11 X 11
სპორტული პორტალი

ცოტნე ავსაჯანიშვილის ბლოგი – “დინამანაზო”

0

გაგიკვირდებათ და ისეთი დროც მდგარა ფეხბურთში ბრაზილიას რომ სერიოზულად არ უყურებდნენ. მაშინ იტალია უკვე ორგზის მსოფლიო ჩემპიონობით იწონებდა თავს, ურუგვაი სამხრეთ ამერიკის ყველაზე წარმატეებული გუნდი გახლდათ, ხოლო ჩემპიონთა თასის მსგავსი ტურნირი არც კი არსებობდა, ამიტომ ვერც იმას იტყოდა ვინმე რეალი ევროპაში ყველაზე მაგარი გუნდიაო.

არაფერია ბრაზილიის ნაკრების მაშინდელ რეპუტაციაში გასაოცარი, რადგან აღიარება ტიტულებს ნიშნავს. ტიტულების გარეშე არავინ დაგიმახსოვრებს ისე, როგორც კრუიფი ახსოვთ იმათაც კი, ვისაც კრუიფის არათუ თამაში მწვრთვნელობაც კი არ უნახავს.

იმ ბრაზილიას ჯერ არაფერი ჰქონდა ისეთი, რითიც საპატიო კარადას ამოავსებდა. არა, ტექნიკა და ტალანტი გუნდს კოჭებში ეტყობა… ალბათ მაშინაც საოცრად ლამაზად ათამაშებდნენ კედლებს, აკეთებდნენ ფაველაში ნასწავლ ფინტებს და ყოველი მოძრაობის შემდეგ სულელებივითაც იცინოდნენ. უტიტულო ბრაზილიაშიც იპრანჭებოდნენ გაწეწილი, ველური და სხარტი მულატი ბიჭები. ზიზინიო აგორავებდა საოცრად მოხდენილად. ესთეტიკას არასდროს უწერია უყურადღებობა და არც ზიზინიოს ჰქონდა იმის თქმის საბაბი, რომ მაგრად ვთამაშობ და უტიტულობის გამო არავინ მაქებსო.

ახლა სულაც შვიდ ბურთს რომ უშვებენ, მაინც იმას გაიძახიან ჩვენ ხუთჯერ მოვიგეთო. რთულია „პენტაკამპეონელებს“ რაიმე არგუმენტი დაუპირისპირო, მაგრამ…

ამბობენ, ურუგვაისთან მარაკანაზე წაგებულ ფინალს ბრაზილიელთა ფსიქიკამ ვერაფერი დაუპირისპირა და ათასობით ადამიანმა იქვე, სტადიონზევე დაამთავრა სიცოცხლეო. ვინც ეგ ვერ გაბედა, გული მაინც შეუწუხდაო, თანაც არა ისე უბრალოდდა უწყინრად, როგორც ჩვენ გვიწუხდება ხოლმე ჯარისკაცის მამის ნახვისას, ყოველი წლის ცხრა მაისს.

იმასაც ამბობენ, ლეგენდები სუიციდზე გამოგონილიაო და რაღა დაგიმალოთ მეც მჯერა, რომ ათასობით ბრაზილიელს თავი არ მოუკლავს. მაგრამ იმისიც მჯერა, რომ როცა ლეგენდაში ამბობენ ათასს, ამ ათასიანი ლეგენდის საწინდარი მინიმუმ ერთი სიმართლეა. ის სიმართლე, რომ ვინმე ჟორჟემ, ანდაც ასისმა, ანდაც ლუიშმა საყვარელი გუნდის ტრაგიკული მარცხი პირადი ტრაგედიისგან ვერ გამიჯნა და სუნთქვა 1950 წლის მსოფლიოს ჩემპიონატთან ერთად დაასრულა.

მაგარს აფრენდა ეგ ხალხი. თუ ბრაზილიელებს მაშინ ისეთი მაგარი გუნდი არ ჰყავდათ, როგორიც თუნდაც 2002 წლის მუნდიალზე, რატომ განიცდიდნენ ამ მარცხს ისე, როგორც ეროვნულ ტრაგედიას?!

იმიტომ, რომ პრეტენზიის ქონის უფლება ჰქონოდათ! სიყვარულს და ნერვებს გასცემდნენ, რათა ოდესმე ფეხბურთელი არ მოტრიალებულიყო და ეთქვა, რომ მისი გაკრიტიკების მორალური უფლება არ ჰქონდათ. რომ ნანატრი მსოფლიოს ჩემპიონობა, მხოლოდ საფეხბურთო ქვეყნებში და ფეხბურთის სიყვარულით მოდის.

ამიტომაც, ბრაზილიელი ფანების უზომო სიყვარულის, გამარჯვებისას გამოხატული სიხარულის და მარცხისას გამოთქმული თანაგრძნობის სწორი სინთეზის წყალობით იმოგზაურა ხუთმა მსოფლიოს თასმა ქრისტეს ქანდაკებამდე.

1950 წლის მოვლენებს, „მარაკანაზოს“ ეძახიან. „მარაკანაზოა“ ილუსტრაცია იმისა, თუ რაოდენ ღრმა, ემოციური და მტკივნეულია ფეხბურთის და ადამიანის თანაცხოვრება. „მარაკანაზო“ გამოხატავს კონტურს, თუ როგორია საგულშემატკივროდ განწყობილი მასა, რომელიც გამარჯვებას იმსახურებს და რომლისთვისაც გამარჯვება ყველაფერზე მნიშვნელოვანია.

ახლა გეკითხებით… აი იმათ გეკითხებით, ჩვენი ტრაგედია რომ კარგი საღლიცინო მასალა გგონიათ და თან ბედნიერები რომ გაიძახით რა აზრი აქვს ნერვიულობას, საქართველოა, ბოლო-ბოლო მაინც წააგებდაო. კიდევ იმათ გეკითხებით, ჩემზე მეტად რომ ხართ „გაბრაზებულები“ და ყოველი წარუმატებელი მატჩის შემდგომ ის ფაქტი რომ გაწუხებთ თურმე ფეხბურთი რომ ბევრი ფულით ფინანსდება…

გამარჯვებას რომ ითხოვთ, საკმარისად გტკივათ ხოლმე?!

არამგონია. დამარცხებულ გულშემატკივარს სიცილის და ღადაობის თავი არ აქვს. და არც იმას ამბობს, მაინც წააგებდნენო… ნაღდი ფანი წაგებას არასდროს ელოდება და ვერც ეგრე მარტივად ეგუება.

ან დამარცხების მერე იმას რომ გაიძახით ფეხბურთს ნუღარ ვაფინანსებთო… თქვენ შედეგი გინდათ თუ ფეხბურთის სრული განადგურება?!

ისე იმდენი ფული, რამდენიც თქვენი ფანტაზიების მიხედვით ფეხბურთს ხმარდება, არათუ ფეხბურთში, მთლიანად ქართულ სპორტში ან არის, ან არა.

მოკლედ, ვისაც ნაკრების ოცდაათწლიან ისტორიაში სრულად ორი თამაში არ გინახავთ და თვლით, რომ გუშნდელი მარცხით თქვენს ცხოვრებას ახალი, მოუშუშებელი ტრაგედია არ დაემატა, გაჩუმდით მაინც რა. ფანებს ნერვები გვეშლება. თქვენ არ გაქვთ მორალური უფლება, ბიჭები გააკრიტიკოთ და ქართულ ფეხბურთზე ილაპარაკოთ.

ნაკრები ჩვენთან, ფანებთან არის ანგარიშვალდებული. თქვენთან არა.

ჰოდა გუშინ ჩვენი „მარაკანაზო“ იყო. უფრო სწორად „დინამანაზო“ და საერთოდ არ გვეცინება.

სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო