ დოკუმენტურად ვერ დაუმტკიცეს კანონდარღვევა.

ამჟამად კლაუდიო ხან მშობლიურ ლიმაში ცხოვრობს მეუღლე კარლასთან და სამ შვილთან ერთად, ხანაც ბებერ კონტინენტზე გადმოინაცვლებს ხოლმე მიუნხენში, რომელიც მეორე მშობლიურ ქალაქად მიაჩნია.

სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო