11 X 11
სპორტული პორტალი

რომ არა ტრაგედია, ის ისტორიაში საუკეთესო მოკრივე გახდებოდა – დიდი ჩემპიონის ქრონიკები

NEW YORK - JULY 21, 1982: Salvador Sanchez looks to throw a punch against Azumah Nelson during the fight at Madison Square Garden on July 21, 1982 in New York, New York. Salvador Sanchez won the WBC featherweight title. Sanchez died in a car crash shortly after this fight. (Photo by: The Ring Magazine via Getty Images)
0

მექსიკაში სალვადორ სანჩესი, ხულიო სეზარ ჩავესთან ერთად, ისტორიაში ყველაზე დიდ მოკრივედ ითვლება. სავარაუდოდ, ის უფრო დიდიც იქნებოდა, რომ არა ტრაგიკული სიკვდილი. დავიწყოთ თავიდან.

ადრეული წლები

სალვადორ სანჩესი 1959 წლის 26 იანვარს მექსიკაში, გლეხების ოჯახში დაიბადა.

თინეიჯერობის ასაკიდან კრივის დიდი გულშემატკივარი გახდა, რის გამოც, მისმა უახლოსმა მეგობარმა, ხოსე სოსამ დარბაზში სავარჯიშოდ მიიყვანა. მალე, ელ სალვადორმა ამ სპორტში თავის თავი ნახა და სამუდამოდ დაუკავშირდა. სამოყვარულო კარიერა უკვე 13 წლისამ დაიწყო.

სამოყვარულო ტურნირებზე, 4 გამარჯვების (ზოგიერთი წყარის მიხედვით – 9) შემდეგ, სანჩესი გადაწყვეტს რომ დრო მოვიდა, რათა პროფესიონალებს შეუერთდეს. მშობლებს ეს იდეა არ მოეწონათ, მაგრამ როდესაც ნახეს, რომ ამ საქმიდან გარკვეულ შემოსავალს იღებდნენ, წინააღმდეგობა აღარ გაუწევიათ.

საკრივო კარიერის დაწყებიდან 2 წლის შემდეგ, ელ სალვადორმა სკოლა მიატოვა და თავი მხოლოდ ამ სპორტს მიუძღვნა. მექსიკაში კარგად ცნობილმა ექიმმა, ვენესუელამ ბიჭი გავლენიან კაცს – ხუან ხოსე ტორესს წარუდგინა, რომელიც ადრე ყოფილ ჩემპიონებს – ვისენტე სალდივარსა და ჩუჩო ცასტილოს ეხმარებოდა. ლანდას სანჩესი ძალიან მოეწონა და თანამშრომლობა დაიწყო.

პროფესიული კარიერა ელ სალვადორმა შთამბეჭდავად დაიწყო – მეტოქე ნოკაუტით დააგდო, თუმცა ამ ორთაბრძოლას მისი ცხვირი შეეწირა. ამ დროს, ის მხოლოდ 16 წლის იყო. დასაწყისში, სანჩესი უპირატესობას რინგზე აქტიურობას ანიჭებდა და მეტოქეების უმეტესობას ნოკაუტით უგებდა. ისეთ “ივენთებზე” გამოდიოდა, სადაც მთავარ ორთაბრძოლებს კარლოს ზარატე, ხოსე “პიპინოკუევასი ატარებდნენ… მექსიკელებისთვის მან მეტსახელი “ჩავა” მალევე დაიმსახურა.

1977 წლის სექტემბერში, მისი მე-19 შეხვედრა შედგა – მისი მეტოქე ანტონიო ბეკერა იყო. ის იმ დროს მექსიკის საუკეთესო მოკრივე იყო და ამ ქვეყნის ჩემპიონის ქამარსაც ფლობდა. ბეკერა სანჩესზე 3 წლით უფროსი იყო და ორთაბრძოლაც მის ქალაქში უნდა ჩატარებულიყო. ამის მიუხედავად, ფავორიტად ელ სალვადორი ითვლებოდა.

ორთაბრძოლა მეტად ინტენსიური გამოდგა. პირველ ნაწილში სანჩესი უკეთესი იყო, თუმცა, შემდეგ დაიღალა, ბეკერამ კი უფრო და უფრო მოუმატა. ანტონიო ბეკერამ მსაჯების გადაწყვეტილებით მოიგო, თუმცა ბევრმა ადამიანმა ჩათვალა, რომ ეს გადაწყვეტილება ქალაქმა განსაზღვრა და არა სპორტულმა ასპექტმა.

ამ ჩხუბის შემდეგ, ელ სალვადორმა ორი ორთაბრძოლა მოიგო და ამერიკაში ჩხუბის უფლებაც დაიმსახურა. მისი მეტოქე ხუან ესკობარი იყო. მეხუთე რაუნდში, ელ სალვადონი დაანოკდაუნეს. შეხვედრის დასრულებამდე 3 წუთით ადრე, სანჩესმა მეტოქეს სერიოზულად შეუტია, მის სახეზე კომბინაციები ააწყო. მსაჯების გადაწყვეტილებით, ორთაბრძოლა ფრედ დასრულდა. ხალხისთვის ეს უსამართლო იყო, წინა შემთხვევაში თუ ელ სალვადორი დაიჩაგრა, ახლა ჩათვალეს რომ გამარჯვება ესკობარს ეკუთნოდა.

რაც არ უნდა იყოს, ამ დღის შემდეგ სანჩესი სრულად გარდაიქმნა და დიდი გამარჯვებების სერია დაიწყო.

თავდაპირველად, მან ახალი მწვრთნელი, ნრიკე ჰუერტა აიყვანა, რომელმაც მისი სტილი შეცვალა.

მან წონითი კატეგორიაც შეიცვალა, ყველაზე მსუბუქიდან ერთი საფეხურით ზევით აინაცვლა. მან ზედიზედ 13 გამარჯვება მოიპოვა, იბრძოდა როგორც მექისაკაში, ასევე ამერიკაში. 1979 წელს, ჩავამ ფელიქ ტრინიდადი დაამარცხა, მომავალი ჩემპიონის, ფელიქს ‘ტიტოტრინიდადის მამა. საბოლოოდ, 2 თებერვალს, 1980 წელს, ელ სალვადორს WBC-ის ტიტულის მოგების შანსი გაუჩნდა.

მისი მეტოქე ამერიკელი დენი ლოპესი იყო, რომელსაც ეს ტიტული დაცული 4 წლის განმავლობაში ჰქონდა (8 ორთაბრძოლა). სანჩესი ამ დროს 21 წლის იყო და, ფაქტობრივად, არავინ აფასებდა. ამაზე მისი ჰონორარიც მოწმობს – სულ რაღაც, ოცი ათასი დოლარი.

ორთაბრძოლა არიზონაში შედგა. დასაწყისში, მოკრივეებმა დარტყმები გაცვალეს, მაგრამ ჩანდა, რომ სანჩესი ლოპესის ნებისმიერი შეტევისთვის მზად იყო.

მეხუთე რაუნდში, ჩემპიონის მარცხენა თვალზე ჰემატომა გაჩნდა. მალევე, იგივე მეორე თვალზეც მიიღო, მაგრამ არ შედრკა და რინგზე მეცამეტე რაუნდამდე გაძლო, მსაჯმა ორთაბრძოლა გააჩერა და სანჩესმა ტიტული მოიპოვა.

დენი ლოპესი ელ სალვადორს გვირგვინს ადგამს

ჩავამ შემდეგ რუბენ კასტოლოსთან გაიმარჯვა და რევანშზე ისევ ლოპესთან გავიდა.

ბევრი თვლიდა, რომ პირველი გამარჯვება შემთხვევითობა იყო და დენი ტიტულს დაიბრუნებდა.

ლოპესმა მართლაც შესანიშნავად დაიწყო. ის აგრესორი იყო, შეტევა უყვარდა, ელ სალვადორი კი უნივერსალი, ბალანსის მოყვარული. ჩავამ სტარტზე ბევრი დარტყმა მიიღო.

საბოლოოდ, ყველაფერი მექსიკელის უკეთესმა ფიზიკურმა ფორმამ გადაწყვიტა, დასაწყისში მიღებულ დარტყმებს ბოლოს კარგად უპასუხა და ტიტული დაიცვა.

საიდან წამოვიდა მისი ასეთი ამტანობა? ხომ გვახსოვს, კარიერის დასაწყისში ადვილად იღლებოდა…

კვირაში 6 დღის განმავლობაში, ის 5 საათზე დგებოდა და მთაში 8-10 მილს დარბოდა. მისთვის ამინდს მნიშვნელობა არ ჰქონდა. ცხელ დღეებში ვარჯიშობდა და დიეტას დიდ ყურადღებას აქცევდა.

* ელ სალვადორი მძიმეებით არ ვარჯიშობდა, რადგან ფიქრობდა, რომ წონა მას ანელებდა.

* სანჩესი მოწინააღმდეგეების ჩხუბებს არ უყურებდა, რადგან უნდოდა ეს რინგზე ეგრძნო.

” ხოსე ნაპოლესი, რუბინ ოლივარესი  და შუგარ რეი ლეონარდი ის მოკრივეები იყვნენ, ვინც ჩავას მოსწონდა.

მისი მომდევნო მეტოქე პატრიკ (პატ) ფორდი იყო. ის აქამდე დაუმარცხებელი იყო, სწრაფი ხელები და მაგარი ფიზიკური მომზადება ჰქონდა.

მესამე რაუნდში, პატმა სანჩესს ცხვირი გაუტეხა, რის გამოც, მთელი ჩხუბის განმავლობაში, მას სისხლი სდიოდა. ელ სალვადორმა ბრძოლის გარდატეხა მერვე რაუნდიდან მოახერხა. ის უფრო და უფრო მეტს დარბოდა, ურტყამდა და მეტოქე სულ დისტანციაზე ჰყავდა. მსაჯებმა გამარჯვება ჩემპიონს დაუტოვეს.

“ეს მძიმე ორთაბრძოლა იყო. ფორდს არაჩვეულებრივი სტილი აქვს. პუბლიკა ჩემგან ყოველთვის დიდ გამარჯვებას მოითხოვს, მაგრამ მოწინააღმდეგესაც გააჩნია”

1981 წელს, მას ტიტულის დაცვა პუერტო რიკოელ ხუან ლაპორტესთან მოუხდა. ლაპორტე ამ დროს ჯერ კიდევ უცნობი მებრძოლი იყო და არავინ აფასებდა.

ბრძოლა ძალიან დაძაბული გამოდგა, ელ სალვადორს ახალგაზრდა მოწინააღმდეგე კარგად დაუხვდა და მის ყველა შეტევაზე პასუხი ჰქონდა.

მეექვსე რაუნდში, ხუანს მარცხენა თვალი დაუზიანდა. შუაში, სანჩესმა კონტროლი მოიპოვა და უკვე მარჯვენა თვალში მოარტყა. მსაჯების გადწყვეტილებით, გამარჯვება ელ სალვადორს დარჩა.

მიუხედავად გამარჯვებისა, ის მოწინააღმდეგის გამოსვლით აღფრთოვანებული დარჩა, მასთან მივიდა და უთხრა, რომ ის მომავალი ჩემპიონი აუცილებლად გახდებოდა.

მისი შემდეგი მეტოქე რობერტო კასტანიონი იყო, რომელსაც ხელთ ევროპის (EBU) ეპყრა.

ეს ჩხუბი ხასიათდება ბრწყინვალე დარტყმების გაცვლით, მაგრამ მეცხრე რაუნდში, ესპანელი რინგზე წაიქცა, ადგა, თუმცა შემდეგ იმდენი დარტყმა მიიღო, რომ მსაჯმა ორთაბრძოლა გააჩერა – გამარჯვებული სანჩესია.

მთავარი შერკინება სანჩესისთვის ვილფრედო გომესთან გამოდგა. 24 წლის პურერტო რიკოელი რინგზე ბრწყინვალე იყო და ზედიზედ 23 გამარჯვება ჰქონდა.

ეს ორთაბრძოლა, რა თქმა უნდა, დონ კინგის სახელზეა. შერკინება “პატარა გიგანტების ბრძოლა” უწოდეს.

სანჩესი შეხვედრის წინ მშვიდად გამოიყურებოდა. გომესის სიტყვებს, რომ მას ნოკაუტში მატჩის სტარტზევე ვიხილავდით, ასე უპასუხა

“ფოტო ორთაბრძოლამდე გადაიღე, რადგან შემდეგ შენს თავს ვეღარ იცნობ”

და ეს აუსრულა. ძალიან დაძაბული ბრძოლის შემდეგ, ორივე თვალი დაუზიანა. გომესი ბოლომდე იბრძოდა, როგორც ჩხუბის შემდეგ გაირკვა, მან სანჩესს თვალთან მდებარე ძვალი მოტეხა. საბოლოოდ, გამარჯვება ელ სალვადორს დარჩა, მაგრამ რის ფასად, ვნახეთ…

გამარჯვებულმა 75 000 დოლარი, დამარცხებულმა კი 50 000 დოლარი მიიღო. ბევრჯერ ითქვა, რომ ამ შეხვედრას რევანში უნდა ჰქონოდა, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს არ შედგა.

კიდევ ერთი გამოსარჩევი ბრძოლა, სანჩესსა და ზუმა ნელსონს შორის შედგა. აზუმას არავინ იცნობდა, მანამდე ჩატარებული მხოლოდ 14 ორთაბრძოლა ჰქონდა.

ახალგაზრდა აფრიკელმა კარგად დაიწყო, შუა ნაწილი ელ სალვადორის იყო, შემდეგ დარტყმების გაცვლა და ყველაფერი მე-15 რაუნდში გადაწყდა – სანჩესმა ბოლოსღა მოიგო.

ამ ორთაბრძოლას ყოფილი ჩემპიონი – ული პეპი ესწრებოდა და თქვა, რომ ბედნიერია, რადგან სანჩესის ეპოქაში იცხოვრა.

ტრაგიკული სიკვდილი და მემკვიდრეობა

1982 წლის სექმტებერში, სანჩესისა და ლაპორტეს განმეორებითი შერკინება ჩაინიშნა.

11 აგვისტოს, ვარჯიშის შემდეგ, სალვადორ სანჩესი ქუერეტაროში წავიდა, სადაც ტანსაცმელს ყიდულობდა. მანამდე ის ბარში, მეგობრებთან ერთად ნახეს, სავარაუდოდ, ცოტა დალია და მისი პორშე 928-თი პიკაპს შეასკდა. ის 23 წლის ასაკში გარდაიცვალა.

მას ცოლი ტერესა და ორი ვაჟი – ქრისტიანი და ომარი დარჩა.

ელ სალვადორის დაკრძალვას 50 000 ადამიანი დაესწრო. მის საპატივსაცემოდ, მშობლიურ ქალაქ სანტიაგოში 4 დღიანი ტურნირი ტარდება. ვილფრედო გომესი მას რეგულარულად სტუმრობს. ის სანჩესის ოჯახის ხშირი სტუმარი გახდა და ჩავას საფლავზეც ყვავილებს მუდამ აგზავნის.

მისი კარიერა სულ რაღაც 9 წელს მოიცავდა, თუმცა უდიდესი მემკვიდრეობა დატოვა. ამ დროში, მან ტიტულის დაცვა 9-ჯერ მოახერხა. ხუან ლაპორტე, ვილფრედო გომესი და აზუმა ნელსონი მომავალში ჩემპიონები გახდნენ.

ელ სალვადორი მომავალში ექიმობას აპირებდა

“მინდა კრივი 1983 წელს დავტოვო და ექიმი გავხდე. კრივში ჩემს ფეხს ვეღარ ნახავთ”

1982 წელს, მას 4 ბრძოლა ჰქონდა ჩანიშნული…

 

სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო