11 X 11
სპორტული პორტალი

ნარკოტიკები მშობლების დავალებით გადაჰქონდა – ევროპის ჩემპიონატების ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელის ისტორია

0
გახსოვთ ვინ იყო ევრო 2012-ის ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი? მაშინ ჰოლანდიის ნაკრებში ითამაშა 18 წლისა და 71 დღის მცველმა იეტრო ვილემსმა. იმ ევროპის ჩემპიონატზე ნიდერლანდელებმა მაგრად ჩაისვარეს, ჯგუფში სამივე მატჩი წააგეს და გათამაშებას გამოეთიშნენ. ვილემსი ამ ყველაფრის მონაწილე გახლდათ და მისი რეკორდი დღემდე მოუხსნელია. სხვა თანაგუნდელებისაგან განსხვავებით, ვილემსზე გრანდებიდან მოთხოვნა არ ყოფილა, მხოლოდ ხუთი წლის შემდეგ იყიდა „აინტახტმა“ 4.5 მილიონ ევროდ. მოკლედ, ვარსკვლავურ ფეხბურთელად ვერ იქცა. ვილემსი ვერ მოხვდა 2014 წლის ბრაზილიის მუნდიალზეც, თორემ ბრინჯაოს მედლის გარეშე არ დარჩებოდა. მისი ბოლო კლუბი „ნიუკასლია“, სადაც არენდით ჰყავს „აინტრახტს გაშვებული. ვილემსი ჯვარედინი მყესების ტრავმის გამო მკურნალობის ხანგრძლივ კურსს გადის და „აიაქსისა“ და „ინტერის“ ყოფილ ფეხბურთელთან ენდი ვან დერ მეიდესთან საუბარში კიურასაოზე თავის მძიმე ბავშვობა გაიხსენა. იეტრომ მის მიერ გადაღებული 50-წუთიან დოკუმენტურ ფილმზეც ილაპარაკა, რომელიც ორიოდე თვის წინ კიურასაოზე გადაიღო და იქაური საპატიმროების საშინელებებზე მოუთხრო და აჩვენა მაყურებელს. თავად ვილემსი 5 დღით იქ იჯდა, რათა ცხადლივ შეეგრძნო პატიმრობის მთელი სიმძიმე. ამ ფილმით ის შეეცადა იქ არსებული უმძიმესი სიტუაციისათვის საზოგადოების ყურადღება მიეპყრო. „მე ახლა ფულიც მაქვს და შესაძლებლობებიც, ამიტომ მინდა იმ ხალხს დავეხმარო. ერთმა პატიმარმა მითხრა, რომ მასზე ეშმაკი ბატონობს და ვერ ერევა. მე კი მივუგე, რომ ეშმაკს არ უნდა დანებდეს და ეცადოს განდევნოს მისგან. აი, ესაა მთავარი“ და ამის შესახებ ვილემსმა მის თავს ბავშვობაში გადახდენილი ისტორია მოყვა, რომელიც ნარკოტიკებს უკავშირდება. ერთხელაც მისი ოჯახი შემოსავლის გარეშე დარჩენილა. მართალია, მშობლები მუშაობდნენ, მაგრამ ხარჯებს ვერ აუდიოდნენ და გადაწყვიტეს ნარკოტიკების კონტრაბანდა დაეწყოთ, მაგრამ არაფერი გამოსვლიათ. აქ იეტრო დეტალებში არ შევიდა. შემდეგ მას თავად შეუთავაზებია დედ-მამისთვის დახმარება. მათაც 9 წლის ბავშვისათვის ფეხებზე ნარკოტიკების პაკეტები შემოუკრავთ და რახან პატარებს  მებაჟეები და სპეცსამსახურები დიდ ყურადღებას არ აქცევდნენ, მიუხედავად „მსხვილფეხება“ იეტროს უცნაური გარეგნობისა, „ოპერაცია“ მაინც წარმატებულად დასრულებულა, ნიდერლანდებში ჩასულ ოჯახს ფული უშოვნია, შემდეგ სამსახურებიც და სული მოუთქვამთ. ეს ყველაფერი კი  დამთავრდა მშვიდობიანად, მაგრამ რომ ჩავვარდნილიყავით, ალბათ, ყველას ციხეში ამოგვხვდებოდა სულიო, დასძენს ვილემსი. მადლიერ მშობლებს იეტროსათვის უკითხავთ თუ რას ისურვებდა, მაგრამ მას თურმე მხოლოდ ბურთი უნდოდა და სხვა არაფერი. ასე მოხვდა 9 წლის იეტრო ვილემსი საფეხბურთო სკოლაში და როგორც თავად ამბობს, ფეხბურთმა გადაარჩინა, რომ მოლიპულ გზას არ დაადგა, რადგან მისი ძალიან ბევრი უბნელი თანატოლი ან ნარკოტიკებს ემსხვერპლნენ ან ციხეებში სხედან. ვილემსის თანამობაასე ვან დერ მეიდეც დაკავშირებული იყო ნარკოტიკებთან. არა, კონტრაბანდისტობა არც უცდია, მხოლოდ მოიხმარდა. ეს ინგლისში, „ევერტონში“ თამაშისას მომხდარა. „მწვრთნელთან ურთიერთობა არ ამეწყო, შემდეგ ნერვების დასაწყნარებლად და ხასიათზე მოსასვლელად კოკაინს გავუსინჯე გემო. შევეჩვიე და ერთ მომენტში მივხვდი, რომ თუ ლივერპულში კიდევ დავრჩებოდი, საბოლოოდ დავიღუპებოდი და სამშობლოში დავბრუნდი. ვიმკურნალე და ნორმალურ ცხოვრებას დავუბრუნდი.“ ვან დერ მეიდე ახლა ტოკ-შოუებში მონაწილეობს, იღებს სტუმრად ცნობილ ადამიანებს, მოუთხრობს მაყურებელს მათ ცხოვრებაზე, გატაცებებსა თუ პრობლემებზე. სწორედ ამიტომ იყო ვილემსთანაც. რაც შეეხება იეტრო ვილემსს, ის ტრავმის მკურნალობის ბოლო ფზაშია, „აინტრახტთან“ კონტრაქტი მომავალ ზაფხულამდე აქვს და თუ ფრანკფურტელები არ გაუგრძელებენ, იმედი აქვს ისევ რომელიმე კარგ გუნდში გააგრძელებს კარიერას. წყარო: გადაცემა Andy niet te Vermeijde
სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო