11 X 11
სპორტული პორტალი

ერედივიზიონის მატჩის წინა ვარჯიშზე თანაგუნდელი შეეჯახა, მას შემდეგ ვერ მოძრაობს, ახლა კი დამოუკიდებლად ჭამა დაიწყო

0
„უტრეხტისა“ და რუმინეთის ნაკრების მცველის მიხაი ნეშუს კარიერა 2011 წლის მაისში მოულოდნელად შეწყდა, როდესაც გუნდის ვარჯიშისას ნეშუ ძლიერად შეეჯახა თანაგუნდელ ალიე სხუტს. 28 წლის რუმინელი მოცელილივით დაეცა გაზონზე, ვეღარ სუნთქავდა და სხეულს მხრებს ქვემოთ საერთოდ ვეღარ გრძნობდა. ნეშუ სასრაფოდ გადაიყვანეს კლინიკაში, სადაც კისრის მალის მოტეხილობა დაუდგინდა, რამაც ზურგის ტვინის კისრის არე დაუზიანდა, ამან კი სუნთქვის გართულება და თითქმის მთელი სხეულის დამბლა გამოიწვია. გაუკეთდა ოპერაცია, რომელიც 5 საათი მიმდინარეობდა. ოპერაციის შემდეგ კიდევ ხუთი დღე მიხაი უგონოდ იყო.ფეხბურთელი ცოცხალი კი დარჩა, მაგრამ მთლიანად პარალიზებული გახლდათ. კლინიკაში წოლის 115 დღის შემდეგ, ნეშუ სპეციალურად მისთვის დამზადებულ სავარძელში გადასვეს. იმ დღიდან მოყოლებული რეაბილიტაციის პროცესი გრძელდება. ყოველი მცირე მოძრაობაც კი, რომელსაც მიხაი სხვის დაუხმარებლად შეძლებს, დიდ მიღწევად ითვლება.და აი, ახალი წლის დღეებში მან დამოუკიდებლად მიირთვა საჭმელი. ეს სასწაული იმ ტრაგიკული შემთხვევიდან 10 წლის შემდეგ მოხდა. 37 წლის ნეშუს უკვე ნაწილობრივ შეუძლია მარჯვენა ხელის ხმარება, მაგრამ ამას არ ჯერდება და ყოველდღიურად და განუწყვეტლივ ვარჯიშობს, რათა მეტ პროგრესს მიაღწიოს.„ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ერთი და იგივე გრაფიკი მაქვს. ასე ვთქვათ, გამუდმებულ საწვრთნელ პროცესში ვიმყოფები. ეს ბოლო თვეა, დღეში ორჯერადად ვვარჯიშობ. დილით სპეციალურ ველოსიპედს ვიყენებ, რომელიც ჩემს ხელ-ფეხს ამოძრავებს. შემდეგ 15 წუთი სენსორულ ეკრანზე ვხატავ პატარა ბავშვივით – წრეებს, ხაზებს და სხვა ფიგურებს. ნასადილევს ფიზიოთერაპია მიწევს, დღეში საათნახევარი-ორი საათი. ხელებით იმ ნივთებს გადავაადგილებ, რომლებსაც ვერევი, ხოლო ფიზიოთერაპევტი ჩემს ფეხებს ხელით წინ და უკან მადგმევინებს და თან მაასჟს მიკეთებს. ორი წლის მანძილზე მქონდა ადაპტირებული ფინჯანი, რომლის ხელით აღება გარკვეული პოზიციიდან შემეძლო და იქიდან ჩემითაც ვსვამდი, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ნახევრად იყო სავსე. ახლა კი, თუ ის ძალიან მძიმე არ არის, უკან დადებაც შემიძლია. ეს დიდი წინსვლაა. ახლა ვცდილობთ, ღვთის წყალობით, მაქსიმალურად გავიმაგრო ხელი, რათა სავსე ფინჯნიდანაც შევძლო დალევა“, –  გახარებულია მიხაი ნეშუ.ალიე სხუტზე ნეშუ ნაწყენი არ არის, რადგან ეს უბედურება შემთხვევით მოხდა. მან უკვე კარგა ხანია დაასრულა კარიერა. იმ ინციდენტის შემდეგ ალიე ფსიქოლოგიური სტრესის გამო დიდხანს ვერ ახერხებდა ვარჯიშს და მხოლოდ ზაფხულის ბოლოს შეძლო „უტრეხტის“ სამოყვარულო გუნდში თამაში. 2012 წელს კი სამხრეთაფრიკულ „მამელოდი სანდაუნზში“ გადავიდა, ხოლო ბოლოს ნიდერლანდის მესამე დივიზიონის გუნდებში ირიცხებოდა და ფეხურთსაც თავი დაანება.„ალიე კარგი ბიჭია, ვუთხარი კიდეც, რომ არაფერშია დანაშავე, ეს უნებლიეთ მოხდა. მსგავსი შეჯახებები მეც და სხვებსაც ხშირად გვიხდებოდა და კიდევ მრავალჯერ მოხდება და ღმერთმა ჰქნას, ჩემსავით აღარავინ დაშავდეს“, – ამბობს მიხაი ნეშუ.
სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო