11 X 11
სპორტული პორტალი

ის 73 წლისაა, თითქმის ვერ დადის, თუმცა კვლავ მსოფლიოს ერთერთ საუკეთეთსო ნაკრებს წვრთნის

0

ძლიერ ურუგვაის ნაკრებს მივეჩვიეთ – მსოფლიო ჩემპიონატზე პლეი ოფ-ში მუდმივად გადის, 2010 წელს კი ნახევარფინალსაც უწია. ამ ნაკრებს უფრო დიდი მიღწევებიც აქვს, ბოლოს და ბოლოს, მსოფლიოს ორ გზის ჩემპიონია (1930; 1950).

ჩავარდნაც დიდი ჰქონდათ – 1970-დან 2010 წლამდე, მსოფლიო ჩემპიონატზე, მხოლოდ ერთი შეხვედრა მოიგეს, ისიც ტაბარესის ხელმძღვანელობით, 1990-ში. 2006 წელს, ის ნაკრებში იმ ნაკრებში დაბრუნდა, სადაც 5 წელიწადში 6 მწვრთნელი შეცვალეს. ამის შემდეგ, 14 წელიწადი, ტაბარესი ურუგვაის ყოველთვის მაქსიმუმის ზღვარზე ატარებდა.

მოდით, დავიწყოთ თავიდან.

1979 წელს, მან ფეხბურთს თავი დაანება და სკოლის მასწავლებელი გახდა. მას ეს საქმე მოსწონდა, თუმცა იმდენს ვერ გამოიმუშავებდა ცოლსა და სამ შვილს ჰყოფნოდა. ერთხელაც, მან რადიოში მოისმინა, რომ პენიაროლი ბავშვთა გუნდის მწვრთნელს ეძებდა, ისეთ კაცს, ვისაც ფეხბურთი ნათამაშები ჰქონდა

“ხშირად მეუბნებოდნენ: “თუ გინდა მწვრთნელი გახდე, ფეხბურთელები შენთან კომფორტულად უნდა იყვნენ” – ამ შეხედულებას დიდ მნიშვნელობას არ ვანიჭებდი, სანამ არ შევნიშნე, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელები რჩევას საჭიროებდნენ, ერთმანეთს გამოცდილებას უზიარებენ,” – იხსენებს ტაბარესი. ბავშვებთან რამდენიმე თვე გაატარა და, 1980 წელს, ურუგვაის უმაღლესი დივიზიონის საშუალო დონის გუნდში – ბელა ვისტაში წავიდა, იმ გუნდში, რომელიც ფეხბურთელი ტაბარესისთვის ბოლო იყო.

პენიაროლში ის ფიტნესის მწვრთნელს – ხოსე ჰერერას შეხვდა, რომლის გარეშეც აღარსად უმუშავია. ბელა ვისტაში მას კოპა ლიბერტადორესზე (სამხრეთ ამერიკის ჩემპიონთა ლიგა) დებიუტი ჰქონდა, რითაც ურუგვაის ფეხბურთის ასოციაციის ყურადღება მიიქცია და 1982-ში 20 წლამდელთა პან ამერიკულ თამაშებზე (ამერიკული ოლიმპიადა) მთავარ მწვრთნელად დანიშნეს.

 

ტაბარესი ავანტიურაზე წავიდა და ვინც კი მოსწონდა, ყველა ფეხბურთელი გამოიძახა: კლუბები წინააღმდეგნი წავიდნენ, ამის გამო გაზეთებშიც საყვედურობდნენ. პირველ ვარჯიშზე იმდენი ფეხბურთელიც ვერ მოაგროვა რომ ორკარა ეთამაშა. ასეთ პირობებში, მან ურუგვაი ოქრომდე მაინც მიიყვანა, გადამწყვეტ შეხვედრაში, ახალგაზრდა დუნგას ბრაზილია 1:0 დაამარცხა.

შემდეგ იყო პენიაროლთან ერთად ჩატარებული ლიბერტადორესი და, რამდენიმე თვე, კოლუმბიური “დეპორტივო კალი”, სადაც ის დიდ ფეხბურთელს – ვალდერამას დაუმეგობრდა

“კარლოსმა დამარწმუნა, რომ საფეხბურთო ტექნოლოგია უნივერსალური არ არის და ყველა მოთამაშე ინდივიდუალურ მიდგომას საჭიროებს, მწვრთნელის ამოცანა კი მათი უნიკალური სტილის გამოვლენის მიცემის შესაძლებლობაა”

ძირითადად, პენიაროლთან წარმატებული მუშაობის გამო, ის ურუგვაის ნაკრების მთავარი მწვრთნელი გახდა. 3 წლის განმავლობაში, მან კოპა ამერიკაზე ვერცხლი (ფინალი მარადონას არგენტინასთან წააგო) მოიპოვა, 1990-ის მსოფლიოზე კი 1/8 ფინალში გავიდა, სადაც მასპინძელ იტალიასთან დამარცხდა.

1991 წელს, ის ბოკა ხუნიორსში წავიდა, სადაც არგენტინის ჩემპიონი გახდა, მაგრამ კოპა ლიბერტადორესზე წარმატებისთვის არ მიუღწევია – ნახევარფინალში, კოლო-კოლოსთან, 17 წუთის განმავლობაში, ის ფეხბურთელებთან, გულშემატკივრებთან და პოლიციასთან ხელჩართულ ჩხუბშიც ჩაერთო. ბოკამ 98 მილიონი პესოს ჯარიმა მიიღო. ოსკარი ფეხბურთელებს პრეს კონფერენციაზეც ბოლომდე იცავდა.

შემდეგი გაჩერება ევროპა იყო და კალიარი ჩაიბარა, უბრალო კლუბთან ერთადაც ღირსეულად ითამაშა, იტალიაში მე-9 ადგილი დაიკავა და მილანში გადაბრგდა, სადაც არიგო საკისა და ფაბიო კაპელოს მემკვიდრეობა/წნეხი ერგო. ურუგვაელის დანიშვნამდე, ბოლო 5 სეზონის მანძილზე, როსონერიმ ლიგა 3-ჯერ, სერია ა კი 4-ჯერ მოიგო. როგორი ფეხბურთელები ჰყავდა? – ბარეზი, კოსტაკურტა, ბობანი, სავიჩევიჩი, ვეა, ბაჯო… ვერ გაამართლა და ეს გასაკვირიც არ არის – იტალიის თასზე ჯერ ფიორესთან წააგო, იტალიის ჩემპიონატში, 11-დან მხოლოდ 4-ჯერ მოიგო. 1996 წლის შემოდგომაზე, ბერლუსკონიმ ტაბარესს ჟურნალისტების კრიტიკის იგნორირება სთხოვა, დეკემბერში კი გაათავისუფლა. როდესაც სილვიოს ჟურნალისტებმა ყოფილ მწვრთნელზე ჰკითხეს, მან ირონიულად უპასუხა: “ვისზე მესაუბრებით? სან რემოს მომღერალია ვინმე?”

ბერლუსკონის მილანში, 10 წლის მანძილზე, მანამდე მწვრთნელი არ გაეთავისუფლებინათ.

 

ტაბარესმა მომავალში ეს ჩავარდნა გაანალიზა: “მე დიდი გუნდის დასასრულში მივედი. საკი ჩემს შემდეგ მიბრუნდა, ცოტა ხნის შემდეგ კაპელოც, მაგრამ მილანის მწვერვალზე დაბრუნება მხოლოდ ანჩელოტიმ მოახერხა”

მიუხედავად ჩავარდნისა, ბილი კოსტაკურტამ ის კარგად დაახასიათა “ტაბარესი ნამდვილი ჯენტლმენი და ფეხბურთის მცოდნე კაცია. ცუდი წელი მის უნარებს არ აკნინებს. გამარჯვებების გარეშეც შეიძლება დიდებული იყო”

2006 წელს, ტაბარესი ურუგვაის ნაკრებში დაინიშნა. მან, 15 წლიდან დაწყებული, ყველა გუნდს ერთი სისტემა მოარგო და ასე ავარჯიშა. მან ატმოსფერო მალევე შექმნა (14 წლის მანძილზე, არც ერთი დიდი სკანდალი ნაკრებში), ბაზაზე ბიბლიოთეკა ააშენა, მოზარდები თეატრებში და მუზეუმებში ატარა, ინგლისურის მასწავლებლებიც კი დაუქირავა

“ფეხბურთის კაცი ვარ, მაგრამ მესმის რომ რაღაც საკითხები ამ სფეროზე მნიშვნელოვანია. სპორტმა ხელი განათლებას უნდა შეუწყოს, ეს ჩვენი ქვეყნის განვითარების გზაა,” – თქვა ტაბარესმა.

“მასწავლებელი” (ამ დროისთვის უკვე ეს მისი მეტსახელი იყო) მთელ დღეებს საწვრთნელ ბაზაზე ატარებდა, იცოდა 15 წლამდელმა რომელმა მოსწავლემ გამოტოვა გაკვეთილი და მათთან პირადად ურთიერთობდა.

“ამ ქვეყანაში სულ რაღაც 3 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. ურუგვაიში ერთი კარგი ფეხბურთელი უფრო ძვირფასია, ვიდრე არგენტინაში 10, ბრაზილიაში კი – 20”.

გარდიანის ჟურნალისტი და ფეხბურთის მემატიანე ჯონათან უილსონი წერს: “ტაბარესს ყველა ასაკის ყველა ფეხბურთელზე დოსიე აქვს”

მან ეს ხალხი არა მხოლოდ შეკრიბა, არამედ მათი მამოძრავებელი ძალაც გახდა. კავანი ხაზს მის პედაგოგიურ ნიჭს უსვამს

“მან ყველა მოთამაშის გული მოიგო. ჩვენ ერთმანეთთან ემოციურ ბმაში ვართ და ამ მეგობრულ ურთიერთობას ვაფასებთ, რომელიც მასწავლებელსა და მოსწავლეს, მწვრთნელსა და ფეხბურთელს შორის არის”

კომპლიმენტებს არც ლუის სუარესი იშურებს

“ნამდვილი კერპი. როდესაც ის ლაპარაკს იწყებს, ყველა ვჩუმდებით. ფუჭად არაფერს ამბობს, ყველაფერი მნიშვნელოვანია”

“ჩარუას ბრჭყალი  ის არის, რითაც ვამაყობთ,” – ეს დიეგო ფორმალნის სიტყვებია – სანამ სუნთქავ, უნდა იბრძოლო.

იკითხავთ, ეს ჩარუა რა არისო. ეს ინდიელი ხალხია, რომელიც თანამედროვე ურუგვაის ტერიტორიაზე ცხოვრობდა. მე-19 საუკუნეში, კონკისტადორების წინააღმდეგ ეს ხალხი გმირულად იბრძოდა, თუმცა დამარცხდა და გაანადგურეს.

“ჩარუას ბრჭყალი” ეს იდეაა, პატარა ქვეყნის იდეა, რომელიც უნდა გადარჩეს. შედარებისთვის, ურუგვაიში 3,5 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, ბრაზილიაში – 207; არგენტინაში კი – 45 მილიონი.

“შარუას ბრჭყალი” იყო 1950 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი, სადაც, მარაკანაზე, 200 000 ადამიანი მივიდა და ურუგვაიმ მოიგო.

“შარუას ბრჭყალია”, 2010 წლის ნახევარფინალში ფორლანმა ტრავმირებულმა რომ ითამაშა. თუნდაც, სუარესის მიერ, განასთან, ხელით აღებული პენალტი. შესაძლოა, კიელინის რომ სუარესმა უკბინა, ესეც “შარუას ბრჭყალი” იყოს.

“ურუგვაი მსოფლიო საფეხბურთო კულტურისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ქვეყანაა. საფეხბურთო კულტურაში ვგულისხმობ მიმართებას, როდესაც ნაკრები ქვეყნის იდენტობას გამოხატავს. წლების განმავლობაში, ურუგვაი უხეშ თამაშთან ასოცირდებოდა. ჩვენი პასუხი თაობის გაზრდაა, რომლებმაც დიდი ფეხბურთი ითამაშეს. ახალგაზრდა მოთამაშეები ევროპის ტოპ კლუბებში უნდა წავიდნენ, თუმცა როდესაც ქვეყანას დატოვებენ, არ უნდა დაავიწყდეთ, რომ ურუგვაის ტრადიციის და დიდი გუნდის ნაწილნი არიან”

2016 წელს მას ჯულიან-ბარეს სინდრომი დაუსვეს, რის გამოც გადაადგილება უჭირს. თავად ამბობს რომ ტკივილი მუდმივად არ აწუხებს, თუმცა პრობლემასაც იუმორით უდგება და ელექტრო სავარძელს ფერარის ადარებს.

2020 წელს საშინელი რამ მოხდა,  ურუგვაის ნაკრებმა ტაბარესი გაათავისუფლა. სავარაუდოდ, ეს ფორმალურად, რადგან კორონავირუსის პანდემიის დროს, ნაკრებიდან 400 თანამშრომელი (მათ შორის ტაბარესი) გაუშვეს, რათა ამ ხალხს სახელმწიფოსგან დახმარება მიეღო, რისი საშუალება ნაკრებს არ აქვს.

2018 წელს, მონტევიდეოს ხელისუფლებას ტაბარესისთვის ძეგლის დადგმა სურდა, თუმცა მან ეს იდეა მორიდებულად უარყო. მისი ფილოსოფიისთვის, ძეგლი ან 400 თანამშრომლისთვის უნდა აეგოთ, ან არავისთვის.

“ტაბარესი მხოლოდ მწვრთნელი არ არის, ის ჩვენი გიდი, მასწავლებელი და მაგალითია. ამ კაცმა მთელი ნაციის პატივისცემა მოიპოვა,” – ეს დიეგო გოდინმა თქვა.

რაღა ვთქვათ – ნამდვილი მაესტრო…

 

სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო