11 X 11
სპორტული პორტალი

კამერუნელი ფორვარდი “საოცრებებს” ჩადის: პროვოკაციებს აწყობს, გუნდის ვარჯიშზე “ანდერლეხტის” ფორმით მივიდა, გასახდელი მოხატა და… [VIDEO]

Antwerp's Didier Lamkel Ze reacts during the 'Croky Cup' Belgian cup final between Club Brugge KV and Royal Antwerp FC, Saturday 01 August 2020 in Brussels. BELGA PHOTO BRUNO FAHY (Photo by BRUNO FAHY/BELGA MAG/AFP via Getty Images)
0
რაებს არ ჩადის. გასულ სეზონში „ანტვერპენის“ 24 წლის ნახევარმცველი დიდიე ლამკელ ზე ლასლო ბოლონის ხელმძღვანელობით სისტემატურად თამაშობდა, მაგრამ რაც გუნდს სათავეში ივან ლეკო ჩაუდგა, სასტარტოში ადგილი დაკარგა და დუბლებში ამოყო თავი. ახლახან ლეკო სამუშაოდ ჩინეთში გაემგზავრა და გუნდი ფრანკ ვერკატურენმა ჩაიბარა. თუმცა, კამერუნელმა საბოლოოდ გადაწყვიტა ნავთსაყუდელის გამოცვლა და ამის მისაღწევად ყველაფერზე მიდის. ის ამას არც მალავს, ამბობს, რომ აბარგება ზაფხულში სურდა, მაგრამ არ გაუშვეს. მიზეზი ის არის, რომ ევროპა ლიგის მატჩის განაცხადში არ შეიყვანეს. კონტრაქტი 2023 წლამდე აქვს გაფორმებული და კლუბს მის ტრანსფერზე ფულის შოვნა უნდა. დეკემბერში ფეხბურთელის სამსახურით „პანათინაიკოსი“ დაინტერესდა, რომლის მწვრთნელი სწორედ ბოლონია. ლამკელ ზე სიხარულით დათანხმდა, მაგრამ ბელგიურმა კლუბმა დიდი თანხა მოითხოვა და ყველაფერი ჩაიშალა. ისე, ლამკელ ზესა და ბოლონის იდეალური ურთიერთობა სულაც არ ჰქონდათ, რადგან აფრიკელის დაუსრულებელი გამოხტომები აღიზიანებდა რუმინელ სპეციალისტს. 2019 წლის აპრილში დამატებით დროში ყელში ჩაარტყა „სტანდარდის“ ნახევარმცველ პოლ-ჟოზე მპოკუს და პირდაპირი წითელი ბარათით გააძევეს. მაშინ რუმინელმა დიდსულოვნად შეუნდო, ვინაიდან იქამდე გამარჯვების გოლი გაიტანა. მაშინ ერთმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს, შემდეგ კი რეგულარულ ჩემპიონატში კიდევ ორი მატჩის გამოტოვება მოუწია – გაძევებისა და ყვითელი ბარათების ლიმიტის ამოწურვისათვის. იმ სეზონში 29 მატჩში 4 გოლი და 4 საგოლე გადაცემა მიითვალა და ჩათვალა, რომ სათანადოდ არ აფასებდნენ. ხელფასის მომატება მოითხოვა, ვარჯიშებზე აღარ მიდიოდა და ჭკუის სასწავლებლად დუბლებში უკრეს თავი. „ყველაფერი მასზეა დამოკიდებული, კლუბი დიდხანს უთმობდა, მაგრამ ამას დიდიესგან შემხვედრი ნაბიჯები არ მოჰყვა“, – ამბობდა მწვრთნელის ასისტენტი ვიმ დე დეკერი. „სენტ ტრუიდენთან“ მატჩში დააბრუნეს და პენალტიც გამოიმუშავა. „შესანიშნავი გარემარბია, ორივე ფეხით თამაშობს, დრიბლინგი ეხერხება, დაცვას ეხმარება, რასაც მოისურვებს, ყველაფერი შეუძლია გააკეთოს, მაგრამ კონცენტრაცია აკლია“, – ასე ახასიათებს ანალიტიკოსი არნარ ვიდარსონი. ეგონათ გამოსწორდა, მაგრამ „ალკმაართან“ ევროპა ლიგის მატჩში გამარჯვების გოლის ზეემოციურად აღნიშვნის გამო მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და გააძევეს. შემდეგ ვარჯიშზე მეკარე სინან ბოლატს ეჩხუბა და „ზულტე-ვარეგემთან“ შეხვედრის განაცხადში არ შეიყვანეს. „მას ჭკუის გარდა აბსოლუტურად ყველაფერი აქვს“, – განაცხადა შოუ Extra Time-ს ეთერში სპორტულმა ჟურნალისტმა პეტერ ვანდენმიმტმა. მერე „სერკლ ბრიუგესთან“ დუბლი შეასრულა, აპლოდისმენტებიც დაიმსახურა და 2019 წლის ოქტომბრიდან გაუმჯობესებული კონტრაქტიც. გახარებულმა „კორტრიკს“ გოლი გაუტანა და აღნიშვნისას ყვითელი ბარათი მიიღო – ქვედა მაისურა გამოაჩინა, რომელზეც ეწერა: „ლამკელ ზე დაწყნარდა“. იგივე გაიმეორა „გენკთან“, ოღონდ მაშინ ქვედა მაისურაზე სხვა წარწერა ჰქონდა: „ახლა თქვენ სულ სხვა დიდიეს იხილავთ“. გგონიათ დაწყნარდა? როგორ გეკადრებათ – „ბრიუგესთან“ თამაშისას მინოლეს ავტოგოლის შემდეგ მეტოქე გუნდის გულშემატკივართა ტრიბუნასთან მიირბინა და ყურებზე ხელების მიდებით გამოაჯავრა. მეხუთე ყვითელი ბარათი და დისკვალიფიკაციაც აიკიდა. დაბრუნდა „ვაასლანდ-ბევერენთან“ დუბლით, გამაშებიდან წარწერა გამოაძრო, რომელზეც მისი ინიციალები ეწერა – LZ7 და ააფრიალა. მერე თქვა, რომ მხიარული ბიჭია, თუმცა ზღვარი იცის. ბოლონის ეს არ მოეწონა. „სტანდარდთან“ ბელგიის თასის მეოთხედფინალში, დამატებით დროში მოწინააღმდეგე გუნდის ფანების გამოჯავრება დაიწყო, რამაც მოედანზე შეხლა-შემოხლა გამოიწვია. „ცხოველური მანერები აქვს, უნდა მოვლენების ცენტრში იყოს, თუ ამას ვერ აღწევს, თავს ცუდად გრძნობს, განსაკუთრებული ბიჭია“, – დაწერა თავის სვეტში ვანდენმიმტმა. ზამთრის შეკრებაზე ესპანეთის პროფესიონალ ფეხბურთელთა ასოციაციის გუნდთან სპარინგისას მეტოქეს მე-10 წუთზე განზრახ მიარტყა უკნიდან კოჭებში ფეხი და გააძევეს. „ახალი წელი, ძველი ლამკელ ზე“, – ასე შეაფასა ფოლი Sporza-მ. მისი საქციელი თანაგუნდელმა უესლი ჰუდტმა დაგმო: „ეს პრობლემა სასწრაფოდ გადასაწყვეტია. ასე გაგრძელება არ შეიძლება. მსგავსი რამ ფეხბურთში, მით უმეტეს ამხანაგურ მატჩში არ უნდა ხდებოდეს“. არ ვიცი, ამ ბიჭს რა მოვუხერხოო, დაიჩივლა აღშფოთებულმა ბოლონიმ. ლამკელ ზეს თავი დამნაშავედ სულაც არ უგრძვნია და სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა: „ლამკელ ზე, ლამკელ ზე, სულ ჩემზე ლაპარაკობენ. გეგონება ციხეში ჩამსვეს! რაზე დაწერთ, როდესაც ბელგიიდან წავალ? სულ არ მაინტერესებს, რას წერთ. მთავარია გავერთო. ჩვემთვის მთავარი ფეხბურთი და იჯახია. ლომი არასოდეს არ კვდება, მე კი ლომი ვარ“. „კორტრიკთან“ ბელგიის თასის პირველი ნახევარფინალური მატჩის მეორე ტაიმის დასაწყისში „ანტვერპენმა“ თერთმეტმეტრიანი მოიპოვა, ლამკელ ზემ დარტყმის უფლება შტატიან პენალტისტებს არ მისცა, ვერ გაიტანა და გამოცვალეს. გულშემატკივრებმა კი ობსტრუქცია მოუწყვეს. „ყველაფერი თავად ნახეთ, მასზე ვბრაზდები, მაგრამ კიდევ უფრო ვბრაზდები მბოკანისა და რაფაელოვზე, რომლებმაც დარტყმის უფლება მისცეს. არ ვიცი, ამ ბიჭს რა მოვუხერხო“, – უკვე მერამდენედ დაიჩივლა ბოლონიმ. შეხვედრის შემდეგ კი ფეხბურთელმა დაწერა: “სულ ვკითხულობ და მესმის: ლამკელ ზე, ლამკელ ზე… თითქოს ციხეში ჩამსვეს. რაზე დაწერთ, როცა ბელგიიდან წავალ? მკიდია, რასაც ჩემზე ამბობენ, მთავარი გართობაა. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ოჯახი და ფეხბურთია. ლომი არასდროს კვდება, მე კი ლომი ვარ.” ბელგიის თასის ნახევარფინალში “ანტვერპენმა” კორტრეიკის” წინააღმდეგ პენალტი მეორე ტაიმის დასაწყისში მოიპოვა. ლამკელ ზემ თავი გაიგიჟა, ბურთი ხელში ჩაიგდო და პენალტის დარყმა გადაწყვიტა, მიუხედავად იმისა, რომ მოედანზე პენალტების გამოცდილი შემსრულებლები იყვნენ. თავისი გაიტანა, დაარტყა და მეკარემ აუღო. მალე მოედანი ტრიბუნების სტვენის თანხლებით დატოვა. მატჩის შემდეგ გუნდის კაპიტნმა თქვა, ლამკალ ზეს შესახებ ერთი სიტყვის თქმაც არ მინდა, მწვრთნელებს ჰკითხეთო. ბოლონიმ კი, მარტო მაგაზე კი არ ვბრაზობ,სხვებზე არანაკლებ პენალტი რომ დაარტყმევინესო. ლამკელ ზემ გუნდისა და ქომაგების წინაშე ბოდიში მოიხადა და იმედი გამოთქვა, რომ განმეორებით შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებდა და ფინალში გავიდოდნენ. Sporza-ს საიტის 37 ათასზე მეტმა მომხმარებელმა კითხვაზე პასუხი გასცა – რა მოუხერხონ ამ ფეხბურთელს? გამოკითხულთა 40%-მა მისი ზამთარშივე გაყიდვა მოითხოვა, 21%-მა დაუყოვნებლივ გუნდიდან გაგდება, 16%-მა დუბლებში გადაყვანა, 10%-მა პატიება, ხოლო 13% მხარი დაუჭირა. თებერვალში „ბრიუგესთან“ დაპირისპირების წინ სოციალურ ქსელში თავისი ფოტო გამოაქვეყნა, სადაც თავზე გვირგვინი ედგა და მეტოქეს შეურაცხყოფას აყენებდა. „ანტვერპენს“ თავის მართლება მოუწია და ოფიციალურ განცხადებაში აღნიშნა, რომ ფეხბურთელმა ინგლისური კარგად არ იცის და შეცდომა დაუშვა. „ანტვერპენი“ „ბრიუგესთან“ დამარცხდა, ლამკელ ზემ კი უხეიროდ ითამაშა და ჟურნალისტებმა გააკრიტიკეს. ბოლონის ხელმღვანელობით გუნდმა ჩემპიონატზე მეოთხე ადგილი დაიკავა და თასის ფინალში გავიდა,მაგრამ რუმინელი სამუშაოდან მაინც დაითხოვეს. ლამკელ ზე თავის საყვარელ „ინსტაგრამზე“ მას ასეთი სიტყვებით დაემშვიდობა: „მამა მიდის. ჩემთან ერთად მუშაობა ხანდახან ადვილი არ იყო, ყველაფერი ვიცი და მინდა მადლობა გადაგიხადო და წარმატებები გისურვო“. გუნდი ლეკომ ჩაიბარა. ფეხბურთელმა ტრიხოპიგმენტაცია ( ბიო საღებავების დერმაში (კანში) შეყვანა) გაიკეთა და ერთი კვირა გაუცდა. ამის გამო დუბლებში გადაიყვანეს, თუმცა მალე უკან დააბრუნეს და „ანტვერპენთან“ ერთად თასი მოიგო. „მუსკრონთან“ თამაშისას მეტოქე გუნდის კაპიტან ალესანდრო სირანის ფეხი დაეჭიმა და ლამკელ ზე დაეხმარა. ასეთი რამ მისთვის დამახასიათებელი არ გახლავთ. ოქტომბერში „ზულტე-ვარეგემთან“ მატჩის წინ ვარჯიში გააცდინა და დისციპლინის მოყვარულმა ლეკომ თქვა, რომ 4 თვის განმავლობაში კამერუნელის საქციელით დაიღალა და განაცხადში არ შეიყვანა. ლამკელ ზეს რეაქცია? თავისი გუნდის პრინციპული მეტოქის – „ბეერსხოტის“ თამაშის საყურებლად წავიდა და რა თქმა უნდა, „ინსტაგრამზე“ დააფიქსირა, თუ სად იმყოფებოდა. დიდიემ ერთი თვე მოითმინა და შემდეგ ინტერვიუში მწვრთნელს თავს დაესხა: „ლეკო პატივს არ მცემს, თავი ვინ ჰგონია? ჩემზე შთაბეჭდილება აქ მოსვლამდე ჩამოუყალიბდა და არც უცდია უკეთ გავეცანი. დუბლებში ის კი არ მიშვებს, არამედ მე სათამაშო პრაქტიკის მისაღებად შეგნებულად მივდივარ. საქმისადმი დამოკიდებულების გამო არავის უსაყვედურია. შემხვედრ ნაბიჯს პირველი არ გადავდგამ, ვინაიდან სიამაყე გამაჩნია. ვლოცულობ, რათა დრო მალე გავიდეს და იმედია, ზამთარში ახალ გამოწვევას მივიღებ. ნახევარწლიანი იჯარა არ მაწყობს. შეიძლება 10 ან 15 გოლი გავიტანო. ბელგიაში მინდა დავრჩე. ვფიქრობ, რომ „ანდერლეხტის“, „სტანდარდისა“ და „ბეერსხოტის“ ფანებს მოვწონვარ. „ბეერსხოტი“ახლა ერთ-ერთი საუკეთესოა. თუ ღირსეული წინადადებით მომმართავენ, სრული უფლება მაქვს ამ გუნდში გადავიდე, ისევე როგორც უფლება მქონდა მათ თამაშს დავსწრებოდი“. პასუხად Antwerp Dynamite-ს ფანებმა სტადიონზე ბანერი გამოფინეს, რომ ჯანდაბას იქეთ წავიდეს. დანარჩენი უკვე იცით, „პანათინაიკოსთან“ ტრანსფერი ვერ განხორციელდა, ლეკო ჩინეთში გადაბარგდა, ლამკელ ზემ კი თავისი არ მოიშალა: გასულ კვირას გუნდის არენაზე „ანდერლეხტის“ მაისურათი მივიდა. დაცვამ არ შეუშვა, მაგრამ სათადარიგო შესასვლელიდან შეიპარა და გასახდელის კედელი წარწერით ააჭრელა: „აქ LZ იყო“. მერე „ინსტაგრამზე“ დაწერა, რომ მორიგ მატჩზე „ბეერსხოტის“ მაისურათი მივა. თუმცა, ვიდეომიმართვაში საქციელი მოინანია: „მინდა გულშემატკივრებს ბოდიში მოვუხადო, ისინი მუდამ მხარს მიჭერდნენ. ახლა მძიმე პერიოდი მაქვს. კლუბს შუძლია ჩემი იმედი ჰქონდეს. თუ ახალ მწვრთნელს დავჭირდები, მაშინვე შევეხმიანები. იმედია, მალე მოედანზე შევხვდებით“. თითქოს, ისტორია მეორდება.
სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო