11 X 11
სპორტული პორტალი

მოედნიდან ლაჩრებივით არ გამოვალთ – საქართველოს ჩემპიონი ისტორიის გასაგრძელებლად ემზადება

0

დღეს, 19 ნოემბერს, თბილისის დროით 17:00 საათზე, რუმინეთის ქალაქ კლუჟ-ნაპოკაში ქალთა ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ჩემპიონი “ლანჩხუთი” ადგილობრივ “კლუჟს” დაუპირისპირდება.

გურულმა გოგონებმა პირველ ეტაპზე ყაზახეთის ჩემპიონს, ხატია ჭყონიას დუბლით დამატებით დროში სძლიეს, წინ კი უფრო რთული მეტოქე ელოდებათ. “კლუჟი” რუმინეთის ქალთა ჩემპიონატის შექმნიდან ქვეყნის ერთადერთი ჩემპიონია და ტიტულს ზედიზედ 10 წელია არავის უთმობს. რუმინეთის ქალ ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები ფიფას რეიტინგში 44-ე გახლავთ (ჩვენი გუნდი 115-ე), ეროვნულ ნაკრებში კი ძირითადად “კლუჟის” ფეხბურთელები თამაშობენ. წელს ჩემპიონატში გამართული 9 მატჩიდან ყველა მოიგეს, 40 გოლი გაიტანეს და მხოლოდ 4 გაუშვეს. ალბათ, წარმოდგენა შეგექმნათ, რამდენად ძლიერი გუნდია.

თუმცა, ლანჩხუთელ გოგონებსა და მათ მთავარ მწვრთნელ გიორგი ჩხაიძეს მოწინააღმდეგის სიძლიერე არ აშინებთ. ჩვენ გიორგის რუმინეთში დავუკავშირდით და მატჩისწინა განწყობებზე ვესაუბრეთ.

“გუნდში ამაღლებული განწყობაა და გოგონები ბრძოლისთვის მზად არიან. ყველა ფეხბურთელი ამ შეხვედრას ელოდება. თითოეულ ჩვენგანს ესმის, რომ წინ ძალიან საპასუხიმსგებლო მატჩი გველოდება. ჩვენ უკან ჩვენი ოჯახები, ქვეყანაა, ბოლო წუთებამდე იომებენ, რათა მოედნიდან თავაწეულები გამოვიდნენ.

მეტოქე საკმაოდ ძლიერი გუნდია. რუმინეთი, როგორც კაცთა, ისე ქალთა ფეხბურთით ჩვენზე გაცილებით წინაა. მათი 2 შეხვედრა ვნახეთ, შემადგენლობაში ჰყავთ როგორც ფიზიკურად ძლიერი, ისე სწრაფი ფეხბურთელები, ფლანგის ნახევარმცველები შეტევაში მთავარ როლს ასრულებენ, სწორედ ფლანგებიდან ცდილობენ ხიფათის შექმნას, დაცვიდან შეტევაშიც კარგად გადადიან, არც შორიდან დარტყმებს ერიდებიან.

მიუხედავად ამისა, ჩვენ უკან ჩაჯდომას არ ვაპირებთ, მთავარი ბრძოლა მოედნის ცენტრში იქნება, ვეცდებით აქ წავართვათ ბურთი. საკმაოდ გამოცდილი მოთამაშეები მყავს გუნდში, დარწმუნებული ვარ, შანსები გვექნება და ისინი უნდა გამოვიყენოთ. სტანდარტული სიტუაციები კარგად გვაქვს დამუშავებული, მიმაჩნია, რომ ესეც ჩვენი ერთერთი შანსი იქნება. რასაკვირველია, ფავორიტი მასპინძელია, თუმცა თამაშის დაწყების შემდეგ ყველაფერი შეიძლება მოხდეს.

“ლანჩხუთმა” ქართული ქალთა ფეხბურის ისტორიაში პირველად მოახერხა ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის გადალახვა და ისტორია დაწერა, თუმცა შანსი გვაქვს, ისტორიას კიდევ ერთი ფურცელი დავუმატოთ. თუ ადამიანმა ერთხელ შეძლო, მეორედაც შეუძლია, ჩვენ ცდას არ დავაკლებთ, დანარჩენი კი იღბალზეა დამოკიდებული.

გოგონებს ვეუბნები, ევროპულ შეჯიბრზე საგულშემატკივრო გუნდი ქართველებს ჩვენ გარდა აღარ დარჩათ, ეროვნული ნაკრების მარცხით გამოწვეული იმედგარუების გადაფარვა ჩვენ შევძლოთ და ქართველ ხალხს გული გავუხაროთ მეთქი.

მინდა გულშემატკივრებს მხარდაჭერისათვის მადლობა გადავუხადო და ვუთხრა, რომ მათ გახარებას ისევ ვეცდებით, ვეცდებით სასურველ შედეგს კიდევ ერთხელ მივაღწიოთ და კვლავ გადავრიოთ დუნია. თუ დავმარცხდით, ნუ გაგვკიცხავთ, ჩვენ დებიუტანტები ვართ და ძალიან ძლიერ მოწინააღმდეგეს ვხვდებით. თუმცა გპირდებით, მოედნიდან ლაჩრებივით არ გამოვალთ და ბოლომდე დავიხარჯებით,”- განაცხადა ლანჩხუთელთა დამრიგებელმა.

სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო