11 X 11
სპორტული პორტალი

იცით როგორ გადაიღეს “შტანგა გოლი”? ჯოტია ფეხბურთის აზრზე არ იყო, ბექჰემი სცენარმა გააგიჟა, “ბარსელონამ” კი სცენა გააფუჭა

1

კინოს ისტორიაში ფეხბურთზე არც ისე ბევრი ღირებული ფილმია. მათმა უმრავლესობამ მხოლოდ ლოკალურად მოიპოვა პოპულარობა და მაყურებელთა სიმპთია. რეალურად მასშტაბური წარმატება მხოლოდ ორს ხვდა წილად. ესენია „მწვანე ქუჩის ხულიგნები“ და „გოლი“.  მეორე ფილმი სამნაწილიანია. ვისაც ეს უკანასკნელი ნანახი არ აქვს, მაქსიმალურად მოკლედ გეტყვით მის სიუჟეტს.

პირველი: მთავარი გმირი ამერიკის სამოყვარულო ფეხბურთიდან „ნიუკასლში“ გადადის და პრემერლიგის ვარსკვლავი ხდება.

მეორე: ფილმის გმირი მადრიდის „რეალში“ გადადის, გადალახავს პირადი ხასიათის პრობლემებს და ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული ხდება.

მესამე: სიუჟეტი ჩემპიონთა ლიგიის ირგვლივაა აგებული, მაგრამ მთავარი თემა ფეხბურთი აღარ არის. აქცენტი მეგობრობასა და ტრაგედიაზეა გადატანილი.

ფილმის ფაბულა ერთმა პროდიუსერმა მოიგონა. ის ამერიკაში ცხოვრობდა, ლოთობდა და ამ ფილმის შესაქმნელად  მეგობარმა გოგონამ შეაგულიანა.

მაიკ ჯეფრისის კარიერაში მანამდე მხოლოდ ერთი ფილმი იყო. მაიკი მაშინ 36 წლის გახლდათ, ლოს ანჯელესში ცხოვრობდა, სვამდა, მაგრად სვამდა, დადიოდა ღამის კლუბებში, მშვენიერ გოგონებთან ჰქონდა სექსი და დროსაც დიდწილად მსახიობებთან ატარებდა. მოკლედ, შეძლებული კაცი იყო და ცხოვრებით ტკბებოდა. კინო იშვიათად თუ ახსენდებოდა, ანდა რაში სჭირდებოდა?

„ერთხელ ვვახშმობდი და თან ტელეფონით მსახიობ ბრიტანი მერფის ველაყბებოდი, ვისაც მაშინ ვხვდებოდი და ძალიან კარგი ურთიერთობაც გვქონდა. მკითხა, იმ მომენტში რას ვსაქმიანობდი და როდესაც ვუპასუხე, რომ არც არაფერს, შეყვირა, რომ ასე არ შეიძლება, შენ მწერლობის ნიჭი გაქვს და მისი განიავება დაუშვებელია, ეს დანაშაული იქნება. მსგავსი რამ ჩემთვის მანამდე არავის უთქვამს. ბრიტანის შემოძახილმა თითქოს გონება გამინათა“, – იხსენებს ჯეფრისი.

თავიდანვე ფეხბურთთან დაკავშირებული სცენარის გაკეთება გადაწყვიტა. ხვდებოდა და ესაუბრებოდა ცნობილ ამერიკელ სპორტულ ჟურნალისტებს, რათა მეტი შეეტყო ფეხბურთსა და ფეხბურთელების ცხოვრებაზე. 2001წლის მაისში დორტმუნდში გაემგზავრა უეფას თასის ფინალზე დასასწრებად, რომელშიც „ლივერპულმა“ 5:4 მოუგო „ალავესს“. ჯეფრისი ბავშვობიდან „ლივერპულის“ ფანი იყო და ამ შეხვედრამ მასზე იმდენად დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, რომ გადაწყვიტა, დრო დადგა საქმისთვის მოეკიდა ხელი.

„სამი დღე დაძინებას ვეღარ ვახერხებდი. გაუხდელად მეცვა „ლივერპულის“ მაისური და განუწყვეტლივ იმაზე ვფიქრობდი როგორ გადამეღო ისეთი ფილმი, რომელიც მაყურებელზეც ისეთივე ზეგავლენას მოახდენდა, როგორაც ამ ფინალმა ჩემზე იმოქმედა.

ჯეფრისმა რამდენიმე თვეში დაწერა სცენარი, თუმცა არა დეტალურად. მის დასრულებაში კოლეგები დაეხმარენ. შემდეგ კი დაიწყო სპონსორების ძიება და მათთან კონტრაქტების დადების გაჭიანურებული პროცესი.  რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ფიფამ საკმაოდ სწრაფად დაუნიშნა რანდევუ. ფიფას მაშინდელი პრეზიდენტი ზეპ ბლატერი ჯეფრისმა ფაშისტ დიქტატორს შეადარა. მას მოეჩვენა, რომ ბლატერი ძალიან ანგარიშიანი, მიმწოლი და უხეში ტიპი გახლდათ.

გაჯანჯლდა „ადიდასთან“ კონტაქტზე გასვლა. ამაში ამ კომპანიის ფრანგული და ჰოლანდიური წარმომადგენლობები დაეხმარნენ და ბოლო-ბოლო სასურველ შეთანხმებასაც მიაღწია.

ბევრად რთული გამოდგა კლუბებთან ურთიერთობა. ერთი ეგაა, რომ „ნიუკასლი“ ადვილად დაიყოლია. მაშინ ეს კლუბი პრემიერლიგის ტოპ-ექვსეულში ტრიალებდა და მისი ხელმძღვანელობა ფიქრობდა, რომ ეს ფილმი მათთვის ძალიან კარგი რეკლამა იქნებოდა. აი, რეალთან კი, რომელიც ფილმის მეორე ნაწილში ჩნდებოდა და ძირითადი მოვლენები მის ირგვლივ ვითარდებოდა, საქმე გართულდა.

ჯეფრისი წინასწარ გააფრთხილეს, რომ „რეალი“ მხოლოდ დიდ პროექტს თუ დათანხმდებოდა. ამიტომ ფილმის მეორე ნაწილის სცენარის თითქმის თავიდან გადაწერა მოუხდა. მას ურთიერთობა სამეფო კლუბის მაშინდელ გენერალურ დირექტორ ხორხე ანხელ სანჩესთან უხდებოდა, რომელმაც უთხრა, რომ მუდამ მზად უნდა ყოფილიყო, რათა შეიძლება მოულოდნელად გამოეძახებინათ ფილმის რომელიმე ეპიზოდის ან სხვა რაიმე საკითხის შესათანხმებლად.

ამის მაგალითი: ჯეფრისს ძალიან უნდოდა, რომ ფილმში დევიდ ბექჰემს მიეღო მონაწილეობა. ბექზის კი მთელი თავისუფალი დრო სარეკლამო გადაღებებსა და სხვა საკონტრაქტო ვალდებულებების შესრულებას მიჰქონდა. ერთხელაც მაიკს სანჩესმა დაურეკა და უთხრა, რომ ხვალ დღის 4 საათზე მადრიდში უნდა ყოფილიყო, რადგან სწორედ მაშინ ეცალა მცირე ხნით ბექჰემს, რათა ფილმში მონაწილეობის საკითხი განეხილათ.

„იმ წამსვე გავეშურე აეროპორტისაკენ, პირველივე რეისზე ვიყიდე ბილეთი და და შუადღისას უკვე მადრიდში ვიყავი. „რეალის“ მძღოლმა აეროპორტიდან პირდაპირ „სანტიაგო ბერნაბეუზე“ მიმიყვანა. სადღაც 4 საათის მიდამოებში ბექჰემიც მოვიდა, რომელსაც მისი მენეჯერი ტომი ბირნი ახლდა. ბექზი ყველაზე თავაზიანი სპორტსმენია, ვისაც კი ოდესმე ცხოვრებაში შევხვედრივარ. ასე 40 წუთის განმავლობაში ვისაუბრეთ ფილმის ირგვლივ, ყველაფერზე შევთანხმდით და ხელი ხელს დავკარით“.

მაიკ ჯეფრისი იმ დღესვე მოელაპარაკა ზიდანსა და რაულს. ამ მოლაპარაკებებმა იმდენად მცირე დრო წაიღო, რომ დაჯერებაც კი უჭირდა: „ორივე ფეხბურთელმა უცებ მომცა თანხმობა, ერთმანეთს ხელი მაგრად ჩამოვართვით და დავშორდით. წასვლისას ამ მსოფლიო ფეხბურთის მეგა-ვარსკვლავებმა მომაძახეს, რომ მოუთმენლად ელიან გადაღებების დაწყებას. სიმართლე გითხრათ, თავი სიზმარში მეგონა. ვფიქრობდი, აი, ახლა მაღვიძარა დარეკავს, თვალს გავახელ და ლოს ანჯელესში, ჩემს საწოლში გავიღვიძებდი“.

თავიდან „ნიუკასლის“ ნაცვლად სცენარში „ლივერპული“ იყო, მაგრამ მერსისაიდელებმა უაზრო მოთხოვნები წამოაყენეს და მათთან ურთიერთობა შეწყდა.

როგორც ზემოთ ვთქვით, 2001 წლის უეფას თასის ფინალმა ჯეფრისზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა და ამიტომ უნდოდა ფილმის მთავარი გმირი ამერიკიდან „ლივერპულში“ გადასულიყო. თავის ტექნიკურ კონსულტანტ და ასისტენტ ოლივერ სტოუნთან ერთად ჯეფრისი ახლო მეგობრის მეშვეობით  „ლივერპულის“ აღმასრულებელ დირექტორს რიკი პერის შეხვდა და ამ შეხვედრიდან გაწბილებული წამოვიდა.

პერი ამ საქმით საერთოდ არ დაინტერესდა. ვალდებულების მოხდის მიზნით მოკლე საუბრით შემოიფარგლა, მაგრამ ჯეფრისმა უთხრა, რომ სალაპარაკოდ კეიპტაუნიდან ჩავიდნენ და ამხელა გზა იმისთვის გამოიარეს, რომ მათი გუნდის შესახებ ფილმის გადაღება უნდათ, რაც „ლივერპულისათვის“ ყოველმხრივ სასარგებლო იქნება და ცოტა დრო მაინც დაეთმო, რომ ენახა მაინც რის გაკეთებას აპირებენ. მაშინ პერიმ თავისი ასისტენტი გააგზავნა ვიდეომაგნიტოფონის მოსატანად. ეს ყველაფერი კლუბის საპრესკონფერენციო დარბაზში ხდებოდა. აღმოჩნდა, რომ მაგნიტოფონის სადენები ჩამრთველებს ვერ წვდებოდა და თავად ჯეფრისს მოუხდა მავთულების გადაბმა და  დამაგრძელებლების გაკეთება, ხოლო  პერიმ ზლაზვნით როგორღაც მოახერხა მაგნიტოფონის ჩართვა. მისი ყოველი მოძრაობა იმაზე მიუთითებდა, რომ ერთი სული ჰქონდა ამერიკელები თავიდან მოეშორებინა, რადგან მიაჩნდა, რომ დროს რაღაც სისულელესათვის აკარგვინებდნენ. საბოლოოდ, პერიმ მტკიცე უარი თქვა და მაიკ ჯეფრისი და მისი ასისტენტი პირში ჩალაგამოვლებულნი გაისტუმრა.

რაღას იზამდნენ? „ნიუკასლის“ ვარიანტს მიუბრუნდნენ და ამ კლუბთან „ადიდასის“ და თავად ზეპ ბლატერის დახმარებით, მყისიერად შეძლეს თანამშრომლობაზე დათანხმება.

ბეჰჰემის, ზიდანისა და რაულის სცენა ყველაზე რთული გამოდგა. ამ ეპიზოდის გადასაღებად სამივე სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოიყვანეს

ფილმში არის სცენა, როდესაც მთავარი გმირი სანტიაგო მუნიესი ბექჰემს, ზიდანსა და რაულს ნიუკასლში, წვეულებაზე ეცნობა. ეს სცენა ფილმში სულ ორი წუთი გრძელდება, მაგრამ რეჟისორ დენი კენონს მის გადასაღებად დიდი ოფლისღვრა დასჭირდა. გადაღება ზაფხულში მიმდინარეობდა. ბექჰემი შვებულებას მანჩესტერში ატარებდა და იქიდან უნდა ჩამოსულიყო ლონდონში. ზიდანი პარიზიდან ჩამოფრინდა, ხოლო რაული მადრიდიდან. ბექჰემი იგვიანებდა და გაბრაზებული ზიდანი ნერვიულად სცემდა ბოლთას და ნახევრადხუმრობით კეთილებს უტრიალებდა დევიდს.

კენონის თქმით, „რეალის“ ვარსკვლავებს ეგონათ, რომ გადაღება სულ ერთი-ორი საათი თუ გაგრძელდებოდა და შემდეგ აეროპორტებში მათ მომლოდინე კერძო თვითმფრინავებით უკან დაბრუნდებოდნენ, მაგრამ ასე არ მოხდა. ზიდანი საერთოდ ვერ შევიდა როლში, ორ სიტყვასაც ვერ ამბობდა ხეირიანად, ხოლო რაული იმით იყო კმაყოფილი, რომ აღარაფერი ათქმევინეს თავისი დამტვრეული ინგლისურით. ეს კიდევ არაფერი. ბექემი იმან აღაშფოთა, რომ მას ხელთ სცენარის ძველი ვერსია ჰქონდა. დევიდმა იქვე დაურეკა ტომი ბირნს და ის დიდხანს არჩევდა ფილმის რეჟისორთან თუ რატომ მოხდა ასე. ბოლოს, როგორც იქნა შეთანხმდნენ ბექჰემის ფრაზაზე, რომელმაც ფილმის მთავარ გმირს ასე მიმართა: ყოჩაღ, სანტიაგო. მართლაც კარგად ითამაშე. ასე გააგრძელე და ჩემსავით წარმატებული გახდები“.

მთავარი როლის შემსრულებელი მსახიობი კუნო ბეკერი ფეხბურთის გაგებაში არ იყო და მას სპეციალურად მწვრთნელი მიუჩინეს, რომელიც თამაშს ასწავლიდა, ხოლო მსახიობმა ამ ვარჯიშებისას ორივე კოჭი იღრძო.

არადა, სანტიაგო მუნიესას(ჯოტია ცაავას) მთავარი საფეხბურთო ღირსება ფინტები გახლდათ, მაგრამ კუნო ბეკერს ფინტის გაკეთება კი არა, ბურთის ხეირიანად დარტყმაც კი არ ეხერხებოდა. მისთვის დაქირავებულმა ყოფილმა ფეხბურთელმა ენდი ანსუმ, ვინც ექვსი სეზონი „საუთენდში“ თამაშობდა, დიდი ოფლისღვრის შემდეგ მონდომებული მსახიობი როგორც იქნა ფეხბურთელს დაამსგავსა. ანსუს მასწავლებლობით კუნო ბეკერი კი დარჩა კმაყოფილი, მაგრამ ის მაინც არასაფეხბურთო და ოჯახურ სცენებშია ნამდვილად ძლიერი.

მეორე ფილმის ფინალური მატჩი ჩემპიონთა ლიგის მოგონილი ფინალია „რეალსა“ და არსენალს“ შორის, რომელსაც მადრიდელები იგებენ და ამ დიდ გამარჯვებას ზეიმობენ (სინამდვილეში კი ეს ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალია, რომელიც „არსენალმა“  მოიგო).

თავდაპირველი სასცენარო ჩანაფიქრით, ამ ჩემპიონთა ლიგის ფინალში „რეალს“ „ბარსელონა“ „სანტიაგო ბერნაბეუზე“ უნდა დაემარცხებინა, მაგრამ ფილმის გადამღებ ჯგუფს არ გაუმართლა. მეტიც, მოხდა კონფუზი, რაც იმაში გამოიხატა, რომ 2005 წლის ნოემბერში მადრიდელებმა უშანსოდ წააგეს.

მაიკ ჯეფრისი იგონებს: „მთელი გადამღები ჯგუფი სტადიონზე ვართ. ოპერატორები სხვადასხვა რაკურსით იღებენ თუ რა ხდება მოედანზე, მაგრამ რად გინდა? „რეალი“ პირწმინდად აგებს, სახიფათო მომენტებსაც კი ვერ ქმნის მეტოქის კართან.

ყველანი ვლოცულობთ, რომ იქნებ ერთი გოლი მაინც გაუტანონ „ბარსელონას“, რომელსაც შემდეგ მონტაჟის და სხვა კონოჯადოქრობით ფილმში „რეალის“ უდიდეს მოგებად ვაქცევთ, მაგრამ გაგიგონიათ? – „ბარსელონამ“ 3:0 გაიმარჯვა და რაღას ვიზამდით?  სასწრაფოდ გადავაკეთეთ სცენარი და ფილმში ფინალურ სცენად „რეალისა“ და „არსენალის“ მატჩი ვაქციეთ”.

სხვა სიახლეები
1 კომენტარი
  1. alex ამბობს

    კი მაგრამ,არც არსენალთან ორმატჩიან დუელში რომ არ გაუტანიათ გოლი?

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო