11 X 11
სპორტული პორტალი

აიაქსის დიდებული აკადემია – გადასახადი თვეში 1 ევრო, 98 სკაუტი, ბავშვებს ფსიქოლოგიასა და ეკონომიკას ასწავლიან…

0

საფეხბურთო კლუბ „აიაქსის“ აკადემია ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და წარმატებული საფეხბურთო სკოლაა და საინტერესო იქნება მას ახლოს გავეცნოთ.

სწორედ აკადემიაა ის, რითაც ყველაზე ცნობილი გახლავთ ამსტერდამული კლუბი. 1982 წლიდან მოყოლებული, „აიაქსს“ ჯერ მატჩი არ ჩაუტარებია, მის რიგებში მინიმუმ ერთი აკადემიის აღზრდილი არ ყოფილიყო და აგერ უკვე 1750-ზე მეტი მატჩია ეს სერია გრძელდება. ამ აკადემიას ჰოლანდიაში De Toekomst-ს ანუ ქრთულად „მომავალს“ უწოდებენ. ის ამსტერდამის განაპირას, „იოჰან კრუიფ არენას“ საიხლოვეს მდებარეობს, აქვს 12 სტანდარტული  საფეხბურთო მოედანი, სატრენაჟორო დარბაზი, დახურული მანეჟი და კვების ბლოკი. აქვე არის არის აკადემიის სტადიონი De Toekomst-ი, სადაც ახალგაზრდული გუნდები თავიანთ მატჩებს ატარებენ. ასეთი კი აკადემიაში ათზე მეტია და U 9-დან იწყებიან. ახლა სწრაფი ტემპით მიმდინარეობს აკადემიის გაფართოება. მას დაემატება 5 ახალი მოედანი და რეკონსტრუქცია გაუკეთდება სტადიონს.

„აიაქსის“ აკადემიაში მოხვედრა იოლი არ არის, იქ თავად კლუბმა უნდა მიგიწვიოს. შტატში სულ 8 სკაუტია. აქედან 4 ნიდელანდებში, 4-იც საზღვარგარეთ მუშაობს ანუ სხვადასხვა სკოლებში ჩატარებულ შეჯიბრებებს ესწრებიან და ნიჭიერ ბავშვებს ინიშნავენ. მათზე დაკვირვება შეიძლება წელიწადზე მეტხანსაც გაგრძელდეს. რა თქმა უნდა, 8 სკაუტი ბევრ ქვეყანას ვერ მოიცავს, მაგრამ აკადემიას ნებაყოფლობით ეხმარება კიდევ 90-მდე სკაუტი სხვადასხვა ქვეყნებში და აკადემიას ნიჭიერ ბავშვებზე ინფორმაციას აწვდიან. შემდეგ მათ სანახავად შტატიანი სკაუტები მიდიან და ისინი წყვეტენ მიიწვიონ თუ არა ეს ბავშვი აკადემიაში.

მიუხედავად იმისა, რომ ლამის მთელ მსოფლიოს მოიცავენ, აკადემიის პრიორიტეტი მაინც ამსტერდამია და უპირატესად ის ბავშვები აჰყავთ, რომლებიც ამსტერდამში ან დედაქალაქიდან 60 კმ-ის დაშორებით ცხოვრობენ, რათა აკადემიამდე მგზავრობაში ერთ საათზე მეტი არ დახარჯონ. მთავარი კრიტერიუმი, რითაც ბავშვებს აფასებენ, ესაა ტექნიკა, საფეხბურთო აზროვნება, სისწრაფე და მტკიცე ხასიათი. თითოეული ეს პარამეტრი 10 ქვეპარამეტრს მოიცავს და ბავშვებიც ამის მიხედვით ფასდებიან.

საწვრთნელი პროცესი 8 მთავარ ელემენტზეა კონცენტრირებული. მოედანზე კოორდინაცია, დარტყმების დამუშავება, პასების დროულობა და სიზუსტე, აუტების შემოგდება, პარტნიორისათვის გახსნა, დრიბლინგი, პოზიციური თამაში და შეტევის დასრულება. ამ თვისებების განსავითარებლად უმეტესად ორმხრივი თამაშები გამოიყენება.

აკადემიაში ძირითადად 9 წლის ასაკის ბავშვებს იღებენ, თუმცა ეს დოგმა არ არის, შესაძლებელია უფრო პატარების ან უფროსების მიღებაც. 13-18 წლის „აკადემიკოსები“ უკვე აკადემიაში არსებულ სკოლაში სწავლობენ, რადგან კვირაში მინიმუმ ხუთ დღეს ინტენსიური ვარჯიშები აქვთ, ხოლო შაბათს ან კვირას მატჩები უწევთ. საღამოობით ყველა ბავშვი აკადემიის ტრანსპორტით მიჰყავთ სახლებში, ხოლო ნაწილს სატრანსპორტო ხარჯებს უნაზღაურებენ. ერთადერთი, რასაც მშობლები იხდიან, დაზღვევის ფულია და ეს მხოლოდ 12 ევროა თვეში.

13 წლამდე ბავშვებს კვირაში მხოლოდ სამი ან ოთხი ვარჯიში აქვთ და ჩვეულებრივ სკოლებში სწავლობენ, რადგან ამ პეროდში მშობლებისაგან და ოჯახური გარემოსაგან დიდი ხნით მოშორება მიზანშეუწონლად არის მიჩნეული. აკადემიის დირექტორის იან რიკერინკის განმარტებით, ეს ბავშვები გარდა აკადემიისა, თამაშობენ თავიანთ სკოლებში, ეზოებში და ქუჩაში და ეს მათ საფეხბურთო განვითარებისათვისაც ძალიან მნიშვნელოვანია.

აკადემიას გააჩნია საკუთარი ბიბლიოთეკა, მედიასტუდია, ენების შემსწავლელი კურსები და სამეცნიერო ლაბორატორია. ბავშვებს ასწავლიან სწორ კვებას, ჰიგიენას, კუნთოვანი მოძრაობების სწორად წარმართვას, ფსიქოლოგიას, ეკონომიკის საფუძვლებს და ფინანსების მართვასაც კი. ამ საგნებს „აიაქსის“ აკადემიაში 15 დაქირავებული უმაღლესი კვალიფიკაციის პედაგოგი ასწავლის.

მწვრთნელებად ძირითადად „აიაქსის“ აკადემიის აღზრდილები მუშაობენ, თვით უმცროსი ასაკის ბავშვებთანაც კი. თითქმის აუცილებელია ფეხბურთი პროფესიულ დონეზე ჰქონდეთ ნათამაშები. სავალდებულოა ყველა გუნდი 4-3-3 ტაქტიკური სქემით თამაშობდეს და მოქმედებდნენ ერთნაირ სტილში – აქცენტი შეტევაზე, ბურთის კონტროლი და აგრესიული თავდაცვა. გუნდები 11 ფეხბურთელით უკვე 11 წლის ასკიდან თამაშობენ, მანამდე დასაშვებია 8,9 და 10 ფეხბურთელიანი შემადგენლობა. მ

ოთამაშეთა რაოდენობიდან გამომდინარე, პროპორციულად მცირდება მოედნისა და კარების ზომებიც. ამით ბავშვები თავიდანვე ეჩვევიან ზონების თუ ჩაკეტვას არა, გადაფარვას და კონტროლზე აყვანას მაინც. აკადემიის ტერიტორიაზე ვარჯიშობს „აიაქსის“ პირველი გუნდიც და ბავშვებს საშუალება აქვთ მათ წვრთნებს მიადევნონ თვალი და ხშირად პირადი კონტაქტიც ჰქონდეთ ფეხბურთელებთან.

“აიაქსის“ აკადმიაში უარი აქვთ ნათქვამი მწვრთნელთა ასაკობრივად დანაწილებაზე ანუ სისტემაზე – ერთი ასაკი, ერთი მწვრთნელი. გუნდები სამ ასაკობრივ კატეგორიად ნაწილდებიან : 7-12 წლები (დაწყებითი სკოლა), 13-16 წლები (საშუალო სკოლა) და 17-20 წლები (უფროსი სკოლა) და ნებისმიერ მწვრთნელს შეუძლია სხვადასხვა ასაკობრივ გუნდში იმუშაოს. მთავარ სამწვრთნელო შტაბში 24 სპეციალისტია, რომლებიც აკვირდებიან ყველა ასაკობრივ გუნდს, ეხმარებიან კონკრეტულ მოთამაშეს და არ ერევიან გუნდის ნომინალური მწვრთნელის ფუნქციებში და ასე ვთქვათ, „თამაშის დაყენებას“ არ ცდილობენ.

დაწყებით სკოლაში ძირითადი ყურადღება ექცევა ბურთის სწორად  მიღებას, მოძრაობის საჭირო მიმართულებით გაგრძელებას, პოზიციის შერჩევას, დარტყმის დაყენებას, თავით თამაშს და ა.შ. 13 წლიდან გადაჰყავთ სრული რეჟიმით წვრთნაზე და ძირითადი ყურადღება ექცევა ბურტთის ფლობას, კომბინაციურ აზროვნებას, გადაცემების სიზუსტესა და მოულოდნელობას, სისწრაფეს ბურთით და უბურთოთ და სხვ.

მომთხოვნელობა ძალიან მაღალ დონეზეა. ის ვინც მონდომებული არ არის, ან ვერ ასრულებს მწვრთნელის დავალებებს ან ვეღარ განიცდის პროგრესს, დაუფიქრებლად უშვებენ აკადემიიდან. თუმცა, მანამდე თითოეულ მათგანი გაფრთხილებულია, რომ გაგდების რისკის ზონაშია და საშუალება ეძლევა, მდგომარეობა გამოასწოროს. სასწავლო წლის ბოლოს მწვრთნელთა საბჭო იკრიბება, თითოეული აღსაზრდელის შეფასებას ახდენს და ბევრს რიცხავენ კიდეც.

ზედმეტი მომთხოვნელობისა და შეფასების კრიტერიუმთა სიმკაცრის გამო „აიაქსის“ აკადემია ხშირად კრიტიკის ქარ-ცეცხლში ხვდება, რადგან არცთუ იშვიათად ნამდვილ ტალანტებსაც უშვებენ ხოლმე, მაგრამ „აიაქსში“ ამას დიდ ყურადღებას არ აქცევენ, რადგან მიაჩნიათ, რომ პრინციპების ღალატი მოშლის არსებულ სისტემას, რომელიც ყოველთვის კარგ „პროდუქტს“ იძლევა.

ხელმძღვანელობა ასევე მკაცრია მწვრთნელთა მიმართაც. შრომის დისციპლინაზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია, მცირე დარღვევასაც კი შეიძლება განთავისუფლება მოჰყვეს. ამასთან, თუ რომელიმე მწვრთნელის აღსაზრდელთა პროგრესი თვალსაჩინო არ არის, მას დაუყონებლივ უშვებენ სამსახურიდან.

„აიაქსის“ სპორტული დირექტორი, წარსულში ცნობილი მეკარე ედვინ ვან დერ სარი აცხადებს, რომ კარგა ხანია მათი კლუბი გრანდებისათვის ფეხბურთელთა მიწოდების კონვეიერად იქცა, მაგრამ ამას ვეღარაფერს მოუხერხებენ, რადგან ნიდერლანდების ჩემპიონატი ფინანსურად ძლიერი ვერ არის და განხილვად მომავალშიც ვერც იქნება, ამიტომ ყოველ სამ-ოთხ წელიწადში „აიაქსს“თავისი აღსაზრდელების გაყიდვა უხდება და ამას შეგუებულნი არიან თავად და ფანებიც, რომლებიც ახალგაზრდული გუნდის ფეხბურთეებს იცნობენ და იმედი აქვთ ისინი წასულებს წარმატებულად შეცვლიან და ასეც ხდება.

„აიაქსმა“ ამ საუკუნის15 წელიწადში ნახევარ მილიარდ ევროზე მეტი გამოიმუშავა თავისი აკადემიის აღზრდილების გაყიდვიდან და ეს მართლაც წარმატებული ბიზნესია. თუმცა, ხშირად გამოითქმის თვალსაზრისი, რომ საჭიროა გარკვეული პერიოდი შეინარჩუნონ უნიჭიერესი აღსაზრდელები, შეიძინონ ერთი ან ორი ძალზე საჭირო ფეხბურთელი და შეეცადონ ჩემპიონთა ლიგის მოგებას, რაც ფინანსურად და საიმიჯოდაც მომგებიანი იქნება და ეს წარმატება უახლოეს მომავალში „აიაქსის“ აკადემიის აღსაზრდელებს კიდევ უფრო ფასეულს გახდის პირდაპირი და გადატანილი მნიშვნელობითაც.

სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო